„ლეოგრანდის“ ტრაგედია – უსაფრთხოების პოლიტიკის ხარვეზები

სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან ორი კვირის შემდეგ, EECMD ბათუმის დემოკრატიის სკოლაში დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მომხსენებლები – არქიტექტორი გია რამიშვილი, ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი, ირაკლი ახალაძე და საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი, აქტივისტი შოთა გუჯაბიძე იყვნენ.

დღეს არსებულ სამშენებლო ნორმებზე, ბოლო წლებში საკანონმდებლო ბაზის ტრანსფორმაციაზე, ცვლილებების საჭიროებაზე არქიტექტორმა, გია რამიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, 2004 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ბათუმში აქტიური სამშენებლო პროცესი დაიწყო, მაკონტროლებელი ორგანოები სრულიად გაუქმდა და სახელმწიფო უწყებებსაც მოეხსნათ მონიტორინგის ფუნქციები, რამაც მენაშენეები სრულიად გაათავისუფლა ვალდებულებებისგან.

სასტუმრო „ლეოგრანდის“ შემთხვევაშიც, იმ პერიოდში, როდესაც სასტუმროს პროექტი დამტკიცდა და მშენებლობა ექსპლუატაციაში შევიდა, 2012-2015 წლებში, მესაკუთრეს მოხსნილი ჰქონდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის ხანძარუსაფრთხოების პროექტის წარმოდგენის ვალდებულება. 2017 წლის 1 იანვრიდან კი, სპეციალისტების, სამოქალაქო სექტორისა თუ ევროკავშირის მოთხოვნების გავლენით, საქართველოს სახელმწიფომ მიიღო „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ტექნიკური რეგლამენტი“ (მთავრობის 41-ე დადგენილება), რომელიც საერთაშორისო სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაშია.

მიუხედავად კანონმდებლობის გაუმჯობესებისა, სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმი მაინც სუსტია. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსის, ირაკლი ახალაძის თქმით,  ახალი რეგლამენტითაც ვალდებულება ნებართვის გამცემზე მაინც ირიბად გადის: „ძირითადი პასუხიმგებლობა კვლავ დამკვეთზეა, შემდეგ არის ექსპერტზე, რომელსაც 5-წლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეს და მინიმალური პასუხისმგებლობაა ნებართვის გამცემზე“.

დისკუსიის მონაწილეთა ემოციური გამოსვლები მოჰყვა ამგვარ განცხადებას. მათი მოსაზრებით, სახელმწიფო ორგანოებმა მეტი ვალდებულება უნდა აიღონ და პასუხისმგებლობა გაიზიარონ; არა მხოლოდ კანონი მიიღონ, არამედ მისი მონიტორინგის მექანიზმიც უნდა გაამყარონ და ეს რეგულაციები ეფექტიანი გახადონ.

ამ პროცესში საზოგადოების როლზე და საზოგადოებრივი მოძრაობების მნიშვნელობაზე ისაუბრა დისკუსიის კიდევ ერთმა მომხსენებლმა, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, აქტივისტმა შოთა გუჯაბიძემ: „პასუხისმგებლობა ძალიან ბევრ სახელმწიფო უწყებას ეკისრება ამ ტრაგედიის  შემდეგ. ხელისუფლების ყველაზე დიდი ნაკლია, რომ ქალაქი „ვითარდება“, როგორც თვითონ ამბობენ, ისე, რომ უგულებელყოფილია ადამიანი“.   მისივე თქმით, ბაქოს ქუჩა, სადაც სასტუმრო „ლეოგრანდი“ მდებარეობს, ისტორიული განაშენიანებაა, მაგრამ მიუხედევად კანონით აკრძალვისა, („კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“) ამ ქუჩაზე მდებარე ყველა ძეგლი ხელყოფილია.

დისკუსიაზე დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები. შეხვედრაზე, ასევე, ითქვა ისიც, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტრაგედიის შემდეგ მნიშვნელოვან კონკრეტულ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. მართალია, დაიწყო სკოლების მონიტორინგი სახანძრო უსაფრთხოების მხრივ, თუმცა, მომავალში მოხდება თუ არა სხვა შენობების აქტიური შემოწმება და საცხოვრებლად საშიში შენობების გამოვლენა, ჯანმრთელობისთვის საზიანო სამშენებლო მასალების იდენტიფიცირება და აკრძალვა, რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება, მონიტორინგის ორგანოს შექმნა, თანამდებობის პირების მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება, – ეს კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ მსგავსი დისკუსიები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ანალიზისთვის, დაფიქრებისთვის, საზოგადოების მობილიზებისთვის, ხელისუფლების გამოფხიზლებისა და მომავალში მსგავსი ტრაგედიების პრევენციისთვის.

ბათუმის დემოკრატიის სკოლაში 9 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები და მსმენელები, სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, ადგილობრივი საჯარო უწყებების თანამშრომლები, პროფკავშირის წარმომადგენლები და სტუდენტები.