“ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები” – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ეს ჩანაწერი ბათუმში უკვე შვიდ თვეზე მეტია ვერ სრულდება. ქალაქს თვეებია არ ჰყავს მთავარი სათათბირო ორგანო – საკრებულო, მერიას მაკონტროლებელი, მოქალაქეებს კი მათი პრობლემების გამხმოვანებელი წარმომადგენლები. უფრო მეტიც, თუ უახლოეს დღეებში, 4 ივნისამდე საკრებულოს დეპუტატებმა შეკრება ვერ შეძლეს, ბათუმელებს 2022 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოუწევთ და ასეთ შემთხვევაში ქალაქის ცხოვრება საკრებულოს გარეშე ერთ წელზე მეტხანსაც შეიძლება გაგრძელდეს.
გასული წლის 2 ოქტომბერს ბათუმის მაცხოვრებლებმა თვითმმართველობის არჩევნებზე ახალი საკრებულო აირჩიეს და მხარი მრავალპარტიულ ორგანოს დაუჭირეს, სადაც უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს ერგოთ.
ბათუმის საკრებულო 35-მანდატიანია. საკრებულოში, გარდა “ქართული ოცნებისა”, სამი ოპოზიციური პარტია მოხვდა და მათი მანდატების საერთო რაოდენობამ უმრავლესობა შეადგინა. გადანაწილება ასეთი იყო – 16 მანდატი “ქართული ოცნება”, 15 მანდატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 3 მანდატი “გახარია საქართველოსთვის” და ერთი მანდატი “ლელო საქართველოსთვის”.
მოლოდინებიც პოზიტიური იყო, საზოგადოებაში დაიწყო მსჯელობა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე, გაჩნდა განცდა, რომ საკრებულო რეალურ ფუნქციას შეიძენდა და პოლიტიკური გავლენებისგან განთავისუფლდებოდა. ასე არ მოხდა და ახალარჩეულ საკრებულოს ჯერ არცერთ პრობლემაზე არ უმსჯელია.
ბათუმის საკრებულოს ვებ.გვერდს თუ დაათვალიერებთ, სიახლეების ველში ბლომად ნახავთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საკრებულოს სხდომა ვერ შედგა. ყველა ამ სიახლეს წინ უძღვის ანონსი – ზოგ შემთხვევაში “ქართული ოცნება” იწვევს სხდომას, ზოგჯერ კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. თუმცა, 3 დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც საკრებულოს პირველი შეკრების შესახებ გამოცხადდა, არცერთი მხარე თანხმდება მეორე მხარის მოწვეულ სხდომაში მონაწილეობას.
რეგლამენტის თანახმად, საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია შეიკრიბოს და განიხილოს საკითხები, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, შესაბამისად, სხდომის გასახსნელად 35-წევრიან საკრებულოში მინიმუმ 18 წევრის შეკრებაა საჭირო. ამ რაოდენობის შევსებას კი ვერცერთი მხარე უკვე თვეებია ვერ ახერხებს.
საკრებულოს ვებგვერდის სიახლეების ველში კიდევ ერთი უცნაურობა მოგხვდებათ თვალში – მიუხედავად იმისა, რომ ახალი საკრებულო 2021 წლის 2 ოქტომბერს აირჩიეს, მისი უფლებამოსილება ორი თვის თავზე ცნეს. მთელი ეს პერიოდი კი ჩვეულებრივ იკრიბებოდა წინა მოწვევის, უკვე გადარჩეული საკრებულო და იღებდა ქალაქისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. წინა მოწვევის საკრებულომ გასული წლის 26 ნოემბერს 2022 წლის ქალაქის ბიუჯეტიც დაამტკიცა, ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც ახალ საკრებულოს უნდა ემუშავა. ეს ფაქტი უპრეცედენტო იყო, რადგან არცერთ წელს არ დამტკიცებულა ბიუჯეტი ასე დაჩქარებული წესით, თუნდაც ფორმალური განხილვებისა და მსჯელობის გარეშე და თანაც ასე ადრე. ძირითადად, დოკუმენტის მიღება წლის ბოლოს, დეკემბრის მიწურულს ხდებოდა ხოლმე და ამ მიზნით სხდომები 30 დეკემბერსაც გამართულა. ახალი საკრებულოს ვერშეკრების პირობებში კი, ასეთი პროცედურით მიღებულ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შეტანაც ვეღარ ხერხდება.
მომდევნო თვეებში სახელისუფლო პარტიამ მათი გადაწყვეტილება ბიუჯეტის ნაადრევად დამტკიცების შესახებ იმით გაამართლა, რომ წინასწარ გათვალეს ოპოზიციური პარტიების დესტრუქციულობა და ქალაქი არ დატოვეს ფინანსური დოკუმენტის გარეშე. ამით კი თავიდან აიცილეს სხვადასხვა პროგრამების გაჩერება. ოპოზიციური პარტიები კი ამას “ქართული ოცნების” წინასწარი შიშებით ხსნიდნენ და ამბობდნენ, რომ უმრავლესობა დაკარგული მმართველი პარტია ასწრებდა მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღებას.
საკრებულოს შემადგენლობას და გადანაწილებულ მანდატებს რომ დავუბრუნდეთ – თუკი გასული წლის ოქტომბერში ოპოზიციას უპირატესობა ჰქონდა – 35-დან 19 მანდატი, 2 აპრილის №4 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შემდეგ მანდატები ასე გადანაწილდა: 17 მანდატი ოპოზიციურ პარტიებს, 17 “ქართულ ოცნებას” და ერთიც დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ყოფილ წევრს.
ცვლილებები ორმა ფაქტმა განაპირობა: თავიდან “გახარია საქართველოსთვის” სიით არჩეულმა დეპუტატმა ირაკლი თავდგირიძემ დატოვა თავისი პარტია, რაც პარტიის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირით/გარიგებით ახსნა. ამ გადაწყვეტილებას მაშინვე მოყვა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დეპუტატი “ქართულმა ოცნებამ” გადაიბირა. ამას თავდგირიძის ყოფილი პარტიაც უსვამს ხოლმე ხაზს. ამიტომ საკრებულოს ოპოზიცია დამოუკიდებელი დეპუტატის ხმას სახელისუფლო პარტიას ათვლის. თუმცა, რაკი ჯერ საკრებულოს მუშაობა არ დაუწყია, ირაკლი თავდგირიძის პოზიციონირება კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომრჩევლისთვის უცნობია.
კიდევ ერთი მანდატი მიიღო “ქართულ ოცნებამ” 2 აპრილის №4 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შედეგად, რისი აუცილებლობაც ოქტომბრის არჩევნებიდან ორი კვირის თავზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატის – ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დადგა. დეპუტატის გარდაცვალებას თანაპარტიელები სახელისუფლო პარტიის მხრიდან ზეწოლას უკავშირებენ, ამის დამადასტურებლად სატელეფონო ჩანაწერიც გამოქვეყნდა, სადაც ნუგზარ ფუტკარაძეს მართლაც ესაუბრებიან პოზიციების დათმობაზე და საკრებულოში „ნეიტრალურ პოზიციაზე“ დარჩენას სთხოვენ. საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა. ბათუმში კი არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ამ ფაქტის გამო.
განმეორებით არჩევნებზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის შვილმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, პოლიტიკაში მეტად გამოცდილმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე – რამაზ ჯინჭარაძემ კი ხმების 69 პროცენტი.
კიდევ ერთი გარემოება: განმეორებითი შუალედური არჩევნების წინ, საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. “ოცნების ქალაქში” მცხოვრებმა ასობით პირმა მოახერხა და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე ჩაეწერა. შესაბამისად, ისინი ამ უბნის ამომრჩევლები გახდნენ და განმეორებით არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა. მანამდე მათ რეგისტრაციაზე უარს ეუბნებოდნენ.
“ოცნების ქალაქი” უკანონო დასახლებაა ბათუმის მახლობლად, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა. აქ მცხოვრები ადამიანები, რომელთა რიცხვი წლების განმავლობაში იზრდებოდა, აცხადებენ, რომ მათ სხვა საცხოვრებელი არ აქვთ და წლებია რეგისტრაციას სთხოვენ მთავრობას. 2019 წლის თებერვალში ხელისუფლებამ “ოცნების ქალაქში” საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დააანონსა, აქ მაცხოვრებელთა აღწერაზე კი სამთავრობო კომისიამ იმუშავა, რომელსაც 2022 წლის 2 აპრილს განმეორებით შუალედურ არჩევნებში წარდგენილი “ქართული ოცნების” კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე ხელმძღვანელობდა. წინასაარჩევნო პროცესის დამკვირვებლები მიიჩნევდნენ, რომ ეს მოწყვლადი ჯგუფის გამოყენება იყო სასურველი შედეგის მისაღებად, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა.
ახლა “ქართული ოცნება” ახალარჩეული დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას ცდილობს, რაც პარტიის მანდატების რაოდენობას 17-მდე გაზრდის. თუმცა, ამას საკრებულოს შეკრება სჭირდება, 12 აპრილს “ოცნების” მიერ მოწვეული სხდომა კი კვორუმის უქონლობის გამო კვლავ ვერ ჩატარდა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხდომაზე ისევ არ მივიდნენ და ამ ფორმით განმეორებითი არჩევნებიც გააპროტესტეს.
ამის შემდეგ, 6 მაისს ახალი ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი – საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა ცესკოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება. ბათუმის საკრებულოს კი შეკრებისა და კორუმისთვის პარტიების – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “გახარია საქართველოსთვის” და “ლელო საქართველოსთვის” დეპუტატების დასწრება აღარ დასჭირდება.
ეს ინიციატივა აჩენს განცდას, რომ სახელისუფლო პარტია ცდილობს საკითხის მარტივად გადაჭრას და პრობლემასთან რიგგარეშე არჩევნების გარეშე გამკლავებას. თუკი პარლამენტმა ინიციატივა დაჩქარებული წესით განიხილა და შესაბამის კანონებში ცვლილებები 4 ივნისამდე შეიტანა, ეს მართლაც შეიძლება მოხდეს. ოპოზიციური პარტიები კი აცხადებენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მიითვისა, ფსონს განმეორებით არჩევნებზე დებენ და სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ.
მთელ ამ პროცესში ძალიან ცხადად გამოჩნდა, რამდენად ვერ ახერხებენ პოლიტიკური პარტიები კონსოლიდაციას და თუნდაც თვითმმართველობის დონეზე ქალაქისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე მრავალპარტიული ფორმატებით მსჯელობას. რამდენად უჭირთ მათ საერთო საკითხების ირგვლივ გაერთიანება და პარტიული დღის წესრიგის გვერდზე გადადება.
გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მიუხედავად ვერშეკრებისა, საკრებულოში მოხვედრილ პარტიებს ერთმანეთთან კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონიათ, არ ყოფილა მათი მხრიდან მცდელობა, პოლიტიკური დიალოგის ფორმატები გამოეყენებინათ და ქალაქისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ერთი მაგიდის ირგვლივ, საკრებულოს გარეთ ემსჯელათ. ეს მსჯელობა ხელს შეუწყობდა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევას, თუნდაც ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივ პრობლემებზე სადისკუსიო სივრცეს გახსნიდა და ამომრჩევლის ნებასაც უპასუხებდა, ამომრჩევლის, რომელმაც შვიდი თვის წინ აირჩია მრავალპარტიული საკრებულო და დღემდე მის საქმიანობის დაწყების მოლოდინშია. ეს რწმენასაც გააჩენდა და ნდობასაც გაამყარებდა თვითონ პარტიებს შორის, ამომრჩევლებსა და პოლიტიკოსებს შორის, მოქალაქეებსა და თვითმმართველობას შორის.
დიალოგის დეფიციტი არამხოლოდ სახელისუფლო და ოპოზიციურ პარტიებს შორის იყო, არამედ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც. ეს ხშირად იგრძნობოდა სხვადასხვა შეკრებებზე, სადაც ოპოზიციური პარტიები განსხვავებულ მოსაზრებებს აფიქსირებდნენ. ოპოზიციურ პარტიებსაც შეეძლოთ ეს დრო მეტად სასარგებლოდ გამოეყენებინათ და თუ ოფიციალური უფლებამოსილებით ვერა, საკრებულოს გარეთ და საჯაროდ ხშირად ესაუბრათ იმ საჭიროებებზე, რომლებიც დღეს ქალაქს უდგას. წარმოედგინათ თავიანთი ხედვები და პრობლემების გადაჭრის გზები, ემუშავათ ამომრჩევლისთვის და მხოლოდ პარტიულ დაპირისპირებაში არ დახარჯულიყვნენ.
რა მივიღეთ შვიდი თვის თავზე? ქალაქში თვითმმართველობა სრულყოფილად ვერ მუშაობს, სათათბირო ორგანომ შეკრება და არჩეულმა დეპუტატებმა თავიანთი ფუნქციის შესრულება ვერ მოახერხეს, პრობლემები რეაგირების გარეშე რჩება, მოქალაქეების ინიციატივები პასუხის გარეშე, მერიას არ ჰყავს მაკონტროლებელი, პოლიტიკური პოლარიზაცია კი კიდევ უფრო ღრმავდება. ეს პროცესი ერთგვარი ლუსტრაციაა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც, რომლებიც ასცდნენ საზოგადოების მოთხოვნებს და პარტიული ჩარჩოებიდან გამოსვლა უჭირთ და ასევე, ეს პროცესი კიდევ უფრო მძაფრად აჩვენებს, რომ ერთმანეთთან საუბრის, საერთო საკითხებზე შეჯერების გარეშე ფონს ვერ გავალთ და კრიზისს კიდევ უფრო გავაღრმავებთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს EECMD-ის პოზიციას.
ბათუმის საკრებულოში არსებული ვითარება არჩევნებიდან შვიდი თვის თავზე