დემოკრატიის ლიდერი 2021

2021 წლის “დემოკრატიის ლიდერის” ჯილდოს ორი გამარჯვებული ჰყავს – ანა ბალიაშვილი და თინიკო ხანჯალიაშვილი.  Პრიზი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) 2015 წელს დააწესა, აჯილდოებს ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები გამოავლინეს დემოკრატიის ღირებულებების, ადამიანის უფლებების, თანასწორობის გაძლიერებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

ანა ბალიაშვილი – გორის დემოკრატიის სკოლის მეორე თაობის კურსდამთავრებული, პროფესიით ჟურნალისტი და განათლების სფეროს მენეჯერი, სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკოსია. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს, საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორს. აქვს ადგილობრივ თვითმმართველობაში, კერძოდ კი ქარელის მუნიციპალიტეტში მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მუშაობდა ასოციაციაში „ქალი და განვითარება“, სადაც პოლიტიკაში ქალების ჩართულობის მიმართულებით რამდენიმე პროექტში საზოგადოებასთან ურთიერთობას კურირებდა. მედიაში მუშაობის გამოცდილება ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ უკავშირდება, სადაც ჟურნალისტის გარდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაც ეკავა. ანას სამოქალაქო აქტივიზმი ძირითადად ოკუპაციის და პრორუსული განწყობების წინააღმდეგ პროტესტს უკავშირდება და არაერთი აქტივობის ინიციატორია, მათ შორის მუნიციპალური მიწების რუსულ კომპანიებთან ასოცირებულ ორგანიზაციების გადაცემის წინააღმდეგი საპროტესტო აქციებისა.

20121 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიით, ანი აირჩიეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად.

თინიკო ხანჯალიაშვილი – თელავის დემოკრატიის სკოლის მეორე თაობის კურსდამთავრებულია. თინიკოს განათლების სფეროში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ის მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის მენეჯერად პანკისში, ასევე USAID G-3 პროგრამის მენეჯერად კახეთში. იგი არის თვითმმართველობების ასოციაციის NALAG- ს წევრი და ტრენერი. იგი ასევე იყო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტი კახეთში, მათ შორის, GIZ, CENN, UNDP და სხვა. მას ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც. ბოლო წლებში თინიკო იყო კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი “აისი”-ს დირექტორის მოადგილე, თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი, 2019 წლიდან დღემდე არის DMO Visit Kakheti-ის ხელმძღვანელი. იგი დემოკრატიის სკოლის სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად არის არასამთავრობო ორგანიზაციის „კახეთის სამოქალაქო ლიგა“ დამფუძნებელი და არაერთი პროექტი აქვს განმახორციელებელი ადგილობრივ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში. თინიკოს დიდი გამოცდილება აქვს აქტივიზმის მიმართულებით, რომელიც უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, ქალთა და ბავშვთა უფლებების საკითხებს, ევროინტეგრაციას და თვითმმართველობის ინსტიტუციურ გაძლიერებას.

2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში თინიკო აირჩიეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატად “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს  პროპორციული  სიით. 

დღევანდელი პარტიული დაპირისპირების ფონზე, ჯილდოს 2 სხვადასხვა მხარისთვის გადაცემით, რომელსაც ანი და თინიკო წარმოადგენენ, ჩვენ ხაზს ვუსვამთ კომპრომისის, პოლიტიკური თანაარსებობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს.

“დემოკრატიის ლიდერი”-ს გამოვლენა დემოკრატიის სკოლის ათი წლის იუბილეს დასკვნითი ღონისძიების ნაწილი იყო. ანასთვის და თინიკოსთვის ჯილდოს მიღება მოულოდნელი და ძალიან ემოციური იყო. 

EECMD-ის მიზანია წაახალისოს დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები რათა უფრო აქტიურად გამოიყენონ ის ცოდნა და გამოცდილებას, რაც დემოკრატიის სკოლაში სწავლისას მიიღეს. “დემოკრატიის ლიდერის” ჯილდოს  ინიციატივა არის მხარდაჭერა და აღიარება იმ ღირებული საქმიანობის, რასაც დემოკრატიის აქტივისტები აკეთებენ ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცების საქმეში.