განცხადება NDI-სა და IRI-ს საქმიანობის მხარდასაჭერად საქართველოში

გვსურს გამოვეხმაუროთ მზარდი დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც მიზანმიმართულად უტევს საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერ ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით ეროვნულ – დემოკრატიულ ინსტიტუტსა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI). როგორც ჩანს, ეს ორი ორგანიზაცია საგანგებოდ არის შერჩეული სახიფათო, ანტიდემოკრატიული აქტორების სამიზნედ. მათი პროპაგანდა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას მცდარი წარმოდგენების შექმნით იმ უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმიანობის შესახებ, რომელთაც ეს ორგანიზაციები ახორციელებენ საქართველოში. 

დემოკრატიისაკენ სავალი გზა საქართველოსთვის იოლი არ ყოფილა. ზოგადად, ეს გზა არსად არის ადვილად გასავლელი და ეს გაცილებით რთული იქნებოდა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ არა ამ ორი ორგანიზაციის საქმიანობა წლების განმავლობაში. ჩვენ დიდი ხანია მათთან ვთანამშრომლობთ და ძალიან კარგად ვიცით, თუ რამდენად საფუძვლიანი და გულწრფელია ამ ორგანიზაციების მხარდაჭერა საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის გაძლიერებისთვის; რამდენად მაღალპროფესიონალურია მათი დემოკრატიის მხარდამჭერი სტრატეგიები და მეთოდოლოგიები. ამ ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროგრამები საქართველოს დემოკრატიას სწორედ მაშინ აძლიერებს, როდესაც ჩვენ ეს ყველაზე ძალიან გვჭირდება. მათზე თავდასხმის მიზანია დემოკრატიისაკენ სწრაფვის საერთო თანხმობის მორღვევა ქვეყანაში, ქართულ-ამერიკული კავშირების შესუსტება და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსიდან აცდენა.

მხარდაჭერას ვუცხადებთ ორივე ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოში. ასევე, ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ გახდნენ პოპულისტური პროპაგანდის მსხვერპლი და დამოუკიდებლად, უტყუარ ინფორმაციაზე დაფუძნებით შეაფასონ ამ ორი ორგანიზაციის ძალისხმევის შედეგები. 

დაბოლოს, გამოვხატავთ მადლიერებას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის მიმართ ქართული დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლისისთვის. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ, მივესალმებით NDI-სა და IRI-ს საქმიანობას საქართველოში და წარმატებებს ვუსურვებთ!