აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცლილებებზე ბათუმის დემოკრატიის სკოლაში იმსჯელეს

2018 წლის 8 თებერვალს, EECMD ბათუმის დემოკრატიის სკოლაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა და ბათუმის დემოკრატიის სკოლის მსმენელებმა იმსჯელეს იმ ცვლილებებზე, რომლებიც დოკუმენტში უახლოეს პერიოდში აისახება.

შეხვედრაზე მომხსენებლებად მოწვეულნი იყვნენ – დავით გაბაიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობს; კომისიაში ოპოზიციური ფრთის წარმომადგენელი,  პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი პეტრე ზამბახიძე და არჩილ ხახუტაიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი.

დავით გაბაიძემ პოზიტიურად შეაფასა ის ცვლილებები, რომლის მიხედვით, ბუნებრივი რესურსების (წყალი, ტყე, მიწა) განკარგვა ახალი კონსტიტუციით ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილება ხდება; ძლიერდება უმაღლესი საბჭოს მიერ აჭარის მთავრობის ანგარიშვალდებულების მექანიზმები; მარტივდება ადგილობრივი სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების პროცესიც და ესეც ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენცია ხდება სრულად, მათ შორის მინისტრების დანიშვნა და ახალი სამინისტროების შექმნა. ამან შეხვედრის მონაწილეებში გააჩინა კითხვები ახალი სამინისტროების შექმნასთან დაკავშირებით, რაზეც დავით გაბაიძემ აღნიშნა, რომ ასეთი ცვლილება არ იგეგმება.

პეტრე ზამბახიძემ თავის მოხსენებაში აქცენტი გააკეთა საარჩევნო სისტემაზე, თუ რატომ არ გაიმართა განხილვებისას მსჯელობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და კონსტიტუციაში ამ ცვლილების ასახვაზე. მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ არსებული პროექტით ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციები მცირდება და კონსტიტუციიდან ამოღებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, ტურიზმის, კულტურისა და სპორტის სფეროები, ადგილობრივი მნიშვნელობის მშენებლობები და სხვა. ამაზე დავით გაბაიძის არგუმენტი ასეთი იყო – ამოღებული საკითხები ვერ იქნება ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილება, რადგანაც ჩამოთვლილი საკითხები ცენტრალური ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა. მიუხედავად ამ დასაბუთებისა, უფლებამოსილებების ჩამონათვალის შემცირების საკითხს დარბაზში მაინც დიდი დისკუსია მოყვა.

არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, მიუხედავად არაერთი ჩატარებული განხილვისა, პროცესი აჩენს კითხვას – ეს ყველაფერი ფორმალურია თუ რეალურად შეიცვლება რამე? მისი თქმით, უნდა ვისაუბროთ იმაზე, ადამიანებისთვის რა იცვლება ამ კონსტიტუციით.

კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ, რომელიც ბათუმის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია განაცხადა, რომ დოკუმენტის მთავარი ხარვეზი აჭარისთვის ფართო დელეგირებული უფლებების არქონაა. მისივე თქმით, აჭარის და ასავე საქართველოს ახალი კონსტიტუციური პროექტების მთავარი ხარვეზი პროცესის დაჩქარებაა: “მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ კონსტიტუციები ასე სწრაფად არ მიიღება. მნიშვნელოვანია, განხილვები მოეწყოს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან და მათთან ერთად ვიმსჯელოთ, მაგალითად, ზოგადი განათლება უნდა იყოს თუ არა აჭარის კომპეტენცია”.

შეხვედრაზე დაისვა ასეთი შეკითხვებიც – რატომ არაფერია ნათქვამი კონსტიტუციაში ეკომიგრაციაზე? რატომ არ შეიძლება ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად კონსტიტუციით შევქმნათ გარანტიები? რამდენად შეძლებს ახალი კონსტიტუცია დაეხმაროს ხალხს აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლში? და სხვა.

შეხვედრა საკმაოდ მწვავე დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია კონსტიტუციური პროექტის მსგავსი ფორმატის განხილვები, რათა გამოიკვეთოს რეალური პრობლემები და პროექტში ცვლილებებიც ასეთი მსჯელობების საფუძველზე შევიდეს.

აჭარის კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვები უკვე დასრულდა. განხილვის პროცესმა უმაღლეს საბჭოში გადაინაცვლა. ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა 20 აპრილამდე უნდა დაასრულოს და შემდეგ დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.