დემოკრატიის სკოლები

დემოკრატიის სკოლები ინტენსიური, არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამაა, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.

ჩვენ გვინდა, განათლების საშუალებით, დემოკრატიის ლიდერების გაძლიერებას, საჯარო ანგარიშვალდებულების ზრდას და მაღალ განვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. ამ პროგრამის ამოცანაა დემოკრატიის საკითხებზე განათლების მეშვეობით შექმნას აქტიურ მოქალაქეთა ქსელი, რომელიც შეძლებს დემოკრატიული ცვლილებებისა და განვითარების კატალიზატორი გახდეს.

ამ პროგრამაში, EECMD ეყრდნობა მისი და NIMD-ის მრავალწლიან საერთაშორისო გამოცდილებას, ისევე როგორც, საერთაშორისო თუ  ადგილობრივი ექსპერტებისა და პრაქტიკოსების ცოდნას.

დემოკრატიის სკოლის საცდელი პროექტი 2011 წლის შემოდგომაზე თელავში დაიწყო. ხუთთვიანი პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ პროგრამის გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა. 2012 წლის იანვრიდან ქუთაისში, ხოლო 2012 წლის შემოდგომიდან დემოკრატიის სკოლებმა ფუნქციონირება გორსა და ბათუმშიც დაიწყეს. 2017 წლიდან კი ჩამონათვალს უკრაინის ორი ქალაქი ლვოვი და ოდესა შეემატა.

ხუთთვიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ეცნობიან დემოკრატიის ძირითად კონცეფციებს, იღრმავებენ ანალიტიკურ შესაძლებლობებს და ეუფლებიან იმ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც მათ საზოგადოების ეფექტიან ცვლილებებში დაეხმარება.

სასწავლო პროგრამის გარდა, დემოკრატიის სკოლა ერთგვარი სამოქალაქო კლუბია, რომლის კურსდამთავრებულებსაც ორგანიზაცია საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებსა თუ სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში. სკოლის მსმენელები EECMD-ის კურსდამთავრებულთა ქსელში წევრიანდებიან, რომელთა რიცხვი უკვე ექვსასს აჭარბებს. ეს მზარდი გაერთიანებაა, რომელიც ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე საზოგადოების ინფორმირების, ადვოკატირებისა და გაერთიანებული ძალისხმევის გზით საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობს.