თანასწორობა პოლიტიკაში – ღონისძიებების ციკლი EECMD დემოკრატიის სკოლებში

მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში EECMD დემოკრატიის სკოლებში ღონისძიებების ციკლი დაიგეგმა, რაც პოლიტიკაში თანასწორობის მნიშვნელობისა და გენდერული კვოტირების საკითხზე საზოგადოების ინფორმირებულობას ემსახურებოდა. შეხვედრები წინ უძღვოდა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვას, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანასა და პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნებისთვის პარტიულ სიებში 50 %-იანი გენდერული ბალანსის დაწესებას ითვალისწინებდა. კანონპროექტს, რომლის ავტორი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, ინიციატორი კი საქართველოს 37 ათასზე მეტი ამომრჩეველია, პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით მხარი არ დაუჭირა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული საკითხის ირგვლივ დისკუსია გრძელდება და დემოკრატიის სკოლები კვლავ გააგრძელებენ თემატური შეხვედრებისა და კამპანიური ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 52%-ს ქალები შეადგენენ, მათი წარმომადგენლობა არჩევით, თუ დანიშვნით თანამდებობებზე ძალიან დაბალია. საქართველოს პარლამენტის 150 წევრს შორის მხოლოდ 16%-ია ქალი, თვითმმართველობის არჩევით თანამდებობებზე კი უფრო ნაკლები – 13%. საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ერთს ხელმძღვანელობს ქალი მერი.

2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით საქართველოს სახელმწიფომ აიღო ვალდებულება ქალთა და კაცთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის შესახებ, რაშიც განსაკუთრებული ზომების გატარებაც მოიაზრება. ამას გარდა, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ვალდებულება საქართველოს არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს.

საქართველოს ოთხ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში გამართულ დისკუსიებს, გარდა ადგილობრივი სამოქალაქო თუ პოლიტიკური საზოგადოების წარმომადგენლებისა, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები და მათი ბიუროების წარმომადგენლები. დეპუტატების მოსაზრების გაგება და დისკუსიაში ჩართულობა, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირებისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. თითქმის ყველა მათგანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ  გენდერული კვოტირების კანონპროექტს მხარს უჭერენ.

თელავში გამართულ დისკუსიაზე მოხსენება გააკეთა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, უმრავლესობის წევრმა, ირინა ფრუიძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო კვოტების დაწესებას ეხება არის დროებითი მექანიზმი თანასწორობის მისაღწევად და აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა: „საქართველოსთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, მოხდეს გენდერული კვოტირების მექანიზმის დაწესება, რათა მიღწეულ იქნეს თანასწორი პოლიტიკური შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია, ასევე, მოხდეს ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით და კვოტირებაზე საუბარი არ იწვევდეს შიშს“.

ბათუმში გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, უმრავლესობის წევრი ნინო ჩხეტია იყო, რომელიც გენდერულ საბჭოსაც ხელმძღვანელობს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში. დეპუტატმა ისაუბრა იმაზე, რომ ხელისუფლების შიგნით გენდერული კვოტირების კანონპროექტზე აზრთა სხვადასხვაობაა და ჯერ კიდევ არ აქვთ შეჯერებული პოზიცია. მან თავისი პირადი პოზიციაც გამოთქვა: „რაკი პოლიტიკური კულტურა დღეს მასკულინურია, უმჯობესია მას კატეგორიული მექანიზმით, გენდერული კვოტების შესახებ კანონის შემოღებით ვუპასუხოთ“. ნინო ჩხეტიამ ისიც აღნიშნა, რომ სამომავლოდ ამ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა აჭარის უმაღლეს საბჭოშიც მომზადდება.

გორის დისკუსიის მონაწილე იყო იდა ბახტურიძე, კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრი. მისი თქმით, კვოტირების მექანიზმის შემოღება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის რეალური გაზრდის მიმართულებით და ეს ისტორიული შანსი პარლამენტმა უნდა გამოიყენოს.

დისკუსიების მომხსენებლებმა და სხვა მონაწილეებმა საკითხთან დაკავშირებულ ბევრ სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს. მათ შორის კვოტირების მექანიზმის ისტორიასა და განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე; ქართულ პოლიტიკაში ქალების ჩართულობის მაჩვენებლებსა და ამ მხრივ არსებულ არასახარბიელო ტენდენციაზე; ქვეყანაში ქალთა უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასა და ზოგადად იმ სიკეთეებზე, რაც გენდერულ კვოტირებას და ამ დროებითი მექანიზმით გამყარებულ პოლიტიკურ თანასწორობას ახლავს.

შეხვედრის მონაწილეებმა გენდერული კვოტირების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებიც მიმოიხილეს. მაგალითად, აღნიშნა ის, რომ კვოტის ხელოვნურობა ბევრისთვის მიუღებელია, თუმცა ბუნებრივად ბალანსი საუკუნეების მანძილზე ვერ დამყარდა და განვითარებულ ქვეყნებმაც დროებითი მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებით უპასუხეს ამ გამოწვევას თავის დროზე. საქართველოს შემთხვევაში ბუნებრივი თანასწორობის მიღწევას კიდევ ათეულობით წელი დასჭირდება, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს. დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ საზოგადოებრივ, სოციალურ და ეკონომიკურ ბარიერებზე, რომელთა გადალახვაც  ქალებს უწევთ არჩევნებში კანდიდატებად დასახელებისას.

დისკუსიები მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ღონისძიებათა ციკლისა, რომლებიც დემოკრატიის სკოლებში დაიგეგმა. კამპანია სხვა საინტერესო აქტივობებსაც მოიცავდა, რომლებიც დემოკრატიის სკოლების კოორდინატორებმა კურსდამთავრებულებთან ერთად განახორციელეს. სკოლებში გაიმართა საჯარო ლექციები პოლიტიკაში თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ, დებატები კვოტირების მომხრე და მოწინააღმდეგე არგუმენტების გამოყენებით, ონლაინ აქტივობები სოციალურ ქსელში, სკოლის კოორდინატორების ვიზიტები ადგილობრივ მედიასაშუალებებში.

გარდა ამისა, გენდერული კვოტირების მომხრე დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები პირდაპირ უკავშირდებოდნენ, ცალკეულ დეპუტატებს წერილებისა და შეტყობინებების საშუალებით, რათა მათი პოზიციებისა და მოსაზრებების შესახებ მიეღოთ მეტი ინფორმაცია. ქუთაისში სკოლის კურსდამთავრებულები მაჟორიტარ დეპუტატებს პირადადაც შეხვდნენ და გენდერული კვოტირების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. ბათუმის დემოკრატიის სკოლის მსმენელების მონაწილეობით კი მოკლე ვიდეო-რგოლი მომზადდა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი გენდერულ კვოტირებას.