გამოსაშვები ცერემონია ლვოვისა და ოდესის დემოკრატიის სკოლებში

2018 წლის 13 და 15 მარტს, ლვოვისა და ოდესის დემოკრატიის სკოლის პირველი კურსდამთავრებულები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.19 სტუდენტი ლვოვიდან და 15 სტუდენტი ოდესიდან, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ხუთთვიანი ინტენსიური პროგრამა, ერთად შეიკრიბნენ რათა მონაწილეობა მიეღოთ დაჯილდოების ცერემონიაში. დემოკრატიის სკოლის გამოსაშვებ ცერემონიასა და სერტიფიტიკატების გადაცემის პროცესს შეუერთდნენ ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, კირილო ტრეტიაკი, პროგრამის ოფიციერი უკრაინაში და იულია სუძილოვსკა, აღმასრულებელი ასისტენტი უკრაინაში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ დემოკრატიის სკოლის ადგილობრივი კოორდინატორები, პეტრო კუზუკი ლვოვიდან და სერგიი გლებოვი ოდესიდან.

პეტრო კუზუკმა და სერგიი გლებოვმა კურსდამთავრებულებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს, ხაზი გაუსვეს დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულების ქსელის შექმნაში მათ მნიშვნელოვან როლს და გააჟღერეს EECMD-ის მზადყოფნა მხარი დაუჭიროს მათ უკრაინაში დემოკრატიის გაძლიერებისკენ მიმართულ საქმიანობაში. სიტყვით გამოსვლისას ასევე აღინიშნა პროექტის დონორის, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD), განსაკუთრებული როლი. კირილო ტრეტიაკმა კურსდამთავრებულებს ერთად მუშაობისა და სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების ქსელის შექმნაში წვლილის შეტანისკენ მოუწოდა, რომელიც ტოლერანტული, დემოკრატიული და წარმატებული უკრაინული საზოგადოების იდეის ირგვლივ იქნება გაერთიანებული. ლევან ცუცქირიძემ ხაზი გაუსვა დემოკრატიული საზოგადოებების ჩამოყალიბებაში „მცირე მოვლენების“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია დემოკრატიის გავრცელება თუ კი ისინი თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში დემოკრატიულ ღირებულებებს დანერგავენ. მან დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს მოუწოდა გამოიყენონ დემოკრატიის სკოლაში ინტენსიური სასწავლო პროგრამის შედეგად მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები და  ერთად იმუშავონ კორუფციის აღმოფხვრისა და ქვეყანასა და რეგიონში ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანის მიმართულებით.

ორივე სკოლის კურსდამთავრებულებმა გამოხატეს თავიანთი შთაბეჭდილებები და ისაუბრეს საპილოტე პროექტის მიღწევებსა და გაუმჯობესების გზებზე. ლვოვის დემოკრატიის სკოლის მონაწილემ, ქრისტინა მატსუკევიჩმა, EECMD-ის დემოკრატიის სკოლა ადგილობრივ რეფორმას შეადარა, რომელიც სტუდენტებს შიდა ბარიერების დაძლევაში დაეხმარა და მათ შესაძლებლობა მისცა ესაუბრათ უკრაინის საზოგადოებაში პროგრესული ცვლილებების უზრუნველყოფის საჭიროებაზე. მან ხაზი გაუსვა ქვეყანაში რეფორმისტული ტრანსფორმაციის პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობას. მეორე მონაწილემ ლვოვიდან, ბოჰდან ლიბიჩმა, პროექტის სპონსორებსა და ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა უკრაინის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში სკოლების არსებობის განსაკუთრებულ საჭიროებას. ოდესის დემოკრატიული სკოლის სტუდენტმა, ვარვარა სოკოლოვამ, კი აღნიშნა, რომ „ჩვენი პასუხისმგებლობაა გამოვიყენოთ შეძენილი უნარ-ჩვევები, სხვებს გავუზიაროთ საკუთარი ამბიციები და წავახალისოთ პერსპექტიული სტუდენტები შემოუერთდნენ ამ მეტად საჭირო და ამბიციურ პროექტს“.

ცერემონიის შემდეგ არაფორმალური მიღება გაიმართა. კურსდამთავრებულებმა და EECMD-ის წარმომადგენლებმა ეს შესაძლებლობა გამოიყენეს რათა ესაუბრათ კურსის ფორმატისა და შინაარსის შესახებ, განეხილათ კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნასთან დაკავშირებული დეტალები და ემსჯელათ სამომავლო პროექტებზე. შეთანხმდნენ, რომ ეს არა დასასრული, არამედ ახალი თანამშრომლობის დასაწყისია და რომ დემოკრატიის სკოლის პირველი თაობის შემდეგ სკოლას კიდევ უფრო მეტი წარმატებული სტუდენტი და კურსდამთავრებული შემოუერთდება.

საპილოტე პროექტის წარმატების გათვალისწინებით, EECMD განიხილავს უკრაინაში კიდევ ერთი, მესამე დემოკრატიის სკოლის გახსნის შესაძლებლობას.ეს რეგიონალური აქტივისტების კიდევ ერთ ჯგუფს შესაძლებლობას მისცემს სათავეში ჩაუდგნენ უკრაინაში დემოკრატიული საზოგადოებისა და ინსტიტუტების განვითარების პროცესებს.