გამოცემები

ადგილობრივი თვითმმართველობა. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ქალები და უსაფრთხოება

Authors: ნინო კაკუბავა & თამუნია ჭინჭარაული, ქეთევან ბოლქვაძე, რუსუდან კერვალიშვილი (2014)

ეს პუბლიკაცია მომზადდა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის თანამშრომლობით (EPD) და სამ პოლიტიკის დოკუმენტს უყრის თავს. პოლიტიკის დოკუმენტები ემყარება კვლევას, რომელიც შესაბამისი სფეროს პროფესიონალებმა ჩაატარეს. ისინი თანამედროვე ქართული პოლიტიკის გამოწვევებს, თვითმმართველობის რეფორმას, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას შეეხება. ამჟამად, ეს თემები ცხარე დებატების საგანია.

ქეთევან ბოლქვაძის პუბლიკაცია ყურადღებას უთმობს სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემების შესწავლას და მკითხველს ამ სისტემების დახვეწისათვის რეკომენდაციებს სთავაზობს. კაკუბავასა და ჭინჭარაულის ერთობლივი ნაშრომი პოლიტიკური მონაწილეობის სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ ასპექტებს აანალიზებენ. რუსუდან კერვალიშვილის ნაშრომი მშვიდობის მშენებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში ქალთა მონაწილეობას შეეხება. ავტორი ამ მხრივ საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს მიმოიხილავს და გვთავაზობს რეკომენდაციებს პრაქტიკაში მათი უკეთ იმპლემენტაციისათვის.

საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი

Authors: ალვარო პინტო სქოლტბახი და გია ნოდია (2006)

დაახლოებით ორი ათწლეულია, საქართველო დემოკრატიული პოლიტიკური პარტიული სისტემის განვითარებას ცდილობს. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწეოდა წარმატებები და პასუხი გაეცემოდა ახალ-ახალ გამოწვევებს. მაგრამ როგორია სამომავლო პერსპექტივები? როგორია პოლიტიკური პარტიების არსებული სისტემა და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება მდგრადი დემოკრატიის მისაღწევად?
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/დიაუო) ინიციატივით „ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის კვლევითმა ჯგუფმა“ ჩაატარა ინტერაქციული კვლევა, რომელშიც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უპასუხეს კითხვებს და მონაწილეობა მიიღეს წიგნში წარმოდგენილი სურათის შემუშავებაში. კვლევაში მოცემულია მრავალმხრივი ანალიზი არსებული სიტუაციისა და მისი ისტორიული ფონი. ასევე, მომავალი განვითარებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციები. წიგნი ქართული პოლიტიკის ანგარიშგასაწევ ხედვას გვთავაზობს.

საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში: პოლიტიკური პარტიების თვალსაზრისი

Authors: NIMD, CRRC (2010)

პუბლიკაცია მოიცავს 13 ოპოზიციული პოლიტიკური პარტიის მოსაზრებას საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ. ანგარიში დაყოფილია თავებად და მოიცავს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პოზიციების ანალიზს ზოგადად, საკონსტიტუციო რეფორმაზე და ასევე ისეთი კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა: ხელისუფლების დანაწილება, ძალთა ბალანსი, სასამართლო რეფორმა, არჩევნები და პარლამენტი, კონფლიქტური რეგიონები და ტერიტორიული მოწყობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პარტიების დაფინანსება.

2010 წელს, NIMD საქართველოს წარმომადგენლობამ 8 საჯარო დებატის ორგანიზებას გაუწია მხარდაჭერა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღნიშნულ დებატებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ამავე დროს, NIMD დაინტერესებული იყო პროცესში ჩაერთო ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთაც უარი განაცხადეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან თანამშრომლობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მეცნიერებთან ერთად, NIMD-მა შეიმუშავა კითხვარი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრეს საკითხებსა და კონსტიტუციასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის’’ (CRRC) მხარდაჭერით, NIMD-მა 13 პოლიტიკური პარტია მიიწვია კვლევაში მონაწილეობის მისაღებად. პარტიების უმეტესობამ კითხვებზე პასუხი ენთუზიაზმითა და თანამშრომლობისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულებით გასცა.

ახალი მემარჯვენეები მცირე ბიზნესისათვის

Authors: პ.პ. „ახალი მემარჯვენეები“ (2011)

პუბლიკაცია ეფუძნება NIMD-ისა და პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების” თანამშრომლობის პროექტის „პ/გ ახალი მემარჯვენეების პოლიტიკის ანალიზის შესაძლებლობების გაზრდა და ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარებული სემინარებისა და განხილვების შედეგად შედგენილ პოლიტიკის დოკუმენტებს ბიზნესის, ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში და განკუთვნილია დისკუსიების, სემინარებისა და საჯარო განხილვების მონაწილეთათვის.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისა და „ახალი მემარჯვენეების“ ერთობლივი მუშაობის შედეგს. იგი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს NIMD-ის ოფიციალურ პოზიციას. NIMD არ არის პასუხისმგებელი აქ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე ან ცალკეულ მოსაზრებებზე. აღნიშნული პუბლიკაციის გამოცემით, NIMD მიზნად არ ისახავს რომელიმე კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ მხარდაჭერას.

შიდა პარტიული დემოკრატია და ადგილობრივი თვითმმართველობა

Authors: მედეა ბადაშვილი, თამარ ბაგრატია; დავით ჯიჯელავა; ირაკლი ხმალაძე (2011)

პოლიტიკის ნარკვევთა ეს კრებული, რომელიც 2011 წელს მომზადდა, შიდა პარტიული დემოკრატიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის იმ აქტუალურ საკითხებს განიხილავს, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.

ნარკვევი ქალთა პოლიტიკურ პარტიებში მონაწილეობის შესახებ, რომელიც თამარ ბაგრატიამ და მედა ბადაშვილმა მოამზადეს, მიმოიხილავს პოლიტიკური პარტიების წესდებებსა და ორგანიზებას, მათ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმებსა და გადაწყვეტილებათა მიღების წესებს გენდერული პერსპექტივით. ნაშრომი აანალიზებს ქალთა თანამონაწილეობას როგორც პარტიულ, ასევე ეროვნულ და ადგილობრივ მმართველობისა და თვითმმართველობის ინსტიტუტებში.

დავით ჯიჯელავა, ნარკვევში ახალგაზრდობისა და პოლიტიკის შესახებ განიხილავს თუ რა როლს ასრულებენ ახალგაზრდები პოლიტიკურ პარტიებში. მისი ანალიზი, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებსა და კვლევებს ეყრდნობა, საინტერესო დაკვირვებებს გვთავაზობს იმის თაობაზე თუ რა ტენდენციებია ახალგაზრდობის პოლიტიკასა და პარტიებში მონაწილეობის მხრივ. ახალგაზრდული პოლიტიკური საქმიანობა არ არის გადამწყვეტი პოლიტიკურ კარიერაში წარმატების მისაღწევად.

პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების პროგრამა

პუბლიკაცია იმ მეთოდოლოგიაზე მოგითხრობთ, რომელსაც NIMD-ის პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა იყენებს პოლიტკური პარტიების სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში.

NIMD-ის პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციული ანალიზის, ინსტიტუციონალური და ფართოდ მიღებული ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფორმირებას. პროექტის ფარგლებში, NIMD ეხმარება პოლიტიკურ პარტიებს, ტრენინგების, სემინარების, კვლევებისა და კონსულტაციების ორგანიზებით. ასევე შიდა პარტიული დიალოგის, საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებისა და ორგანიზაციული განვითარების გეგმის შემუშავებაში. NIMD-ისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები თანამშრომლობენ შიდა პარტიული დიალოგის განვითარების კუთხით, ასევე პარტიის სამომავლო გეგმების, მისიის, ორგანიზაციული სიძლიერის, სისუსტეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების საკითხებზე.

პარტიების ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერით, NIMD-ი ხელს შეუწყობს ძლიერი, მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას, რაც მრავალპარტიული დემოკრატიის საწინდარია.

დემოკრატიის სკოლები საქართველოში

Authors: NIMD (2011)

მოცემული პუბლიკაცია წარმოადგენს დემოკრატიის განათლების პროგრამის შესახებ სპეციალურად მომზადებულ საინფორმაციო ბროშურას. მასში განმარტებულია დემოკრატიის სკოლების ფუნქციონირების ამოცანები, მუშაობის მეთოდოლოგია და მოცემულია ინფორმაცია ძირითადი სასწავლო მოდულების შესახებ. ასევე, საუბარია იმ უნიკალურ შესაძლებლობებზე, რასაც ნიმდი დემოკრატიის სკოლის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს სასწავლო პროცესის პარალელურად სთავაზობს.

დემოკრატიის სკოლის პილოტური პროექტი თელავში 2011 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ხუთთვიანი პროექტის დასრულებისა და მისი შეჯამების შემდეგ, NIMD გააფართოვა პროგრამის გეოგრაფია და ახლა უკვე საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს დემოკრატიის სკოლები: ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი.

NIMD ეყრდნობა სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილ გამოცდილებას დემოკრატიის განათლების სფეროში და ადგილობრივი ექსპერტების ცოდნას, აქტიური მოქალაქეებისათვის ეფექტური საგანმანათლებლო პლატფორმის შესაქმნელად. პროგრამის მონაწილეები დაეუფლებიან დემოკრატიის ძირითად კონცეფციებს, გაიღრმავებენ ანალიტიკურ შესაძლებლობებს და დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარებს, საკუთარი იდეების რეალობაში განსახორციელებლად.

პოლიტიკის ფორმირების პროცესი საქართველოს პოლიტიკურ და არასამთავრობო სექტორში

Authors: NIMD, Geowell (2012)

პუბლიკაციაში განხილულია საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ პოლიტიკის ფორმირების პროცესი და ტრადიციები. ასევე, საუბარია იმ შესაძლებლობებსა და რესურსებზე, რომლებიც საქართველოში მოქმედ არასამთავრობო და კვლევით ინსტიტუტებში არსებობს და შეიძლება გამოყენებულ იქნას პარტიების განვითარებისათვის. ამ კვლევის ჩატარებით NIMD შეეცადა დაინტერესებული მკითხველისათვის ეჩვენებინა ის ნორმები და პროცესები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს პოლიტიკური პარტიები პოლიტიკის ფორმირებას ახდენენ.

ეს კვლევა პოლიტიკის ფორმირების რამდენიმე განზომილებას აფასებს: უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაინტერესებდა პოლიტიკის შექმნის შიდაპარტიული პროცესები და ის, თუ რამდენად ინსტიტუციონალიზებული, დემოკრატიული და ეფექტიანია ისინი და თუ ეს ასე არაა, რა წინააღმდეგობები უშლის ხელს. ეს პუბლიკაცია, ასევე, მიმოიხილავს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ქართულ არასამთავრობო, კვლევით ორგანიზაციებში არსებობს რათა დაეხმაროს პარტიებს პოლიტიკის ფორმირებაში; აქვე, ყურადღება ეთმობა იმ მეთოდებსა და რესურსებზე საუბარს, რომელთაც ქართული პოლიტიკური თუ სამოქალაქო სექტორი საზოგადოებასთან კომუნიკაციისათვის იყენებს; საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მიმართულია პარტიათა განვითარების ამ კომპონენტზე.