www.partiebi.ge 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის განახლდა

28 სექტემბერს, ამომრჩეველთა საინფორმაციო ვებგვერდის www.partiebi.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. დღეიდან, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ეწვიოს ვებგვერდს და ონლაინ გაეცნოს 2021 წლის თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს. მათ შეუძლიათ აირჩიონ მათთვის საინტერესო თემა, მონიშნონ კანდიდატები, შეადარონ ერთმანეთს თემატურად და გადაწყვიტონ რომელი კანდიდატი სთავაზობს პრობლემების გადაჭრის უკეთესი გზას. 

ვებგვერდზე განთავსებულია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ხუთი მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამა:

  • ანა ბიბილაშვილი – ლელო საქართველოსთვის
  • გიორგი გახარია – საქართველოსთვის
  • კახა კალაძე – ქართული ოცნება
  • თამარ კეკენაძე – მესამე ძალა
  • ნიკა მელია – ძალა ერთობაშია

www.partiebi.ge აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. 

ვებგვერდის პრეზენტაცია პლატფორმა zoom-ის მეშვეობით ჩატარდა. ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ქალბატონმა მააიკე ვან კოლდამმა მისასალმებელ სიტყვაში მიმდინარე პროექტის მნიშვნელობასა და საქართველოში დემოკრატიული რეფორმების საჭიროებაზე ისაუბრა – “www.partiebi.ge არის მიუკერძოებელი პლატფორმა, რომლის მიზანია, საზოგადოებას დაეხმაროს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. წელს მხოლოდ ხუთი მერობის კანდიდატის პროგრამაა განთავსებული ვებგვერდზე. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, გვენახა უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო ადრე. თუმცა, კარგია, რომ ამომრჩეველს აქვს საშუალება გაეცნოს თუნდაც ამ კანდიდატების პროგრამებს.“

,,წინასაარჩევნო პროგრამა, წარმომადგენლობითი დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. რასაც, პოლიტიკური პარტიები ხალხისთვის გასაგებად და დროულად უნდა აქვეყნებდნენ. სწორედ ამას ემსახურება www.partiebi.ge. EECMD ამოცანას ქართული დემოკრატიისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა წარმოადგენს. ჩვენი პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი უკავია ისეთი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, რომლებიც იქნებიან საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან თემებსა და საკითხებზე ორიენტირებულნი” – აღნიშნა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.

პრეზენტაციის მომხსენებლები იყვნენ: ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქალბატონი მააიკე ვან კოლდამი; აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე; ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ბაკურ კვაშილავა; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)  აღმასრულებელი დირექტორი, ნინო დოლიძე.

პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს თბილისის მერობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო პროგრამების შექმნას, ისე საზოგადოების ინფორმირებას მათ შესახებ.

დღეიდან, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ეწვიოს ვებგვერდს და ონლაინ გაეცნოს 2021 წლის თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს.