NIMD-მა პარტიების მხარდაჭერის პროგრამის შეფასებითი სემინარი გამართა

2011 წლის 19-20 სექტემბერს NIMD-მა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის შეფასებითი სემინარი გამართა. NIMD-ის მთავარი ოფისისა და პროგრამის კონსულტანტების მონაწილეობით გამართული სემინარის მიზანი პროგრამის ერთწლიანი პროცესის შეფასება იყო, რომელშიც შვიდი პოლიტიკური პარტია იღებდა მონაწილეობას პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა სტრატეგიული დაგეგმვის გზით NIMD -მა საქართველოში პირველად განახორციელა და ამ მიდგომის დანერგვას პროგრამის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.
NIMD-ის სტრატეგიული დაგეგმვის რვა ეტაპიანი მეთოდოლოგია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებითა და ქართული პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით შეიქმნა. ერთწლიანი პროცესის მანძილზე პარტიების სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს ფასილიტაციას NIMD-ის კონსულტანტები – სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უწევდნენ.

კონსულტანტების შეფასებით, NIMD-ის პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერის პროგრამა დადებით გავლენას არა მხოლოდ პირდაპირ პარტიებზე იქონიებს, არამედ დონორების მხარდაჭერის კოორდინირებისა და მეტი ეფექტიანობის მიღწევის საშუალებასაც იძლევა. პროგრამა ხელს უწყობს როგორც შიდაპარტიული დიალოგის გააქტიურებას, ასევე შიდაორგანიზაციული შესაძლებლობებისა და ძლიერი მხარეების გაანალიზებას – მათზე დაყრდნობით სამომავლო სტრატეგიების ჩამოყალიბებას.

პოლიტიკური პარტიების ნაწილმა უკვე დაასრულა სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა და NIMD მათ ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებული სტრატეგიული მიზნების განხორციელებაში უკვე უწევს მხარდაჭერას.

განახლებული მეთოდოლოგიის პილოტირებით შესაძლებელი გახდა, იმის შეფასება თუ რამდენად სასარგებლო იქნებოდა პოლიტიკური პარტიებისთვის საჯარო და კერძო სექტორში აპრობირებული სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის მხარდაჭერა.
კონსულტანტების რეკომენდაციებზე, შეფასებებსა და დაკვირვებებზე დაყრდნობით, NIMD მეთოდოლოგიის გაუმჯობესებას და პოლიტიკური პარტიების სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის გზამკვლევის გამოცემას გეგმავს International Ideas-თან თანამშრომლობით