ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე თელავის დემოკრატიის სკოლაში

10 დეკემბერს, თელავის დემოკრატიის სკოლაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც სახალხო დამცველის აპარატთან და თელავის მუციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით ჩატარდა, მოეწყო  თელავის ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის შესახებ.  გარდა ამისა, გავრცელდა იმავე თემაზე დაბეჭდილი ბროშურებიც.

გამოფენის შემდეგ, თელავის დემოკრატიის სკოლამ  დისკუსიებს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის მოსწავლეები, აქტიური სტუდენტები და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები.  

თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას, შემდეგ ისაუბრა ამ დღის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ელეონორ რუზველტის როლს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების პროცესში.  თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გუგა გურაბანიძემ აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების სამოქალაქო პროცესებში ჩართულობა. მუნიციპალიტეტის მართვის პროცესებში მონაწილეობა  მათი პოლიტიკური და სოციალური მოვალეობაა და აგრეთვე, მოკლედ მიმოიხილა ის შესაძლებლობები, რომლებსაც თელავის მუნიციპალიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს. დისკუსია გააგრძელა ეთერ შიუკაშვილმა, სახალხო დამცველის აპარატიდან, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება, ძირითადი მიღწევები და გამოწვევები, საერთაშორისო ნორმები და კონსტიტუციური ვალდებულებები. 

გარდა ზემოთხსენებულისა, დისკუსიის დროს საუბარი შეეხო ბულინგის საკითხს სკოლებში.  ხაზი გაესვა ახალგაზრდებს შორის ძალადობის აღმოფხვრის საჭიროებას და დაისვა კითხვები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე თელავის დემოკრატიის სკოლაში.