სახელმწიფო რწმუნებულმა გორის დემოკრატიის სკოლაში ანგარიში წარადგინა

2019 წლის 19 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის  მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ინიციატივით, გორის დემოკრატიის სკოლაში, შიდა ქართლის სახელწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები და მსმენელები, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები.

გუბერნატორის თქმით, მისთვის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაცია, ინიციატივების მოსმენა და მათთვის საქმიანობის შედეგების გაცნობა. კონკრეტული მაგალითების ჩვენების შემდგომ რწმუნებულმა წარმოადგინა შიდა ქართლის რეგიონში შემავალ ოთხივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები. აღნიშნული მიმართულებები მოიცავს, როგორც სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებს – ცხოველთა მრავალფუნქციური თავშესაფრის გახსნას, გზებისა და ხიდების, საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციას. აგრეთვე 3 ახალი საბავშვო ბაღის, 6 საჯარო სკოლის, კასპში  პროფესიული სასაწავლებლისა და ტექნოპარკის მშენებლობას.

ბატონმა გიორგიმ მიმოიხილა რეგიონში სოფლის მეურნეობის, ტურისტული, სამედიცინო, კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ისაუბრა დევნილთა პირობების გაუმჯობესებისა   და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშემწყობ პროგრამებზე.  დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ  გორისციხე გადაეცა გორის მუნიციპალიტეტს მოვლა-პატრონობისთვის, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო და აღდგენითი სამუშაოები.

პრეზენტაციის ბოლოს გიორგი ხოჯევანიშვილმა მადლობა გადაუხადა EECMD-ს და CENN-ს, ასევე დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს სოფელ უფლისციხის ტერიტორიაზე  დასუფთავების აქციისთვის, რომელშიც თავადაც მიიღო მონაწილეობა. რწმუნებულმა შეისწავლა აღნიშნული ტერიტორიის სამართლებრივი მდგომარეობა და თხოვნით მიმართა შესაბამის სამსახურებს, რომ დაარეგისტრირონ ტყე, როგორც მუნიციპალური საკუთრება. რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ინიციატივის (ტყის სარეკრეაციო და ტურისტულ ზონად გადაქცევა) განხილვასა და განხორციელების გეგმის შემუშავებას.

პრეზენტაციის შემდეგ, დისკუსიის რეჟიმში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა უპასუხა დამსწრეთა კითხვებს და თავისი ხედვები გააცნო მათ მიერ დაყენებულ ინიციატივებზე. მსჯელობა შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქალაქებში სველი წერტილების მოწყობა ტურისტებისა და მოქალაქეებისთვის; აგროტურიზმის ხელშეწყობა; გორში ახლადაშენებული სპორტის სასახლის მდგომარეობა; საჯარო ბიბლიოთეკების სიმცირე და კონკრეტული სკოლების (სკრა, ხურვალეთი, ბერბუკი) რეაბილიტაციის აუცილებლობა; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა (სურამის ციხე, ატენის სიონი) და რეგიონში არსებული მუზეუმების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაცია; დევნილთა დასახლებაში არსებული სათემო ცენტრების ფუნქციონირება და განკარგვა; ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო სტრატეგიული გეგმის აუცილებლობა და შესაბამისი ტურისტული მარშრუტების დაგეგმვა; შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოპირობების უზრუნველყოფა.

დისკუსიის შემდეგ შიდა ქართლის რწმუნებულმა გამოთქვა სურვილი და მზაობა, რომ მსგავსი   ფორმატის შეხვედრებში მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა და  განიხილოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი ინიციატივები.

შიდა ქართლის რწმუნებულთან შეხვედრა  EECMD–ის შეხვედრების ციკლის ფარგლებში დაიგეგმა, რომლებიც თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების ზრდას, მოქალაქეებთან მეტ კომუნიკაციასა და გამჭვირვალეობითი დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. სხვადასხვა დროს დემოკრატიის სკოლებს ქალაქის მერები, გუბერნატორები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა თანამდებობის პირები სტუმრობდნენ ხუთივე ქალაქში.

2019 წლის 19 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის  მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ინიციატივით, გორის დემოკრატიის სკოლაში, შიდა ქართლის სახელწიფო რწმუნებულმა, გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა  მის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.