NIMD საქართველომ ამომრჩეველთა ბიომეტრულ რეგისტრაციაზე ბოლივიელ ესპერტებს უმასპინძლა

2010 წლის კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2013 წლიდან, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის მეორე ვადა ამოიწურება, აღმასრულებელ შტოს პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს. საქართველოს პარლამენტის გაძლიერებული როლი, კიდევ უფრო ზრდის 2012 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას. შესაბამისად, თვალსაჩინო გახდა საარჩევნო კოდექსის უმთავრეს პრინციპებზე პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის საჭიროება და ამ თემაზე დებატებმაც მეტი მნიშვნელობა შეიძინა.

კოდექსზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრები, სადაც მონაწილეობას თექვსმეტ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად ხელისუფლებაც იღებს, საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე დიალოგის უმთავრეს პლატფორმას წარმოადგენს. პროცესის მიზანი საარჩევნო კოდექსის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმების მიღწევაა, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა დაარეგულიროს. NIMD საქართველო, იმ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორისაა, რომელთაც ჯგუფის მუშაობის პროცესზე უშუალო დაკვირვების საშუალება აქვს.

პროცესში მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დაასრულეს საკუთარი წინადადებების წარმოდგენა ჯგუფის წინაშე. ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, როგორიცაა პარტიების დაფინანსება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო სისტემა, ოპოზიციური პარტიების უმთავრეს მოთხოვნას ბიომეტრული რეგისტრაცია და არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ბიომეტრული იდენტიფიკაცია წარმოადგენდა. ბიომეტრული რეგისტრაციის თემა გასცდა სამუშაო ჯგუფის ფარგლებს და ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი გახდა. ბიომეტრული რეგისტრაციის მომხრეები აღნიშნავდნენ, რომ ამ მეთოდით სიის ჩამოყალიბებას დიდი როლი აქვს საზოგადოების მხრიდან არჩევნების მიმართ ნდობის ამაღლებაში. მოწინააღმდეგეები მიუთითებდნენ პროექტის მაღალ ფინანსურ ღირებულებაზე და სერიოზული ტექნიკური ხარვეზების საფრთხეზე, რამაც შესაძლოა არჩევნები ჩაშლამდე მიიყვანოს.

აღნიშნულ საკითხზე დებატების პროცესში, NIMD საქართველომ ბოლივიიდან ანტონიო კოსტასი და რაულ პენარანდა მოიწვია. მათი ვიზიტის მიზანი იყო, დაინტერესებული მხარეებისთვის გაეცნოთ, თუ როგორ განახორციელა ბოლივიამ ამომრჩეველთა ბიომეტრული რეგისტრაცია 2009 წელს. ბატონი კოსტასის ხელმძღვანელობით, ბოლივიის საარჩევნო სასამართლომ თითის ანაბეჭდების, ბიომეტრული ფოტოსა და ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით, ხუთ მილიონზე მეტი ამომრჩეველი დაარეგისტრირა. საკუთარი გამოცდილების გაზიარების გზით, ბოლივიელი ექსპერტები შეეცადნენ აღნიშნულ საკითხზე ინფორმირებულობის დონე აემაღლებინათ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში.

ბოლივიელმა ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებთან და ოპოზიციური პარტიების ჯგუფთან (ე.წ. ‘’რვიანი’’). NIMD-მა ორგანიზება გაუწია ბოლივიელი ექსპერტების საჯარო პრეზენტაციებს, რომელსაც საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფი, არასამთავრობო, მედია და პოლიტიკური ორგანიზაციების, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დაესწრნენ. საჯარო პრეზენტაციამ და მთლიანად ვიზიტმა ქართული მედიის მნიშნელოვანი ყურადღება მიიპყრო.

შეხვედრების და საჯარო პრეზენტაციების მეშვეობით, ბოლივიელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, დეტალურად აღეწერათ ბიომეტრული რეგისტრაციის პროექტის მიმდინარეობა. აღნიშნული ინფორმაცია სასარგებლო აღმოჩნდა დაინტერესებულ მხარეებისთვის და მათ პროექტის მართებულობის, შესაბამისი ფინანსური გათვლების და თანმდევი ტექნიკური სირთულეების უკეთ აღქმაში დაეხმარა.

2010 წლის 9 მარტს მმართველმა პარტიამ, საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს კოდექსში შესატან ცვლილებებზე საკუთარი წინადადებები წარუდგინა. ნაციონალური მოძრაობის წინადადებების ერთ–ერთ უმთავრეს ასპექტს თბილისში ამომრჩეველთა ბიომეტრული რეგისტრაციის თაობაზე თანხმობა წარმოადგენდა. პარტიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ განიხილა ბოლივიური გამოცდილება და თბილისში ამ მეთოდის პილოტირებასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციაზე თანახმაა. თუმცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ აღნიშნულ პროექტს საერთაშორისო დონორები დააფინანსებენ.

ამომრჩეველთა ბიომეტრული პარამეტრებით რეგისტრაცია ოპოზიციის თავდაპირველი მოთხოვნა იყო, შესაბამისად, ხელისუფლების ეს წინადადება მოთხოვნას ნაწილობრივ აკმაყოფილებს . დამატებით, ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ბიომეტრული მონაცემებით იდენტიფიცირებას. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

NIMD-ის ინიციატივამ, გაეზიარებინა ბოლივიური გამოცდილება ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო დებატების კვალიფიციურობის ამაღლებას. ბოლივიელმა ექპერტებმა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს სანდო ინფორმაცია წარუდგინეს და ამით საკუთარი წვლილი შეიტანეს მხარეებს შორის კომპრომისის ძიების პროცესში.

ვიზიტმა ასევე ცხადყო რეგიონებს შორის გამოცდილების ურთიერთ გაზიარების მნიშვნელობა. ბოლივური მაგალითი გარკვეულ მნიშვნელოვან ასპექტებში რელევანტური აღმოჩნდა ქართული რეალობისთვის და მხარეებს ხელი შეუწყო პოზიციების დაახლოებაში, რაც უდაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა მკვეთრად პოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპქეტრისთვის.