დემოკრატიის სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომი შეაფასეს

 2018 წელს ათი წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. თარიღთან დაკავშირებულ შეფასებებში აქტუალური გახდა საკითხი, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. იმავე თემაზე აქცენტები საპრეზიდენტო არჩევნების წინ კანდიდატების კამპანიებშიც კეთდებოდა. ამ ფონზე დემოკრატიის სკოლებში საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების მოწყობა დაიგეგმა, აგვისტოს ომისა და ზოგადად, საქართველოში რუსული პოლიტიკის გასაანალიზებლად.

თელავის დემოკრატიის სკოლას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ნინო ბოლქვაძე სტუმრობდა, რომელმაც თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ომი 8 აგვისტოს არ დაწყებულა: ,,მთელი წლის განმავლობაში რუსეთი ემზადებოდა აგრესიისთვის, მან არაერთი ქმედება განახორციელა ამისთვის. ლავროვის მაშინდელი განცხადებაც ამის დასტურია, რომ რუსეთი არ დაუშვებს, საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და ყველაფერს გააკეთებს ამისთვის… რუსეთი აწარმოებდა ჰიბრიდულ ომს, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზარდა პირდაპირ აგრესიაში 2008 წლის აგვისტოში და ეს ომი გრძელდება დღესაც,“ – აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.

საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ასევე ისაუბრა იმ საერთაშორისო ფორმატებზე, რომელშიც დღეს მონაწილეობს საქართველო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ რესურსების გამოყენება და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზება ანექსირების პოლიტიკის წინააღმდეგ. მაგალითად, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, აშშ-ს საბიუჯეტო კანონი ოკუპაციის წინააღმდეგ.

მოხსენების დასასრულს ნინო ბოლქვაძემ აღნიშნა, რომ ,,10 წლის შემდეგ დროა ნათელი მოეფინოს ყველაფერს და დასრულდეს სპეკულაციები იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი. ცალსახაა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო“.

აგვისტოს ომი ბათუმისა და ქუთაისის დემოკრატიის სკოლებშიც შეაფასეს, სადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები განიხილეს პირველი ქართული რესპუბლიკის დაცემიდან მოყოლებული თანამედროვე კონფლიქტამდე. შეხვედრებზე მსჯელობა შეეხო იმას, თუ რა წინაპირობა შეექმნა აგვისტოს ომს თითქმის საუკუნის წინ, როცა 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა სუვერენული სახელმწიფოს ანექსია მოახდინა.

შეხვედრაზე მოწვეულმა მომხსენებლებმა, ისტორიკოსებმა სულხან კუპრაშვილმა (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და რეზო ოკუჯავამ (ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის) პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნის ისტორიაც მიმოიხილეს. მათ ისაუბრეს იმ ისტორიულ მოცემულობაზე, რაშიც 100 წლის წინათ საქართველო იმყოფებოდა, თუ რა ხდებოდა რეგიონში, რამდენად იყო მზად საქართველო დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად, როგორც თავად მოსახლეობა მენტალურად, ასევე, ქვეყანა ინსტიტუციონალური და სახელმწიფოებრივი მოწყობის თვალსაზრისით, რა დაბრკოლებების გადალახვა მოუხდათ იმდროინდელ სახელმწიფო მოღვაწეებს.

მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამი წლის შემდგომ, 1921 წელს განვითარებული მოვლენების, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსირების შესახებ და ამ პერიოდიდან დღემდე საქართველოში რუსულ პოლიტიკაზე. ისტორიკოსების თქმით, ბოლო საუკუნის ისტორია აჩვენებს, რომ ჩვენ ხშირად ვუშვებთ ისტორიის მანძილზე ერთსა და იმავე შეცდომებს და ვექცევით რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ. აგვისტოს ომის დაწყების შესახებ დისკუსიაც ამ პროპაგანდის ნაწილია, ინიციატორად საქართველოს გამოცხადება კი რუსულ წისქვილზე ასხამს წყალს და აზიანებს საქართველოს იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.

დემოკრატიის სკოლებში გამართულ შეხვედრებზე აგვისტოს ომის თემატიკაზე შექმნილი მასალებიც განიხილეს. თელავში გამართული შეხვედრის მონაწილე, საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი გოცირიძე „ტალიავინის დასკვნას“ შეეხო. მისი თქმით, ნეიტრალურ და რეალურ ფაქტებზე დამყარებულ არცერთ დასკვნაში არ დგინდება ქართველების მხრიდან საკუთარ ტერიტორიაზე გენოციდის მოწყობის ფაქტები და ესაა, ერთმნიშვნელოვნად რუსული ნარატივი.

„ტალიავინის დასკვნაზე“ ბათუმის შეხვედრის მონაწილე, იურისტმა გიორგი ხიმშიაშვილმაც ისაუბრა. იგი, ასევე შეეხო რონალდ ასმუსის წიგნს „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“, სადაც კრემლის აგრესიაზე დოკუმენტურად არის საუბარი და აქცენტი იმაზეც კეთდება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა ყველაფერზე იყო წამსვლელი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესაჩერებლად, რომ პუტინი ეძებდა შესაძლებლობას დასავლეთისთვის ანგარიშის გასასწორებლად. ამ და სხვა მოსაზრებებზე დაყრდნობით, მომხსენებელმა განმარტა, რომ დღეს არსებული კითხვა – „ვინ დაიწყო აგვისტოს ომი“ არარელევანტურიცაა და პასუხიც ცხადია, ომი, რა თქმა უნდა, რუსეთმა დაიწყო, სხვა ვერსიები კი რუსული პროპაგანდის შედეგია მხოლოდ.

ომის დაწყების თემა დისკუსიის დროსაც გაგრძელდა. შეხვედრების მონაწილე მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ცენტრალურ დონეზე არსებული დისკუსია გააგრძელეს. დისკუსიების სხვა მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკაზე ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, საქართველოსა და უკრაინის ევროინტეგრაციაზე და ამ პროცესის ერთ ჭრილში განხილვაზე, ევრო სკეპტიციზმის გაძლიერებაზე, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მექანიზმებზე და სხვა.

შეხვედრას დემოკრატიის სკოლებში კურსდამთავრებულებთან ერთად, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეებიც ესწრებოდნენ.