ვებ-გვერდ www.partiebi.ge-ის პრეზენტაცია

2017 წლის, 13 ოქტომბერს, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ორგანიზებით, ვებ-გვერდ www.partiebi.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერობის კანდიდატები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

განახლებულ ვებ-გვერდზე განთავსებულია არჩევნებში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატების პასუხები. www.partiebi.ge-ის საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს ცალკეული მერობის კანდიდატების ხედვებს და თემატურად შეადაროს ისინი ერთმანეთს. ამავე ვებ-გვერდზე, ამომრჩეველს შეუძლია გაეცნოს თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამების ფინანსური რეიტინგის შედეგებს. აღნიშნული რეიტინგის მიზანია, ხელი შეუწყოს საარჩევნო დაპირებების სერიოზულ, რაციონალურ საჯარო ანალიზს, ეს კი შეუძლებელია თუკი არ გვეცოდინება, ესა თუ ის კანდიდატი, როგორ და რა ხარჯებით განახორციელებს ამა თუ იმ ინიციატივას. სწორედ ამიტომ, „ფინანსური რეიტინგი“ პროექტის პირველი ფაზა აფასებს იმას, თუ რამდენად დათვლადია ამა თუ იმ კანდიდატის კონკრეტული ინიციატივა. “ფინანსური რეიტინგი” არ არის კანდიდატთა პროგრამების სრული შინაარსობრივი ანალიზი და მხოლოდ მათი დათვლის თეორიულ შესაძლებლობას განიხილავს.

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით: „დაპირებების რაოდენობა, რომელთა ეკონომიკური ანალიზი არის შეუძლებელი, ძალიან დიდია. ჩვენ ყველა კანდიდატს ვთხოვეთ კითხვარების შევსება, რათა მოგვეხდინა მათი ანალიზი. ყველაზე მეტი პასუხესმგებლობით კითხვარები შეავსო სამმა კანდიდატმა. ესენი არიან კახაკალაძე, ელენე ხოშტარია და თენგიზ შერგელაშვილი“.

პრეზენტაციის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, ნინო ლომჟარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წლევანდელ არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატისათვის დამახასიათებელ ტენდენციას, კერძოდ კანდიდატთა მიერ ეკოლოგიის საკითხებზე ფოკუსირება,  გაუსვა ხაზი. მისი აზრით: „რაც შეგვიძლია გამოვყოთ არის ის რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახლა ყველა კანდიდატის აქცენტი კეთდება ეკოლოგიურ თემებზე. სხვა პრიორიტეტებზე საუბრის დროსაც კი, ისინი ისევ ეკოლოგიის თემას უბრუნდებიან. მაგალითად, როგორ მოაგვარებს ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგება, ეკოლოგიის პრობლემას“.

www.partiebi.ge ხელმისაწვდომი იქნება ქართულ, ინგლისურ, სომხურ, და აზერბაიჯანულ ენებზე. ვებ-გვერდი ასევე ადაპტირებულია უსინათლო და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის.

www.partiebi.ge 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს, როგორც მერობის კანდიდატების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.