შეხვედრა პანკისელ ახალგაზრდებთან თელავის დემოკრატიის სკოლაში

2018 წლის 24 იანვარს, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით, თელავის დემოკრატიის სკოლაში გაიმართა პანკისელი ახალგაზრდების შეხვედრა თელავის სამოქალაქო საზოგადოებასთან.

სკოლის პანკისელმა კურსდამთავრებულებმა და შეხვედრის მონაწილეებმა მათ ინტეგრაციასა და სამოქალაქო ჩართულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ასევე,  განიხილეს ხეობაში არსებული ვითარება და ახალგაზრდების საჭიროებებსა და ინტერესებზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრის ერთერთმა მომხსენებელმა, დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულმა შენგელი ტოხოსაშვილმა მიმოიხილა პანკისის ხეობაში არსებული რელიგიური, პოლიტიკური და სამოქალაქო ვითარება და ისაუბრა ხეობიდან ახალგაზრდების ემიგრირების მიზეზებსა და ხელშემწყობ ფაქტორებზე. მისი თქმით, ხეობაში დასაქმების პრობლემა და სოციალურ-ეკონომიკური ფონი ხელს უწყობს ქვეყნიდან მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების გადინებას. მან ასევე, ისაუბრა ხეობაში არსებულ რელიგიურ მიმდინარეობებსა და  უხუცესთა საბჭოს როლზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პანკისის ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელმა, მელსი ბაღაკაშვილმა პანკისის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და ხეობაში მიმდინარე შიდა პროცესებსა და სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. ასევე, სალაფისტური თემის მარგინალიზებისა და ქართულ საზოგადოებაში მათ მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების ჩამოყალიბების საშიშროებაზე გააკეთა აქცენტი.

მომხსენებლებმა აღნიშნეს მედიის განსაკუთრებული როლი და ხაზი გაუსვეს, ხშირ შემთხვევებში, ჟურნალისტების მხრიდან პანკისის ხეობის, როგორც საფრთხისა და დესტაბილიზაციის წყაროდ წარმოჩენას, რაც აღრმავებს ხეობის და პანკისელების გაუცხოებას ქართულ საზოგადოებასთან.

თელავის დემოკრატიის სკოლის კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა, ლუიზა მუთოშვილმა  ახალგაზრდების სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხეობაში ეტაპობრივად ხორციელდება სხვადასხვა სახით პროექტები, რომლებიც მიმართულია ახლაგაზრდების ჩართულობისა და ქალთა გაძლიერებისკენ, რაც ნამდვილად საჭირო და აუცილებელია, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ სალაფიტური თემის წარმომადგენლებს, გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე,  ხშირად უწევთ საზოგადოებრივ პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმა.

დისკუსიის დროს, მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი პროექტების, კულტურული თუ სხვა ღონისძიებების  განხორციელების საჭიროებას, რაც ერთი მხრივ, პანკისის ხეობასთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპების მსხვრევას შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, რეგიონის ტურისტულ პოტენციალს წინ წამოწევს.

შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, არამხოლოდ ინფორმაციის გაზიარების კუთხით, არამედ გაჟღერდა კონკრეტული წინადადებები პანკისელ ახლგაზრდებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის.

ჩვენი ორგანიზაციის არაერთი ინციატივა და განხორციელებული პროგრამა სწორედ ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათ ჩართულობას ემსახურება. ასეთი სივრცეების და შესაძლებლობების გამოყენება ყოველთვის ქმედით ნაბიჯს წარმოადგენს საზოგადობის შიგნით სხვადასხვა ჯგუფების დაახლოებისთვის. შესაბამისად, EECMD კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მასშტაბით მსგავსი ფორმატის დისკუსიებისა და შეხვედრების ორგანიზებას.