NIMD პოლიტიკური ინოვაციისა და ტექნოლოგიის სფეროში იწყებს მუშაობას -Liquid Feedback პროგრამის გაცნობა

ინტერნეტისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მკვეთრი გავლენა იქონია ადამიანთა ცხოვრებისა და სოციალური ურთიერთობების ყველა სფეროზე; დაწყებული იმით, თუ როგორ ვეცნობით სიახლეებს, იმით დამთავრებული, თუ როგორ ვმუშაობთ, როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას და ვთანამშრომლობთ დიდ, რთულ ორგანიზაციებში, ბიზნესი, არასამთავრობო და სამთავრობო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ კარგად სარგებლობენ ამ ახალი შესაძლებლობებით. პოლიტიკის სფეროში კი სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ დემოკრატიული გამოფიტვის შემაშფოთებელ ტენდენციებს, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ადრე კონსოლიდირებულ დემოკრატიებად მიიჩნეოდა. მსოფლიოს მრავალ მხარეში პოლიტიკური პარტიები წევრობის შემცირებას, მათ მიერ არჩეულ წარმომადგენელთა მიმართ ნდობის შემცირებას და რაც ყველაზე მთავარია, ზოგადად მათდამი საზოგადოებრივი ნდობის მკვეთრ შესუსტებას განიცდიან. როგორც დემოკრატიის უმნიშვნელოვანეს აქტორებს, პოლიტიკურ პარტიებს მეტი ძალისხმევა მართებთ, რათა ხელახლა დაუკავშირდნენ და უკეთ წარმოადგინონ საკუთარი წევრები და მხარდამჭერები, გამოავლინონ რეალური გამჭვირვალობა და გახსნილობა, ახალი იდეებისა და ახალი ადამიანების მიმღებლობა. ინტერნეტი და დღეისათვის ხელმისაწვდომი ახალი ტექნოლოგიები სწორედ ამის გაკეთების საშუალებას იძლევა და შესაძლებლობათა ახალ სივრცეს ქმნის.

ინტერნეტ სივრცეში პრაქტიკულად უფასო კომუნიკაციის, ვირტუალური სოციალური ქსელებისა და მყისიერი კავშირების ხანაში, მოქალაქეები ხშირად გვერდს უვლიან პარტიებს, როგორც დისკუსიისა და კოლექტიური მოქმედების შესაძლებლობებს. ისინი ურთიერთკავშირისა და ორგანიზებისათვის, მეტად დეცენტრალიზებულ, უფრო ღია და ნაკლებად ფორმალურ საშუალებებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ეს გამოწვევა საკუთარ შესაძლებლობადაც აქციონ: შეუჩერებელი ინოვაციისა და შეუფერხებელი ტექნოლოგიური რევოლუციების ფონზე პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამოიყენონ ეს რესურსები და ისინი საკუთარი გამოწვევების გადაჭრის ინსტრუმენტებად გახადონ. პოლიტიკის კავშირი ჩვენი ეპოქის ტექნოლოგიებთან, ის შესაძლებლობები, რასაც ასეთი კავშირი გვთავაზობს საინტერესო და პერსპექტიული შესაძლებლობაა იმისა, რომ შევცვალოთ ის, თუ როგორ კეთდება პოლიტიკა.

იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები მეტად იყვნენ ინფორმირებულნი პოლიტიკის სფეროში მიმდინარე ტექნოლოგიური ინოვაციების თაობაზე, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) გამართავს პრეზენტაციების/სემინარების ციკლს და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებს ახალ პროგრამებს პილოტირებისათვის. ამ კუთხით, NIMD-მა პირველი ნაბიჯი მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გადადგა და LiquidFeedback პროგრამა პოლიტიკური პარტიების, თბილისის მერიის, თბილისის საკრებულოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა.

ჰანს ჰორბახმა (ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოსა და სომხეთში), კატი პირიმ (ევროპარლამენტის წევრი) და ლევან ცუცქირიძემ (NIMD წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში) თავიანთ მისასალმებელ სიტყვებში ხაზი გაუსვეს დემოკრატიზაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის აღდგენის საჭიროებას; იმ საფრთხეებს, რაც დემოკრატიის უკანდახევას შეიძლება მოჰყვეს, განსაკუთრებით იმ რეგიონული გამოწვევების ფონზე, რომლებიც ემუქრება სტაბილურობასა და დემოკრატიულ რეჟიმებს საქართველოში, უკრაინაში და მთლიანად რეგიონში.

ვილ დერკსმა (NIMD, ჰააგა) მიმოიხილა ის ციფრული ტექნოლოგიები, რომლებიც რაციონალური და თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობის შესაძლებლობებს იძლევა და ის, თუ რა გავლენას ახდენენ ეს ტექნოლოგიები პოლიტიკურ პარტიებზე. ანდრეას ნიცშემ და აქსელ კისტნერმა (ინტერაქტიული დემოკრატიის ასოციაცია – IAD, ბერლინი) წარმოადგინეს LiquidFeedback-ის მთავარი ფუნქციები და ის მათემატიკური და ლოგიკური პროცესი განმარტეს, რომელსაც ეფუძნება პოლიტიკური მონაწილეობის სხვადასხვა ფაზები: წინადადების ინიცირებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე. აღინიშნა, რომ LiquidFeedback მთლიანობაში ისეა სტრუქტურირებული, რომ ადვილად ერგება პროგრამის გამოყენებაში ჩართულთა რაოდენობის ზრდას და ამასთანავე, არ არღვევს მონაწილეთა თანაბრობის პრინციპს. ამით, იგი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას.

მარტინ დელიუსი, ბერლინის წარმომადგენელთა პალატის წევრი, შეკრებილ საზოგადოებას LiquidFeedback-ის გამოყენების საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა და მონაწილეებს აუხსნა, თუ როგორ ეხმარება ეს პროგრამა მის პარტიაში რთული, ერთობლივი წინადადებების შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ჰოლანდიური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და „დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IDEA, სტოკჰოლმი).

NIMD სამხრეთ კავკასიის გუნდმა ადგილზე წარმოაჩინა პროგრამის შესაძლებლობები – ონლაინ დისკუსია თბილისში ველოტრასების დამონტაჟებასთან დაკავშირებით. საკითხის ინიცირების, დისკუსიისა და გადაწყვეტილების მიღების ფაზებში, სიმულაციამ გამოკვეთა პროგრამის ყველა მთავარი შესაძლებლობა და უპირატესობა.

მომდევნო დღეს, 29 ოქტომბერს, ყვარელში, NIMD-მა ორგანიზება გაუწია ერთ დღიან ინტენსიურ სამუშაო შეხვედრას, სადაც ქართულ პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ პროგრამის შემქმნელებისგან უფრო მეტი და უფრო დეტალურად მოესმინათ LiquidFeedback-ის შესახებ. პარტიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს პროგრამის კონცეფციის ირგვლივ და პროგრამის შესაძლებლობებში უკეთ გასარკვევად სხვადასხვა საკითხზე დისკუსია ამ პროგრამის გამოყენებით მოაწყვეს. NIMD-ის დახმარებით, დაინტერესებული პოლიტიკური პარტიები შეძლებენ დანერგონ და მოარგონ ეს პროგრამა შიდა პარტიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს სხვადასხვა დონეზე.

NIMD გეგმავს გააგრძლოს პარტნიორი პოლიტიკური პარტიებისათვის იმ უახლესი პროგრამების გაცნობა-მიწოდება, რომლებიც ხელმისაწვდომია მსოფლიო მასშტაბით და ხელს უწყობს გადაწყვეტილებების გამჭვირვალე და თანაბარი მონაწილეობით მიღებას.