თბილისისა და პანკისის დემოკრატიის სკოლებში ხუთთვიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა ბათუმის, ქუთაისის, თელავის და გორის სკოლებთან ერთად, 2018 წელს დემოკრატიის სკოლები თბილისსა და პანკისშიც გახსნა. ხუთთვიანი სასწავლო პროგრამა განკუთვნილია  დემოკრატიული მმართველობითა და საჯარო პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის.

თბილისისა და პანკისის დემოკრატიის სკოლების პირველი ნაკადის კურსდამთავრებულებმა სასწავლო კურსის დასრულება საზეიმო ვითარებაში, ერთად აღნიშნეს. დემოკრატიის განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნინო ხითარიშვილმა, მიულოცა მათ პროგრამის წარმატებით დასრულება და აღნიშნა, რომ EECMD კურსდამთავრებულებთან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებს. მან ისაუბრა განახლებულ სასწავლო მოდულზე, რომლის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ქალაქების განვითარებასა და ურბანულ პრობლემატიკაზე, ასევე, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მონაწილეებს პროგრამის ფარგლებში ჰქონდათ. მაგალითად, ვიზიტი ტუნისში ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, ორგანიზაციის მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებსა თუ სხვა აქტივობებში მონაწილეობა.    

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოში დემოკრატიის სკოლების მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა ჰოლანიელ ხალხსა და ჰოლანდიის საელჩოს საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერისა და მისი მომავალი ლიდერების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

მიღებას ესწრებოდა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, იოს დოუმა. ელჩი სასწავლო კურსის ფარგლებშიც შეხვდა დემოკრატიის სკოლის მსმენელებს და სამოქალაქო აქტივიზმსა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე ესაუბრა.

დემოკრატიის სკოლასთან დაკავშირებული შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრეს თავად კურსდამთავრებულებმაც. მიღება პროგრამის მსმენელთათვის სერთიფიკატების გადაცემითა და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.  პანკისის და თბილისის დემოკრატიის სკოლებში ახალი ნაკადის მიღება კი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოცხადდება.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.

   

თბილისისა და პანკისის დემოკრატიის სკოლებში ხუთთვიანი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.