საქართველოს პოლიტიკოსების დელეგაციის ვიზიტი ტუნისში

პროექტ „მრავალპარტიული დიალოგის სივრცეები: დემოკრატიის მხარდამჭერთა კავშირების გაძლიერების“ ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის მრვალაპარტიული დემოკრატიის ცენტრისა (EECMD) და ხმელთაშუა და საერთაშორისო სწავლების ცენტრის (CEMI) ორგანიზებით, 3-7 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ტუნისში. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება ტუნისელი კოლეგებისთვის და ესაუბრათ მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ.

ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები ტუნისის საპარლამენტო ბლოკების ლიდერებს შეხვდნენ და იმსჯელეს, თუ როგორ ახერხებენ სხვადასხვა საპარლამენტო ბლოკები ერთმანეთთან მრავალპარტიულ ფორმატში ნაყოფიერ თანამშრომლობასა და ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე კონსენსუსის მიღწევას. ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა მუსტაფა ბენ ჯაფართან, დამფუძნებელთა ეროვნული კრების ყოფილ პრეზიდენტთან, რომელიც მონაწილეობდა ტუნისის კონსტიტუციის შემუშავებაში და აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. გარდა ზემოთხსენებულისა, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ქართველმა დელეგატებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალპარტიულ შეხვედრებში და განიხილეს ტუნისის პოლიტიკური და საარჩევნო სისტემები, რევოლუციის შემდგომი რეფორმები და მრავალპარტიული დიალოგის პლატფორმები. აღსანიშნავია, რომ ცალკე დისკუსია დაეთმო ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას როგორც ტუნისის, ისე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სამუშაო ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს: დავით უსუფაშვილი, შენების მოძრაობა; სერგი კაპანაძე და ირაკლი კიკნაველიძე, ევროპული საქართველო; მიხეილ ჩემია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია; ნანა ტოხვაძე, ახალი საქართველო; ივანე ნორაკიძე, სამოქალაქო მოძრაობა; თინათინ კუპრაშვილი, EECMD-ის თბილისის დემოკრატიის სკოლის მსმენელი. დელეგაციას თან ახლდნენ EECMD-ის გუნდის წევრებიც, სალომე მუხურაძე და თამარ ჯაფარაშვილი.

პროექტი „მრავალპარტიული დიალოგის სივრცეები: დემოკრატიის მხარდამჭერთა კავშირების გაძლიერება“ მოიცავს ბენინს, საქართველოს, ყირგიზეთს, მოლდოვას, მაროკოსა და ტუნისს და მიზნად ისახავს ახალგაზრდა დემოკრატთა საერთაშორისო ქსელის შექმნას მრავალპარტიული და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემების გასაძლიერებლად. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.