ადგილობრივი ლიდერის გაძლიერება ცვლილებებისთვის

მადონა ბატიაშვილი კახეთის რეგიონში ერთადერთი ქალი ვიცე-მერია. ის ამ  პლატფორმას იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველას ხმა თანაბრად ისმოდეს. 2017 წელს, ვიცე-მერად არჩევის შემდეგ, მისი პირველი ინიციატივები პოლიტიკისგან მარგინალიზებული ჯგუფების – ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერებისკენ იყო მიმართული.

დემოკრატიის სკოლა

მადონა საქართველოში EECMD-ის 600-ზე მეტ კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთია. დემოკრატიის სკოლაში, რომელსაც 2016 წელს შეუერთდა, სხვადასხვა გამოცდილებისა და ინტერესების მქონე ადამიანებს შეხვდა. ყოველ წლიურად სკოლაში თავს იყრიან საჯარო მოხელეები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აკადემიური სივრცისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

ხუთთვიანი კურსის მანძილზე მონაწილეები იღრმავებენ ცოდნას დემოკრატიის ძირითადი ცნებების შესახებ, აძლიერებენ საკუთარ ანალიტიკურ შესაძლებლობებს და იძენენ საჭირო უნარ-ჩვევებს, რაც მათ ეფექტური ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარებათ.

დღეს საქართველოში დემოკრატიის სკოლები ოთხ ქალაქში – თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს. დემოკრატიის სკოლები ხელს უწყობს ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერებას. სწორედ ამან უბიძგა მადონას მონაწილეობა მიეღო დემოკრატიის სკოლაში –  უნდოდა ესწავლა იმ ხალხთან ერთად, ვისაც, მის მსგავსად, ცვლილებების სურვილი ამოძრავებდა.

უნარ-ჩვევების გაძლიერება და პერსპექტივის შეცვლა

ლექციების საწყის ეტაპზე მადონასთვის რთული აღმოჩნდა სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მქონე ადამიანებთან ერთად ესწავლა და ემუშავა, თუმცა, მან მალევე გააცნობიერა, რომ ასეთ გარემოში ყოფნა ბევრად სასარგებლო იყო. დემოკრატიის სკოლაში გამართული დებატები დაეხმარა არგუმენტების მოძიებასა და განსხვავებული აზრების შემწყნარებლობაში. მას სჯერა, რომ ეს უნარ-ჩვევები დღეს  გადაწყვეტილების მიღებისას, საკუთარი კოლეგებისა, თუ ოპონენტების დარწმუნებაში ეხმარება: „დემოკრატიის სკოლაში მონაწილეობამდე არასდროს მქონია შესაძლებლობა მემუშავა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებთან. სკოლაში მონაწილეობის შემდეგ უფრო ტოლერანტული და კომუნიკაბელური გავხდი“.

ჩართულობის მხარდაჭერა

მადონას თქმით, დემოკრატიის სკოლაში სწავლისას გააცნობიერა, რომ „თანამედროვე ლიდერისთვის საჭიროა ადამიანებს მისი სჯეროდეთ. საჭიროა მეტი გახსნილობა და განსხვავებული რიტორიკა“.

ეს ახალი პერსპექტივა მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საჯარო სამსახურში მაღალი პოზიციის დაკავების შემდეგ. ის, ერთი მხრივ, თვითონ იძლევა საზოგადოებასთან ღია ურთიერთობების მაგალითს, მეორე მხრივ კი იბრძვის არჩეული პირებისა და მოსახლეობის კომუნიკაციის გაძლიერებისთვის, პოლიტიკისგან შორს მყოფი ჯგუფების  ჩართულობისთვის. მადონას, როგორც ვიცე-მერის პირველი ნაბიჯი სწორედ ახალგაზრდებთან კავშირების განვითარებაა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ახალგაზრდების ჩართულობის ხარისხი საქართველოში ძალიან დაბალია, ახალგაზრდები პოლიტიკით ხშირად იმედგაცრუებულნი არიან. ამიტომაც, რეგიონში ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ, მადონამ ცვლილებები შეიტანა ბიუჯეტში და ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის შესაბამისი დაფინანსება გამოყო. დაფინანსება გაიცემა გრანტის ფორმით, რომელიც ხელმისაწვდომია რეგიონში ყველა ახალგაზრდული ორგანიზაციისათვის.

მადონას მტკიცედ სჯერა, რომ ახალგაზრდების ჩართულობა მისი რეგიონის კეთილდღეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე იმედოვნებს, რომ დაფინანსების ახალი შესაძლებლობები  ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობას  შეუწყობს ხელს, მათ რეალიზებაში, სამსახურის პოვნასა და კახეთის რეგიონში დარჩენაში დაეხმარება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დემოკრატიის სკოლის შემდეგ მადონასთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა – ქალთა უფლებებია.

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში ძალიან დაბალია. ქალები საქართველოს პარლამენტის წევრთა მხოლოდ 16%-ს შეადგენენ, ადგილობრივ დონეზე არჩეულ პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ 12-13%-ია ქალი. 64 მუნიციპალიტეტიდან 63-ს კაცი მერი ყავს, მათ შორის რვა – კახეთის რეგიონში.

თავის ახალ როლში მადონა ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს იმისათვის, რომ აქტიურ და წარმატებულ ქალებს ასპარეზი მიეცეთ. ამისათვის მან კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგა.

პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გაზრდის იდეით, მადონამ რეკომენდაცია გაუწია რამდენიმე ქალს სოფელში თავის წარმომადგენლად დანიშვნაზე. მადონას სჯერა, რომ მეტი ქალი ადგილობრივ პოლიტიკაში ქალებს გააძლიერებს და შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში.

ახალგაზრდებთან და ქალებთან მადონას მუშაობას საფუძვლად უდევს ძლიერი რწმენა, რომელიც მას დემოკრატიის სკოლაში ყოფნისას ჩამოუყალიბდა: “მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ როდესაც არ მოგწონს თუ როგორ კეთდება საქმე, ან არ ეთანხმები ვიღაცის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უნდა დაიწყო მუშაობა ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად. მიხარია, რომ ამას მივხვდი, ახლა საჯარო მოხელე ვარ და გავაკეთებ ყველაფერს, რათა ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკეთ იმუშაოს“.

მადონა ბატიაშვილს სურს ცვლილებების მისაღწევად გამოიყენოს ის, რაც დემოკრატის სკოლაში ისწავლა. საქართველოში დემოკრატიის სკოლების მეშვეობით, NIMD-ისა და EECMD-ის მიზანია, მადონას მსგავსად, უფრო მეტ ადამიანს დაუჭიროს მხარი, რათა ისინი საკუთარ რეგიონებში  ლიდერები გახდნენ და  ეფექტური ცვლილებები უზრუნველყონ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის სკოლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

წყარო: https://nimd.org/empowering-a-local-leader-to-make-a-difference-in-georgia/