ქუთაისისა და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში დემოკრატიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

EECMD-ის ქუთაისისა და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში დემოკრატიის საერთაშორისო დღე საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მსჯელობას მიეძღვნა. შეხვედრებს ესწრებოდნენ სკოლის კურსდამთავრებულები, პოლიტიკური პარტიების წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სტუდენტები.

შეხვედრის დასაწყისში ბათუმის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა დემოკრატიის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე, დემოკრატიის ინდექსსა და 15 სექტემბერს, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაზეც ისაუბრა, სადაც მსოფლიოში მომუშავე 40 ორგანიზაცია, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი (EECMD), ევროკავშირს რეკომენდაციებით მიმართავს და დემოკრატიული პროცესების სტაბილიზაციისკენ მოუწოდებს.

შეხვედრების პირველ ნაწილში მოწვეულმა სპიკერებმა თანამედროვე დემოკრატიის ფუძემდებლურ ელემენტებზე, დემოკრატიისა და ლიბერალიზმის თანაარსებობის აუცილებლობასა და დემოკრატიული მშვიდობის კონცეფციაზე ისაუბრეს. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მუჩაიძემ, ბათუმში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ დემოკრატიზაციის პროცესი გადაჯაჭვულია საგარეო უსაფრთხოებასთან და ეს საქართველოს მსგავსი პატარა და განვითარებადი ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

აღსანიშნავია, რომ სპიკერმა  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ შემოთავაზებულ მოდელზე და ალიანსში საქართველოს მეხუთე პუნქტის გარეშე გაწევრიანების შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მეხუთე პუნქტი, რომელიც ნატო–ს წევრი ქვეყნების ერთობლივ ჩაბმას გულისხმობს შეიარაღებულ კონფლიქტში, არ აწყობს ერთი მხრივ ნატოს წევრ ქვეყნებს, რომლებსაც საქართველოს ნატო–ში მიღების მხარდაჭერის სანაცვლოდ პირდაპირ ომში ჩაბმა მოუწევთ და მეორე მხრივ რუსეთს, რომელსაც ამ მიზეზით ვეტოც შეუძლია დაადოს გადაწყვეტილებას. „შემოთავაზებული ვარიანტი რუსეთის ვეტოსაც ხსნის და ამასთან, მიუხედავად ამ შეზღუდვისა, ეს მოდელი არის მნიშვნელოვანი შანსი საქართველოსთვის, მეტად განვვითარდეთ, თავიდან ავიცილოთ დანარჩენი ტერიტორიების დაკარგვა და გავაჩინოთ პერსპექტივა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების, როგორც ეს გერმანიის შემთხვევაში იყო. გარდა ამისა, ნატოს წევრობა მნიშვნელოვანი სტიმულია ინვესტორებისთვის, რაც ეკონომიკურ განვითარებას მოგვიტანს“, – განაცხადა გიორგი მუჩაიძემ.

ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე მომხსენებელი ამავე სკოლის კურსდამთავრებული, ხატია ჩხეტიანი იყო. მან მიმოიხილა საქართველოსა და ზოგადად რეგიონში დემოკრატიული მდგრადობის ასპექტები, აგრეთვე ის, თუ რა გამოწვევების და დაბრკოლებების გადალახვა უწევს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ქუთაისში შეხვედრამ ვერ ჩაიარა რუსული პროპაგანდის გავლენის შესახებ საუბრის გარეშე, რაც არაერთი ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად გვევლინება, განსაკუთრებით, ბოლო წლებში.

შეხვედრების მეორე ნაწილი ძირითადად ინტერაქციული ხასიათის იყო. დისკუსია შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების როლი დემოკრატიის განვითარების პროცესში; დემოკრატიული მმართველობისა და ეკონომიკური ზრდის ურთიერთკავშირს; ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და სხვა.

დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, 15 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN) 2008 წლიდან აღნიშნავს. ეს დღე არის ერთგვარი შესაძლებლობა, ხაზი გაუსვა დემოკრატიულ ღირებულებებს, ისაუბრო ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე.

EECMD-ის ქუთაისისა და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში დემოკრატიის საერთაშორისო დღე საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მსჯელობას მიეძღვნა.