დემოკრატიის ლიდერი 2017 არჩილ მჭედლიშვილი გახდა

„დემოკრატიის ლიდერის“ ჯილდოს მფლობელი სამოქალაქო აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი გახდა. პრიზი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) დააწესა,  უკვე მესამედ გადაეცემა დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულს, რომელმაც განსაკუთრებული სიმამცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები გამოავლინა დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში.

წლევანდელი ლიდერი ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი და თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია.  არჩილმა, ერთმა ,,მოქალაქემ“ მოახერხა  საზოგადოების განსასჯელად წამოეწია მნიშვნელოვანი საკითხები და ღიად დაეფიქსირებინა საკუთარი პროტესტი. იგი წლების მანძილზე მუშაობდა ჟურნალისტად რეგიონულ მედიასაშუალებებში, ხოლო ბოლო წლებში თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელე იყო. იგი აქტიურად იყო ჩართული და მხარს უჭერდა თვითმმართველობის  დეცენტრალიზაციის პროცესს. 2017 წლიდან კი, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება, აქტიური სამოქალაქო პროტესტი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელე იყო ყველა ფორმით და შესაძლებლობით აპროტესტებდა მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს და თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას. არჩილის იდეა იყო „სამოქალაქო პროტესტი ცხვარი“, როდესაც 2017 წლის არჩევნებში თელავის  მერობის კანდიდატად ცხვრის კანდიდატურა დააყენა.

“დემოკრატიის ლიდერის” წოდება ჩემთვის არა მხოლოდ ჯილდო, არამედ დიდი მოტივაცია და უფრო მეტად პასუხისმგებლობაა. მადლობას გვუხდი გუნდს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია და რომელთა მხარდაჭერის გარეშე ამ ჯილდოს ვერ დავიმსახურებდი. განსაკუთრებული მადლობა ჩემ თანამოაზრეს – ჟურნალისტ და სკოლის კურსდამთავრებულ მაკა მოსიაშვილს.  როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი ცხოვრება, მე დავრჩები დემოკრატიის სკოლის გულშემატკივარი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირებულებები, რომელიც კურსდამთავრებულებს გვაერთიანებს – რეალობად იქცეს“- განაცხადა არჩილ მჭედლიშვილმა.

დაჯილდოების ცერემონია დემოკრატიის განათლების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. გამარჯვებულს ჯილდო  ჰოლანდიის ელჩმა საქართველოში იოს დოუმამ, NIMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიმონე ფილიპინიმ და EECMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ცუცქირიძემ გადასცეს.

“დემოკრატიის ლიდერის” ჯილდო 2015 წელს დაწესდა და ყოველწლიურ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ეს ინიციატივა არის მხარდაჭერა და აღიარება ზოგჯერ ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ ისეთი ღირებული საქმისა, რასაც დემოკრატიის აქტივისტები აკეთებენ თავიანთი საზოგადოებისათვის, ქალაქისათვის, ქვეყნისათვის. დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა შორის ყოველწლიური ლიდერის დასახელებით, EECMD ახალისებს მათ უფრო აქტიურად გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რაც დემოკრატიის სკოლაში სწავლისას შეიძინეს და ამით თავისი წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცების საქმეში.