ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენა დემოკრატიის სკოლებში

ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით, თელავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის დემოკრატიის სკოლებში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენა გაიმართა.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით სისტემური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ აქტიურად ხორციელდება. ანგარიში  შემდეგ ძირითად მიმართულებებსა და თემებს მოიცავს: შრომითი უფლებები და სტანდარტები, ბავშვთა უფლებები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა,  გარემოს დაცვა, თანასწორობა და მართლმსაჯულება.

შეხვედრების დროს, მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ეტაპებზე, უკვე განხორციელებულ და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. საუბარი ასევე შეეხო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებსა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წარდგენილ შესაბამის რეკომენდაციებს.

შრომითი უფლებებისა და სტანდარტების საკითხთან დაკავშირებით მოხსენებები ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათ შრომითი უსაფრთხოებისა და შრომითი სტანდარტების გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ისაუბრეს. გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს ბუნებრივი რესურსების მდგრადად გამოყენების საჭიროებას, სახელმწიფოს მიერ გამჭვირვალობის ზრდასა და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე  ისაუბრეს, რომელიც ძირითადად, მაღალი დონის კორუფციასა და სარგებლის მიღების მიზნით თანამდებობის გამოყენებას უკავშირდება. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა მართლმსაჯულების საკითხებსა და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.

თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე ისაუბრეს კავშირი „საფარისა“ და ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლებმა.

შეხვედრებს, რომელიც დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა, ესწრებოდნენ დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულები, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.