გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში

გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში პირველად 2014 წელს NIMD-ის ოფისის მიერ განხორციელდა. წინამდებარე კვლევა კი წარმოადგენს მესამე რანგირებას, რომელიც 2017 წელს მოიცავს. ამ კვლევის განხორციელებისთვის მეთოდოლოგია კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესებული სიზუსტით ასახავს რეალურ მდგომარეობას გამოყენებული ცვლადების ხვედრითი წილისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით.

კვლევის ჯამური ინდექსი, რომელიც პროცენტებითაა გამოხატული, თავის მხრივ, სამი კომპონენტისაგან შედგება, სადაც საარჩევნო კომპონენტი ერთიანი მაჩვენებლის 50%-ია, ინსტიტუციონალური და პროგრამული კომპონენტების ხვედრითი წილი კი 25-25% შეადგენს. საარჩევნო კომპონენტს შედარებით მაღალი ხვედრითი წილი აქვს, რადგან მიიჩნევა, რომ დემოკრატიისთვის არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

კვლევისათვის შეირჩა ის ხუთი პარტია, რომელმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 3%-ზე მეტი მიიღო. ეს პარტიებია: „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.  

საარჩევნო კომპონენტი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამ მიმართულებას მოიცავს – მერის, პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებს და ექვს ინდიკატორს – სამი მათგანი აფასებს კანდიდატად წარდგენილ ქალთა რაოდენობას, სამი მათგანი კი – არჩეულ ქალთა რაოდენობრივ მაჩვენებელს. საარჩევნო კომპონენტში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა ლეიბორისტულმა პარტიამ 34.6% მაჩვენებლით, ხოლო ბოლო ადგილზე აღმოჩნდა მმართველი პარტია, ქართული ოცნება 21.61%-ით.

ინსტიტუციური კომპონენტი ითვალისწინებს ქალების ხვედრით წილს პარტიის მმართველ ორგანოებში, პარტიაში ქალთა უფლებების ან გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ერთეულის არსებობას, ბიუჯეტში ამავე საკითხებისათვის გამოყოფილი თანხის ხვედრით წილს საერთო დანახარჯებთან მიმართებაში, და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული აქტივობების არსებობას განხილული პერიოდის განმავლობაში. აქ საუკეთესო შეფასება ისევ ლეიბორსიტულმა პარტიამ მიიღო 34.5% მაჩვენებლით, ხოლო ბოლო ადგილზე ამჯერადაც ქართული ოცნება აღმოჩნდა 15.63%-ით.

პროგრამული კომპონენტი აფასებდა ორ გარემოებას: გენდერული თანასწორობის უზრუნველმყოფი მექანიზმების არსებობას პარტიაში, როგორც ეს ამ უკანასკნელის წესდებაში ან სხვა სავალდებულო ხასიათის დოკუმენტშია გამოხატული და პარტიულ პროგრამაში ამავე საკითხებისადმი დაფიქსირებულ პრიორიტეტებს. შედეგები გვიჩვენებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, საარჩევნო პროგრამებში ქალთა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ყურადღებას არც ერთი პარტია არ ამახვილებს, პარტიის ქალთა ორგანიზაციის არსებობის ვალდებულებას კი, წესდების მიხედვით, მხოლოდ ქართული ოცნება და ევროპული საქართველო იღებენ.

საერთო შეფასების მიხედვით საუკეთესო მდგომარეობა პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში დაფიქსირდა – 29.3%. მმართველმა პარტიამ, დაიკავა ბოლო ადგილი 17.96% მაჩვენებლით. რანგირებაში მეორე ადგილი ევროპულმა საქართველომ და ლეიბორისტულმა პარტიამ გაინაწილეს 25.93%-იანი მაჩვენებლით, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა პატრიოტთა ალიანსს – 20.38%. იხილეთ სრული პუბლიკაცია აქ.