სანაპირო ზოლში მიმდინარე მშენებლობები და საზოგადოების პროტესტი – დისკუსია ბათუმის დემოკრატიის სკოლაში

ქაოტური მშენებლობები და ისტორიული დაცვის ზონის ხელყოფა ბათუმში ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მტკივნეული თემაა. ბათუმის ბულვარი, ძველი ბათუმის ტერიტორია და ახლა უკვე ბათუმის სანაპირო ზოლი სამოქალაქო აქტივისტების ფოკუსში ხშირად ექცევა.

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს ბათუმის საკრებულომ მხარი დაუჭირა ინიციატივას „მწვანე კონცხის“ ტერიტორიაზე ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით და რეკრეაციულ-საკურორტო ზონა საზოგადოებრივ-საქმიან ზონად შეიცვალა. მიზეზი კომპანია „ელიტ კონსტრაკშენ გრუპის“ მოთხოვნა გახდა, რომელიც მწვანე კონცხის ტერიტორიაზე ორი 28-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

მაღალსართულიანი ნაგებობების მშენებლობა ბათუმის სანაპირო ზოლში ბოლო პერიოდში საგრძნობლად გააქტიურდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ე.წ „რივიერას ტერიტორიაზე“ ექვსი ცათამბჯენის მშენებლობის შესახებ, უფრო ადრე კი, ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარედ, „ალიანს ჯგუფის“ მიერ 54-სართულიანია ნაგებობის მშენებლობა დაიწყო. ამ ტერიტორიაზე მაღალი შენობების აგება კიდევ იგეგმება.

ამ გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებიან სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები, რომლებიც ზონის ცვლილებას და სანაპირო ზოლში მშენებლობებს დაუშვებლად მიიჩნევენ. მათი მოსაზრებით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე თუნდაც ერთი ადგილისთვის რეკრეაციული სტატუსის შეცვლა პროცესს შეუქცევადს გახდის და ადგილი დაკარგავს თავის დანიშნულებას. მათივე თქმით, საგანგაშოა სანაპირო ზოლში მიმდინარე თუ დაგეგმილი სხვა მშენებლობებიც, რაც ზღვასა და ქალაქს შორის ბეტონის კედელს გააჩენს. აქტივისტებისთვის მნიშვნელოვანია ისტორიული დაცვის ზონის დადგენა და ამ საზღვრებში სამშენებლო პროექტების მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით განხილვა. საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მუშაობენ, ეს მოთხოვნები ბრიფინგზე გაახმოვანეს და საპროტესტო აქციებიც დაანონსეს.

ამ ფონზე ბათუმის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია დაიგეგმა, სადაც საზოგადოება „ბათომის“ წევრები და სხვა სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი და ბათუმის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.

შეხვედრის დასაწყისში საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა, არქეოლოგმა ნინო ინაიშვილმა და ჟურნალისტმა ირმა ზოიძემ ისაუბრეს იმაზე, თუ რა წინაპირობები ჰქონდა მათ საპროტესტო ინიციატივას. ნინო ინაიშვილის თქმით, ბათუმის მერმა ისტორიული საზღვრების დადგენისას, არ გაითვალისწინა მეცნიერული კვლევა, რომელიც კომპანია „გეოგრაფიკმა“ მერიის დაკვეთით მოამზადა და რომელიც საზოგადოებრივი განხილვის დროს მოწონებულიც იქნა. ნაცვლად ამისა, აღნიშნულ საზღვრებს მერიამ თვითნებურად ამოაკლო ორი მნიშვნელოვანი ადგილი, „რივიერასა“ და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც დაგეგმილია ცათამბჯენების მშენებლობა. ირმა ზოიძემ კი იმაზე ისაუბრა, რომ გადაწყვეტილება, მწვანე კონცხისა და სხვა ტერიტორიების შემთხვევაში, მერმა ადგილობრივებისა და დაინტერესებული აქტივისტების გარეშე, საზოგადოებრივი მსჯელობის გარეშე მიიღო, რაც ღია მმართველობის პრინციპის უგულებელყოფაცაა და თვითმმართველობის შესახებ კანონის დარღვევაც.

არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის, მირიან მეტრეველის თქმით, მერიამ შეასრულა კანონით დადგენილი ვალდებულება და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის ვებ-გვერდსა და გაზეთ „აჭარაში“ გამოაქვეყნა. მან ისიც თქვა, რომ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, მაგრამ ამის ვალდებულება კანონით მერიას არ ქონია, აქტივისტებმა კი ასეთ საკითხებს, თუკი დაინტერესებულნი არიან, თვალი უნდა მიადევნონ. მთავარი არქიტექტორის ასეთ განცხადებას დისკუსიის მონაწილეების პროტესტი მოყვა. მათი თქმით, მერია არ უსმენს საზოგადოებას და არ აინტერესებს მათი აზრი.

შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ეკოლოგმა ნოდარ ჩხეიძემ იმაზე ისაუბრა, რომ ამ ქალაქის მაცხოვრებლებს სურთ იცხოვრონ უსაფრთხო, ჰარმონიულ გარემოში და დღეს ამას მოკლებულნი არიან. „ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ ქვების ჯუნგლების ქალაქს. უნდა მოვეშვათ პლაჟების გამოყენებას რესტორნებისა და კორპუსებისთვის, თორემ ბათუმშიც მივიღებთ „ვარნის სინდრომს“, –  თქვა ნოდარ ჩხეიძე.

შეხვედრაზე ბათუმის საკრებულოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. „ქართული ოცნების“ წევრმა, ნატალია ზოიძემ განაცხადა, რომ მთავარი პრობლემას ქმნის ქალაქის გენერალური გეგმის არარსებობა, რომლის მიღებასაც დრო სჭირდება და თვითმმართველობასაც არ აქვს დოკუმენტი ინვესტორებისთვის. ამაზე აქტივისტები კი ფიქრობენ, რომ ეს დრო ხელოვნურად ჭიანურდება, რათა კონკრეტული ადამიანების ინტერესი დაკმაყოფილდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მირდატ ქამადაძემ აღნიშნა, რომ მწვანე კონცხის შემთხვევა კონკრეტული კომპანიის ინტერესებზე მორგებაა პირდაპირ, თან ისეთ კომპანიაზე, რომელსაც მანამდე მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება არ აქვს და ეს მნიშვნელოვან ეჭვებს აჩენს.

იგივეს ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი აჭარაში, მალხაზ ჭკადუაც. ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად, ამ საქმეს სამართლებრივად სწავლობს და დასკვნის გამოქვეყნებას გეგმავს.

შეხვედრის მონაწილე აქტივისტებმა, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა და სხვებმა აღნიშნეს, რომ საპროტესტო გამოსვლებს აქტიურად გააგრძელებენ, ყოველთვის ექნებათ რეაქცია მსგავს გადაწყვეტილებებზე და ბათუმელებთან ერთად, არ მისცემენ ხელისუფლების წარმომადგენელებს ბათუმის ჩაბეტონების უფლებას.