გორის მერმა დემოკრატიის სკოლაში ერთი წლის ანგარიში წარადგინა

ქალაქის მერის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა, ქუთაისისა და თელავის შემდეგ, გორის დემოკრატიის სკოლაში გიმართა. მოქალაქეებთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ისაუბრა.

მერის ანგარიშით ირკვევა, რომ 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის 54% ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა. გზების, გარეგანათების, საბავშვო ბაღების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია – ამ და სხვა მსგავს პროექტებზე გასულ წელს ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ინფრასტრუქტურული პროექტების შემდეგ, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება სოციალური პროგრამებია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კატეგორიის 3000-ზე მეტ ბენეფიციარს  1 174 მლნ. ლარის დახმარება გაეწია.

კონსტანტინე თავზარაშვილმა მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამით 274 ათასი ლარით დაფინანსდა 13 პროექტი. მისივე თქმით, გორელები აქტიურად მონაწილეობენ თვითმმართველობის პროექტების დაგეგმვაშიც და ეს მიდგომა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამგვარი მიდგომის წყალობით გორის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის მიერ „მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის მქონედ“ დასახელდა ნომინირებულ 24 მუნიციპალიტეტს შორის.

რაც შეეხება 2019 წლის გეგმებს, ისევ აქტუალურია გზების რეაბილიტაცია და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სასწრაფო დახმარების სისტემის გაუმჯობესება და ამბულატორიების რეაბილიტაცია/მშენებლობა, სოფლებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, საბავშვო ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია, საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის აშენება და სხვა. გორის მერმა ისიც აღნიშნა, რომ  მიმდინარე წლის ზაფხულისთვის,  გორს  ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა ექნება.

გარდა ზემოთხსენებულისა, მერმა საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ პროგრამებზეც ისაუბრა. მერია, მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, აგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ევროკავშირის გრანტის დახმარებით, იგეგმება ინფრასტრუქტურული სამუშაოები „ლომჭაბუკისა“ და ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარედ; რესტავრაცია გაუკეთდება შოთა რუსთაველის მემორიალსა და მის მიმდებარე სკვერს; ეთნოგრაფიულ მუზეუმთან აშენდება სახელოსნოები, სადაც ტურისტები ქართული ხალხური რეწვის მრავალფეროვან ტრადიციებს გაეცნობიან. აღნიშნული მცირე საწარმოები კი, რომლებშიც ადგილობრივები დასაქმდებიან, დატვირთული იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობებითაც; ასევე, ევროკავშირის გრანტით, გორის ციხის გარშემო საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა.

კონსტანტინე თავზარაშვილმა, პრეზენტაციის შემდეგ მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. მოქალაქეები ისეთი საკითხებით დაინტერესდნენ, რომლებიც გორისთვის მნიშვნელოვანია და მერს კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად ინიციატივებიც შესთავაზეს. საუბარი სხვადასხვა სფეროს შეეხო, მაგალითად: მდინარე მეჯუდას სამშენებლო ნარჩენების ნაგავსაყრელად გადაქცევის პრობლემას; გორის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული მოძველებული ატრაქციონების განახლების საკითხს; დაძმობილებულ ქალაქებთან ახალგაზრდებისთვის   განათლების გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობას; სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მოუწესრიგებლობას, განადგურებული ქარსაცავი ზოლების აღდგენასა და  გამწვანების პრობლემას; არა რეგულირებული გარე-ვაჭრობის  წერტილების არსებობას; საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის პრობლემას; სპორტული მოედნების მოუვლელობას;  მიუსაფარ ცხოველთა პრობლემას და სხვა.

შეხვედრის ერთ–ერთმა მონაწილემ კონსტანტინე თავზარაშვილს შეკითხვა ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივ ხარჯვასა და გაბერილ საშტატო ნუსხაზე დაუსვა.  მერის თქმით, იგეგმება აღნიშნული მიმართულებით პოლიტიკის გადახედვა, მანამდე კი შესაძლებელია, მსგავსი ფორმატით მოქალაქეების წინაშე ანგარიშით ინდივიდუალურად მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებიც წარსდგნენ.

გორის მერის ანგარიშის წარდგენას ორგანიზება EECMD-ის გორის დემოკრატიის სკოლამ გაუწია. აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს არჩეული თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების გაზრდას ადგილობრივ მოსახლეობასთან მსგავსი შეხვედრებისა თუ დისკუსიების ორგანიზებით.

გორის დემოკრატიის სკოლაში გამართულ შეხვედრას, სკოლის კურსდამთავრებულებთან და მსმენელებთან ერთად, ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები,  არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

მოქალაქეებთან ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა ისაუბრა.

მერის ანგარიშით ირკვევა, რომ 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯ