პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის შეხვედრები დემოკრატიის სკოლის მსმენელებთან

2017 წლის დეკემბერში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი დემოკრატიის სკოლის მსმენელებს შეხვდნენ. შეხვედრები, რომელსაც დემოკრატიის სკოლის პროგრამის მიმდინარე ნაკადი და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ,  საქართველოს სამ ქალაქში გორში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა.

რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, პოლიტიკური პროცესები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და მოქალაქეთა ჩართულობა იყო  დისკუსიაზე განხილული მთავარი საკითხები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული განვითარების  მთავარ გამოწვევებზე. ასევე ყურადღება გაამახვილა,  თუ რატომ არის აუცილებელი და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას ქვეყანაში საფრთხე არ შეექმნას.

„ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონებში საუბარი პოლიტიკურ პროცესებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ჩართული და ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.  მათ შორის, ბუნებრივია, დღესაც აქტუალურია საკითხი, რომელიც შეეხება დემოკრატიულ ჩართულობას და საკონსტიტუციო პროცესს.“- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდულ და საინფორმაციო ომებზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია წლებია საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებს და ისაუბრა იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო აღნიშნულ გამოწვევებს.  „ამ პრობლემისადმი გაკლავების გზა, პირველ რიგში ეროვნული მდგრადობის ზრდაა და ეროვნული მდგრადობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი კი პოლიტიკური პროცესი და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. ეს არის ის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს გააჩნია და თითოეული აქტიური და ხარისხიანი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში არის ის, რამაც უნდა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუციური მშენებლობა,“- განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ბათუმის დემოკრატიის სკოლაში გამართული შეხვედრისას აქცენტი საკონსტიტუციო რეფორმასა და საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე გაკეთდა. აბაშიშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, რათა ხელისუფლება უფრო მეტად იყოს ანგარიშვალდებული განახორციელოს რეფორმები. შეხვედრების მსვლელობისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა დეტალურად უპასუხეს დამსწრე საზოგადოების კითხვებს.

EECMD-ის დემოკრატიის სკოლები საქართველოს ოთხ ქალაქში თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს, ხოლო 2017 წლიდან უკრაინის ორი ქალაქში, ლვოვსა და ოდესაში ამოქმედდა. დემოკრატიის სკოლის კურსი მოიცავს ხუთთვიან საგანმანათლებლო პროგრამას დემოკრატიული მმართველობისა და დემოკრატიული პოლიტიკის საკითხებზე. გარდა სასწვალო კურსისა, სკოლებში მუდმივად იმართება სხვადასხვა სახის დისკუსიები და აქტივობები. აღნიშნული შეხვედრებიც სწორედ იმ ტრადიციის გაგრძელებაა, რასაც ორგანიზაცია მუდმივად სთავაზობს კურსდამთავრებულებს.