ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში ბათუმის დემოკრატიის სკოლაში

20 ივნისს, ბათუმის დემოკრატიის სკოლას სულიკო თებიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სტუმრობდა, რომელმაც საქმიანობის ანგარიში წარადგინა. იგი პოსტს 2017 წლის ნოემბრიდან იკავებს, მანამდე კი განათლების მინისტრის, სკოლის დირექტორისა და პედაგოგის პოზიციებზე მუშაობდა.

„საკრებულოს მთავარ დანიშნულებად მოქალაქეებთან კომუნიკაცია მიმაჩნია და ჩემი ინიციატივები ძირითადად, ამ საკითხის გაუმჯობესებას ემსახურება“, – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ და ისაუბრა, თუ როგორ გააუქმა მოქალაქეთა მიღების კონკრეტული დღე და კვირის ყველა დღეს აქვს მათთან კომუნიკაცია. მისივე თქმით, გასულ წელს ამ გზით 500–მდე მოქალაქესთან მოახერხა შეხვედრა. სულიკო თებიძემ აღნიშნა, რომ „ღია კარის სხდომის“ მოდელიც აამუშავეს, სადაც სხდომას მოქალაქეები წარმართავენ და მას მერიისა და საკრებულოს ყველა მაღალჩინოსანი ესწრება.

სხვა ინიციატივებიდან საკრებულოს თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ხარჯების შემცირება, პედაგოგებისა და სკოლის ტექნიკური პერსონალისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფების დაწესება და ელექტრონულ პეტიციაზე ბარიერის დაწევა დაასახელა.

თავმჯდომარის მოკლე მოხსენების შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა კითხვები დასვეს, რომელიც შეეხებოდა  მიღებულ და ჩავარდნილ პეტიციებსა თუ ინიციატივებს, ასევე, ბათუმიდან აეროპორტის გადატანას, პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვას, ფეიერვერკების სისტემის მერიაზე დაქვემდებარებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სავალალო მდგომარეობას,  მიკროავტობუსებზე ტარიფის ზრდას, ქუჩებზე სახელების გადარქმევას, ველოპარკის განახლებას და ველოსადგომების მოწყობას.

შეხვედრის ერთ–ერთი მონაწილის, დავით ფარტენაძის შეკითხვა საკრებულოს დეპუტატის, უმრავლესობის წევრის – ომარ მახარაძის საკითხს ეხებოდა. დეპუტატი, რომელიც ამავე დროს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორიც იყო, თავისმა სტუდენტმა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა, რასაც მისი უნივერსიტეტიდან წასვლა, ასევე,  საკრებულოში ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარის პოსტის დატოვება მოყვა. დეპუტატი ამ დრომდე რჩება ბათუმის საკრებულოს წევრად, მის წინააღმდეგ კი გამოძიებაა დაწყებული. დავით ფარტენაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს კითხა, იმ ფონზე, როცა უნივერსიტეტის დისციპლინარულმა საბჭომ ლექტორს ეთიკური სტანდარტის დარღვევა დაუდგინა და ხელშეკრულება შეუწყვიტა, რატომ არ შეიძლებოდა დეპუტატის მორალური პასუხისმგებლობის საკითხი საკრებულოშიც დასმულიყო? ამაზე საპასუხოდ სულიკო თებიძემ აღნიშნა, რომ ეჭვის ნიადაგზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს: „დეპუტატმა დატოვა თანამდებობები საკრებულოში, ის არჩეული დეპუტატია და მანდატის დატოვებას მას ვერავინ აიძულებს, თუმცა, თუკი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მის მიმართ ყველაზე მკაცრ ზომებს გავატარებთ“.

საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ დასმული შეკითხვები ქალაქის ინფრასტრუქტურულ და ურბანულ საკითხებსაც შეეხო. ტროტუარების გადაკეტვა კაფე–რესტორნების მეპატრონეების მიერ და ქვეითებისთვის დაბრკოლებების შექმნა, ხმაურის ხარისხის კონტროლი ქალაქში, გარე ვაჭრობა ბათუმი პლაჟებზე და სხვა. შეხვედრის მონაწილე შალვა ილარიშვილმა კითხვა სანაპირო ზოლში მშენებლობებზე დასვა, რომლებიც მერიის ნებართვითა და საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება. ამაზე საკრებულოს თავმჯდომარის პასუხს, რომ „ბათუმის სანაპირო ზოლში უკვე დარღვეულია ბალანსი და ეს წინა წლებში დაიწყო“, დამსწრე აუდიტორიის მძაფრი კრიტიკა მოყვა: „მაშინ გავაგრძელოთ ქალაქის დამახინჯება,“ – ასეთი რეპლიკა ქონდა ირმა ზოიძეს, ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულს და აქტივისტს.

20 ივნისს ბათუმში საპროტესტო აქციაც გაიმართა, რომლის მონაწილეებმა რუსული ოკუპაცია და რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამზე დაჯდომა გააპროტესტეს. სულიკო თებიძემ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ არასდროს დაუჭერს მხარს რუსეთის დროშების ქალაქის ქუჩებში გამოჩენას და რუსი პოლიტიკოსების საქართველოს პარლამენტში ყოფნას, თუმცა, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯებზე აღარ უსაუბრია.

დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ბევრი სასარგებლო ინფორმაცია მიიღო, საკითხები ჩაინიშნა და საკრებულოში მათ ინიცირებაზეც იფიქრებს, მომავალში კი ისევ ეწვევა დემოკრატიის სკოლას სხვა ინიციატივებზე სასაუბროდ.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრა EECMD–ის შეხვედრების ციკლის ფარგლებში დაიგეგმა, რომლებიც თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულების ზრდას, მოქალაქეებთან მეტ კომუნიკაციას და გამჭვირვალეობითი დემოკრატიის განვითარებას ემსახურება. სხვადასხვა დროს დემოკრატიის სკოლებს ქალაქის მერები, გუბერნატორები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა თანამდებობის პირები სტუმრობდნენ ხუთივე ქალაქში.

20 ივნისს, ბათუმის დემოკრატიის სკოლას სულიკო თებიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სტუმრობდა, რომელმაც საქმიანობის ანგარიში წარადგინა.