სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა ფოლიტიკოსთა ფორუმი

საარჩევნო სისტემები და საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კამპანიის წარმართვა და მედიის როლი დემოკრატიულ პროცესებში, ქალების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება – ამ და სხვა თემებზე ახალგაზრდა პოლიტიკოსები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უკრაინიდან და ნიდერლანდებიდან ორი დღის განმავლობაში ნიმდ-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტილული დემოკრატიისთვის) მიერ ორგანიზებულ ფორუმზე მსჯელობდნენ.

„სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა ფოლიტიკოსთა ფორუმი“ ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა.

დავით უსუფაშვილმა ახალგაზარდა თაობის მოტივაციისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, პოლიტიკური საქმიანობის დაწყების ადრეულ პერიოდში მას მნიშვნელოვანი გამოცდილება მისცა.

„ამ ინსტიტუტმა ძალიან ღირებული გამოცდილება მომცა, როგორ უნდა იმუშაოს მრავალპარტიულმა სისტემამ და როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საზოგადოების განსხვავებული სოციალური ფენები და პოლიტიკური ჯგუფები, როდესაც ეს საჭირო გახდება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის. როგორ არიან ერთმანეთთან მუდმივ დებატებში და კონკურენციაში, მაგრამ მუდმივად არ ებრძვიან ერთმანეთს. არის რაღაც საზღვრები შეჯიბრებაში და შემდეგ, გადაწყვეტილების მიღებაში და შემდეგ ამ გადაწყვეტილებების აღსრულებაში“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად, სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში სწორედ ეს პრობლემები იკვეთება.

„ხანდახან პოლიტიკოსები, პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები ზედმეტად ვართ დარწმუნებული ჩვენს სიმართლეში და შემდეგ, ასეთ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, გააგრძელო პოლიტიკური დიალოგი, დებატები პოლიტიკურ საკითხებზე და იპოვო სწორი გამოსავალი“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ორდღიან ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში ჩამოსულ 60-მდე დელეგატს სიტყვით საქართველოში ნიდელანდების ელჩის მოადგილემ, ფლოორ ნუიტენ-ელზიგმაც მიმართა.

ფორუმის უნიკალური ფორმატი შესაძლებლობას იძლევა შეკრიბოს სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებების ახალგაზრდა პოლიტიკოსები მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან და უკრაინიდან. ეს არის კრიტიკული პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის რეგიონის პოლიტიკური ელიტის მომავალ წარმომადგენლებს შორის.

ორდღიანი ფორუმის მუშაობაში მონაწილება მიიღო ნიდერლანდების სამეფოს სენატის ყოფილმა წევრმა (2003-2007) და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა (2007-2010) აიმერტ ვან მიდელკოოპმა. ღონისძიებაზე დასასწრებად და გამოცდილების გასაზიარებლად ნიდერლამდებიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ სხვადასხვა პარტების ახალგაზრდა პოლიტიკოსები.

სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ფილიპ ჰემონდმა ფორუმი დელეგატებისადმი თავის სიტყვაში ყურადღება რეგიონულ 5628222.jpgინტეგრაციასა და განვითარებაზე გაამახვილა. „თქვენ წარმოადგენთ იმ თაობას, რომელიც ამ კონფლიქტების ჩრდილქვეშ გაიზარდა და ნაკლებად ახსოვს, რას ნიშნავს მშვიდობიანი ურთიერთობა მეზობლებთან. საზოგადოებას შორის დაყოფა ნორმალური გახდა. ახლა, აქ ყოფნისას, ძალიან კარგად ვიცი, რომ სოფლები მოწყვეტილია ერთმანეთს, თავიანთ მიწებს და საძოვრებს, ადმინისტრაციულ საზღვართან, აქედან მხოლოდ 40 კილომეტრში, ახალი ღობეებით, რომლებიც მუდმივად იმართება. ახალი ღობეებისა და ბარიერების აღმართვა რეგიონს უკან სწევს, მაშინ, როცა ეს კედლები უნდა დაიწიოს უკან. უნდა გაიზარდოს თანაცხოვრების შესაძლებლობა ამ მრავალფეროვან რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის და არა პირიქით“,- მიმართა დამსწრეთ ფილიპ ჰემონდმა.

ფორუმმა მუშაობა 31 მარტს შემაჯამებელი სესიით დაასრულა. „ეს ფორუმი აღარ არის ჩვენი პროექტი, ეს არის სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსების პროექტი. ჩვენ ვისწავლეთ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთად და როგორ ვაკეთოთ დემოკრატია უკეთესად. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო საინტერესო დებატებს სამუშაო შეხვედრების დროს. ვფიქრობ ეს ფორუმი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. გაიზარდა დებატების ხარისხის. ვხედავ როგორ ყალიბდება საქმიანი თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნების ახალგაზრდა პოლიტიკოსებს შორის“, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ნიმდ-ის წარმომადგენელმა ლევან ცუცქირიძემ.

„სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა“ ფორუმის მხარდამჭერები საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ნიდერლანდების საელჩოები არიან. ყოველწლიური ღონისძიება ნიმდ-ის ორგანიზებით თბილისში უკვე მეოთხედ გაიმართა.