დემოკრატიის სკოლებში “დემოკრატიის საერთაშორისო დღე” აღნიშნეს

EECMD დემოკრატიის სკოლებში დემოკრატიის საერთაშორისო დღე დემოკრატ ლიდერებს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას და ზოგადად, დემოკრატიული წყობის მნიშვნელობაზე საუბარს მიეძღვნა. შეხვედრების თემატიკა იყო, ასევე, მსოფლიოსა და საქართველოში დემოკრატიზაციის გზაზე დღეს არსებულ გამოწვევები, პროპაგანდის გავლენა და ქვეყნების როლი ამ პროცესში.

დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, 15 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN) 2008 წლიდან აღნიშნავს. ეს დღე არის ერთგვარი შესაძლებლობა, ხაზი გაუსვა დემოკრატიულ ღირებულებებს, ისაუბრო ამ მხრივ არსებულ პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე.

დემოკრატიის სკოლებში სკოლის კოორდინატორებმა, მოწვეულმა მომხსენებლებმა და სხვა სტუმრებმა დემოკრატიის ისტორია მიმოიხილეს, ანტიკური ხანიდან დღემდე როგორ ტრანსფორმირდა მმართველობის ეს ფორმა, როგორია თანამედროვე დემოკრატია და რა გამოწვევები დგას მის წინაშე დღეს.

ნახსენები იქნა ცნობილი ავტორების სტატიები. ფარიდ ზაქარიას სტატია – „არალიბერალური დემოკრატიის აღმასვლა“, სადაც ავტორი აღნიშნავს, რომ „დასავლური მოდელის საუკეთესო სიმბოლო არის არა მასობრივი პლებისციტი, არამედ მიუკერძოებელი მოსამართლე“. ასევე, კიმ დე ჯუნის სტატია – “კულტურა ბედისწერაა?!”, სადაც სამხრეთ კორეელი ლიდერი ამბობს, რომ დემოკრატია არ არის მხოლოდ ევროპის კუთვნილება, რომ თავისუფლებისკენ სწრაფვას ადამიანები სხვა კონტინენტებზეც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გამოხატავდნენ, რომ კულტურა კი არა, დემოკრატიაა ბედისწერა.

შეხვედრებზე დემოკრატიის ინდექსზეც ისაუბრეს, საერთაშორისო კვლევაზე, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულობას ზომავს. მიმოხილული იქნა გასული წლის  კვლევა და საქართველოს ადგილი ამ რეიტინგში. საქართველომ, ინდექსის განმსაზღვრელი ხუთი მაჩვენებლით, 167 ქვეყანას შორის 79-ე ადგილი დაიკავა და ჰიბრიდულ დემოკრატიად დასახელდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანას გასულ წელს მთავრობის მუშაობისა (4.29) და პოლიტიკური კულტურის (5.00) ნაწილში ჰქონდა, შედარებით უკეთესი იყო მაჩვენებლები შემდეგ კატეგორიებში: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი (8.67%), პოლიტიკური მონაწილეობა (6.11) და სამოქალაქო თავისუფლება (5.59).

თელავის სკოლაში დემოკრატიის დღეს პირველი ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა გაიხსენეს. მოწვეულმა სპიკერმა, თენგიზ სიმაშვილმა, რომელიც თელავის უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიის მკვლევარია, ისაუბრა იმაზე, რომ  საქართველოს 100 წლის წინ ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატიული სისტემა ქონდა და ამ სისტემას, პირველ რიგში, მოქალაქეები ქმნიდნენ. მომხსენებელი მაშინდელი მმართველობის ფორმებს, მმართველ ორგანოებში პარტიების მრავალფეროვნებას და მათ შორის უმცირესობების ჩართულობას, ასევე, სათემო გაერთიანებებსა და მოქალაქეთა მიერ საკითხების ინიცირების პრაქტიკას შეეხო. მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ საქართველოს არასდროს ჰქონია დემოკრატიული გამოცდილება, საბჭოთა და დღეს უკვე რუსული პროპაგანდის ნაწილია.

რუსული პროპაგანდის თემა აქტუალური იყო ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში, სადაც შეკრებილებმა, მოწვეულ სტუმართან, იურისტ, ადვოკატთა ასოციაციის ტრენერთან, ხატია ჩხეტიანთან ერთად, იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც დემოკრატიულ ქვეყნებს შეიძლება დაემუქროს შიდა საქმეებში სხვა ქვეყნების ჩარევის შედეგად. ითქვა, რომ მსგავსი ტენდენცია 21-ე საუკუნეშია მზარდია და მნიშვნელოვანია ამას მეტი დემოკრატია დავუპირისპიროთ.

გორსა და ბათუმში კი, დემოკრატიის საერთაშორისო დღე გამორჩეულ დემოკრატ ლიდერს, ნელსონ მანდელას მოღვაწეობას მიეძღვნა. შეხვედრებზე ისაუბრეს სამხრეთ აფრიკელი ლიდერის დამსახურებებზე დემოკრატიული სამყაროს მშენებლობაში, მის წვლილზე აპარტეიდის დამარცხებისა და ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში, დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრების, მშვიდობიანი და შემრიგებლური პოლიტიკის წარმოების მიმართულებით. ორივე სკოლაში მანდელას შესახებ ფილმის ჩვენება და განხილვაც მოეწყო.

დემოკრატიის სკოლებში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ „დემოკრატიის ლიდერები“, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD), სხვადასხვა წელს სკოლის კურსდამთავრებულებს შორის გამოარჩია, თავიანთი საქმისა და ბრძოლის გამო. 2015 წლის „დემოკრატიის ლიდერი“, გვანცა დოლუაშვილი, გორის  სკოლაში შეკრებილებს, ნელსონ მანდელას მოღვაწეობის მაგალითზე, „სოციალური წებოს“ მნიშვნელობაზე ესაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაპირისპირებული მხარეების საერთო ინტერესების პოვნა, პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაცვლად პატიება და გაერთიანება საერთო საქმისთვის, რაც ასე ძალიან აკლია დღეს ჩვენს ქვეყანას.

არჩილ მჭედლიშვილმა კი, 2018 წლის დემოკრატიის ლიდერმა, თელავის სკოლაში გამართულ შეხვედრაზე დემოკრატიულ მმართველობაში მოქალაქის როლზე ისაუბრა, იმაზე, რომ მოქალაქეთა აქტიურობის გარეშე, კონტროლისა და შემაკავებელი მექანიზმების გარეშე, დემოკრატია ვერ იარსებებს.

გაერომ, რომელიც დემოკრატიის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ინიციატივით 11 წლის წინ გამოვიდა, წელს ეს თარიღი იმაზე საუბარს მიუძღვნა,  რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სისტემები გახდნენ მეტად ინკლუზიურები, რაც გულისხმობს პოლიტიკაში მეტი მარგინალური ჯგუფისა და ახალგაზრების ჩართულობას. ასევე იმას, რომ საჭიროა დემოკრატები მეტად ინოვაციურები და პასუხისმგებლიანები გახდნენ კლიმატური ცვლილებებისა და მიგრაციის საკითხების გადაჭრაში.