შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის ვიზიტი გორის დემოკრატიის სკოლაში

13 აპრილს შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იზაბელ დინგიზიანი გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა.  შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა და საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო ჩართულობა, გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა.  დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებისთვის, განსაკურებით საინტერესო, აღნიშნულ თემებზე შვედეთის გამოცდილების გაგება იყო.

შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის  მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის  დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ გახსნა და მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და დემოკრატიული განვითარების პროცესში გაწეული დახმარებისთვის. მან დელეგაციის წევრებს ორგანიზაციის საქმიანობა და დემოკრატიის სკოლების პროგრამა  გააცნო.

დინგიზიანმა საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა და აუდიტორიას შთაბეჭდილებები გაუზიარა. იგი გენდერული თანასწორობის საკითხებს შეეხო და ისაუბრა შვედეთის გამოცდილებაზე, თუ როგორ მოახერხა ქვეყანამ გენდერული თანასწორობის მიღწევა და რა რეგულაციებს იყენებენ პოლიტიკური პარტიები ამ თანასწორობის შესანარჩუნებლად.  მისი თქმით, შვედეთს 100 წელი დასჭირდა ამისთვის, საქართველოს კი ვერ დაელოდება ბუნებრივი გზით თანასწორობის მიღწევას, ამიტომ ისეთი მექანიზმები,  როგორიც კვოტირებაა, საჭიროა.

ვიცე-სპიკერმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხა, რომელიც ეხებოდა დემოკრატიული განვითარების საკითხებს, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას, შვედეთის სოციალურ სისტემასა და ოკუპაციის პირობებში საქართველოს განვითარების გზებს.  მისი თქმით, საქართველო ახალი დემოკრატიაა და მას დრო სჭირდება, თუმცა ისიც დასძინა, რომ დემოკრატია არსად არ არის მოცემულობა და მას ყოველდღიურად განვითარება და დაცვა უნდა.

დინგიზიანმა, ასევე, ისაუბრა სამოქალაქო ჩართულობასა და  ანგარიშვალდებულებაზე პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას შორის, თუ როგორ ინარჩუნებს თავად კომუნიკაციას ამომრჩევლებთან. მას, როგორც პოლიტიკოსს, ყოველდღიურად აქვს კომუნიკაცია ამომრჩევლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იღებს წერილებს და ინფორმაციას სხვადასხვა საკითხებზე,  რაც დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის აუცილებელი ნაწილია.

ამავე დღეს, ვიცე-სპიკერმა საოკუპაციო ხაზი მოინახულა და წეროვანში სოციალურ საწარმოში დასაქმებულ ქალებს შეხვდა. შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით იმყოფება.