International IDEA და NIMD საქართველოში ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

NIMD-მა და International IDEA-მ საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. International IDEA – დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას ახორციელებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
International IDEA-ს საქმიანობა მიმართულია დემოკრატიული ცვლილებების მხარდაჭერისკენ გამოცდილების გაზიარებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში დახმარების გზით. ამ მხრივ ორგანიზაცია NIMD-თვის ბუნებრივ პარტნიორს წარმოადგენს.

აღნიშნული თანამშრომლობის პროექტები მოიცავს საქმიანობებს რამოდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, NIMD და International IDEA გეგმავენ შექმნან სტრატეგიული დაგეგმვის ყოვლისმომცველი გზამკვლევი, რომელიც დაეფუძნება NIMD-ის პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის მეთოდოლოგიას საქართველოში, მიღებულ გამოცდილებასა და შეფასებებს. პროექტის გუნდი იმუშავებს მეთოდოლოგიის განვითარებაზე და ისეთი გზამკვლევის შექმნაზე, რომელიც განსხვავებულ ორგანიზაციებსა და განსხვავებულ კონტექსტებს მოერგება მომავალში.

ეს ორი ორგანიზაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ანალიტიკურ ცენტრებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების პროცესის ხელშეწყობას. მსგავსი თანამშრომლობა კი, თავის მხრივ პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კავშირს წარმოადგენს.
IDEA მხარდაჭერას აღმოუჩენს NIMD-ს ქართული პოლიტიკური პარტიების პოლიტიკის ანალიზის შესაძლებლობების გაზრდაში. თანამშრომლობის პროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ტრენინგს პოლიტიკის ანალიზის, პოლიტიკური საქმიანობის, კვლევის, მონაცემთა გამოყენებისა და ინტერპრეტაციის საკითხებში.

ისეთი ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის როგორიც საქართველოა, მუდმივად არსებობს პოლიტიკასთან დაკავშირებული კვლევების, პუბლიკაციებისა და ნაშრომების შექმნის საჭიროება. თუმცა, ამ საჭიროების დაკმაყოფილება შეზღუდული რესურსების პირობებში გართულებულია. ამ კუთხით, NIMD-სა და IDEA-ს ერთობლივი პროექტები სწორედ პოლიტიკური პარტიებში პოლიტიკის ფორმირების შესაძლებლობების გაზრდისკენ იქნება მიმართული.

საქართველოში ამ ტიპის თანამშრომლობის დაწყებით, ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ მათი ერთობლივი ძალისხმევა დადებითად აისახება საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის ჩამოყალიბებაზე, მითუმეტეს ამ მეტად რთულ და ამავდროულად გარდამტეხ ეტაპზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიაში.