კონსულის პროგრამის წარდგენა პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოში

ახალი და მოწინავე ტექნოლოგიების ფართო გავრცელებამ, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში, კიდევ ერთხელ დაგვანახა თანამედროვე ციფრული პლატფორმების მნიშვნელობა და მათი გამოყენების მასშტაბები. ამ მხრივ, პოლიტიკური შესაძლებლობებიც არ არის გამონაკლისი –  ტექნოლოგიები სხვადასხვა ფორმით გამოიყენება პოლიტიკური პარტიების მიერ აზრის ფორმირების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ეფექტურ, ეფექტიან და გამჭვირვალე პოლიტიკის წარმოებას და შედეგად, განსაზღვრავს დემოკრატიის ხარისხს.

ორგანიზაცია “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)” უკვე მრავალი წელია პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერასა და შიდა პარტიული პოლიტიკის განვითარებას ეწევა არაერთი სტრატეგიული მიმართულებით, რომელსაც ახლა ციფრული შესაძლებლობებიც დაემატა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია თუ როგორ იყენებენ პოლიტიკური პარტიები ციფრულ ტექნოლოგიებს, აქვთ თუ არა მზაობა, აღნიშნული პრაქტიკა გახდეს თანამედროვე პოლიტიკის გარდამტეხი მახასიათებელი და შიდაპარტიული დემოკრატიის კუთხით, მენეჯმენტისა და გადაწყვეტილებების მიღების მთავარი ინსტრუმენტი.

ამ მიზნით, 2021 წლის 24 თებერვალს EECMDის ორგანიზებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ელექტრონული პროგრამა – “კონსულის” პრეზენტაცია გაიმართა.

კონსული გადაწყვეტილებების მიღების, დიალოგის, და ინიციატივების შექმნის ინოვაციური პროგრამაა, რომელიც უკვე მსოფლიოს 35 ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება. იგი ცვლის პარტიულ პოლიტიკას და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, პოლიტიკური პარტიის/სამოქალაქო მოძრაობის წევრებს, მონაწილეობა მიიღონ მათთვის საინტერესო საკითხების განხილვაში ონლაინ, წამოაყენონ საკუთარი წინადადებები, ჩაერთონ გამოკითხვებში და ხმა მისცენ კონკრეტულ პროექტებსა თუ ინიციატივებს.

აღნიშნული პროგრამა ადგილობრივ პოლიტიკურ საჭიროებებს მოერგო დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD), ნაციონალური ფონდის დემოკრატიისთვის (NED) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ასეთი ვებ-გვერდი შეიქმნა რვა პოლიტიკური პარტიის/სამოქალაქო მოძრაობის წევრებისთვის: მოძრაობა “სირცხვილია”, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, “სამართლიანობისთვის”, “ლელო საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “თავისუფალი დემოკრატები”, “მოქალაქეები” და  დემოკრატიის სკოლების ქსელი.

ჩამოთვლილი პარტიების წევრების გარდა, პრეზენტაციას ესწრებოდნენ და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში, მააიკე ვან კოლდამმა, ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ელსპეტ სატერსმა და DIPD პროგრამის ხელმძღვანელმა, ქრისტინე გილდენჰოფმა.

შეხვედრის განმავლობაში, პოლიტიკური პარტიები გაეცნენ ციფრული ინსტრუმენტის ფუნქციონალს და სხვა საჭირო ინფორმაციას თანაბარი მონაწილეობისა და ღიაობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამავდროულად, ხაზი გაესვა ციფრული დემოკრატიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მნიშვნელობას პარტიული საქმიანობის კუთხით,  საერთაშორისო გამოცდილების, ევროპული პარტიების მაგალითზე.

 

პროექტი ხორციელდება დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD), ნაციონალური ფონდის დემოკრატიისთვის (NED) და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით.

 

 

 

2021 წლის 24 თებერვალს EECMDის ორგანიზებით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ელექტრონული პროგრამა – “კონსულის” პრეზენტაცია გაიმართა.