დემოკრატიის საერთაშორისო დღე და ჩვენი საქმიანობა

ძვირფასო მეგობრებო,

ამ მცირე წერილით მინდა, ჩვენი საქმიანობის მოკლე შეჯამება წარმოგიდგინოთ და ასე აღვნიშნოთ დემოკრატიის საერთაშორისო დღე, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის პირობებში – დემოკრატიის შესუსტების, ავტორიტარიზმის ზრდისა და პოლარიზაციის გამძაფრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რომ მოგვევლინა რეგიონში.

მიმდინარე წლის განმავლობაში ვცდილობდით, გაგვეძლიერებინა დემოკრატიული ფასეულობებისადმი უფრო ერთგული პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო მოძრაობები; მხარი დაგვეჭირა ადგილობრივი ლიდერებისათვის, რომლებიც ხმას იმაღლებენ ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და სამოქალაქო ღირსების საკითხებზე და პოლიტიკის შესახებ საქმიანი, პოზიტიური დისკუსიისთვის ხელი შეგვეწყო.

ყოველივე ამის მიღმა კონკრეტული საქმეები და ჩვენი გუნდის წევრების თავდადებული შრომაა: საქართველოში ჩვენს მიზანს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საზოგადოების ხმისა და ინტერესების უფრო აქტიურად წარმოჩენა წარმოადგენდა, რათა მოქალაქეთა  საჭიროებები პოლიტიკაში უკეთ ასახულიყო. ამისათვის მიმდინარე წელს საქართველოს ქალაქების მცხოვრებთ 7 სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზამკვლევის მომზადებაში დავეხმარეთ, რომლებიც განვითარების „სამოქალაქო ხედვებს“ გაგვაცნობს. ჩვენი დაკვეთით სხვადასხვა დარგის საუკეთესო ექსპერტებმა 5 „პოლიტიკის ხედვის“ დოკუმენტი შექმნეს, რომლებიც მუნიციპალური თუ ეროვნული საკითხების მოგვარების კვალიფიციურ და პრაგმატულ გზებს გვისახავენ.

იმისათვის, რომ უკეთ მიგვეტანა ეს ინფორმაცია და მოთხოვნები მათთან, ვინც წესით, ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს,  30-მდე პოლიტიკური დიალოგი და საჯარო პირთა საზოგადოებასთან საანგარიშო შეხვედრა გავმართეთ. პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები მოქალაქეებთან ერთად სხვადასხვა საკითხების მოგვარების გზებზე მუშაობდნენ და ხშირად შეთანხმებამდეც მიდიოდნენ.  ამ ყველაფერს კვალიფიკაცია, ინფორმაცია და ცოდნა სჭირდება, რისთვისაც მხოლოდ წელს 100-ზე მეტი აქტივისტი და მოქალაქე გადავამზადეთ. საამისოდ 80 ტრენინგი და სემინარი დავგეგმეთ და მოვაწყვეთ. შედეგად, ამ ადამიანებს უკეთ შეუძლიათ საკუთარი საქმის გაძღოლა, თავიანთი თემისა თუ ქალაქის ინტერესების  წარმოდგენა და პოლიტიკური ორგანიზება საამისოდ. კიდევ უფრო მეტი ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერისთვის 5 საპროექტო გრანტი გავეცით. ასევე, ქართულ ენაზე 5 თანამედროვე ტექნოლოგიური აპლიკაციის – „კონსულის“ ადაპტაცია შევძელით. ეს აპლიკაცია მათ უფრო ეფექტურად მუშაობასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ჩვენი დემოკრატიის სკოლები და მათი კურსდამთავრებულები ამ საქმიანობის ავანგარდში დგანან. კურსდამთავრებულთა თანამშრომლობით შეიქმნა 5 სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს ანტიდემოკრატიულ ტენდენციებთან ბრძოლას როგორც ეროვნულ, ისე ლოკალურ დონეზე. ძალიან მიხარია, რომ დემოკრატიის სკოლების არაერთი კურსდამთავრებული (35!)  სხვადახვა პარტიის რიგებიდან წელს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობს. დარწმუნებული ვარ, ისინი თვისებრივად ახალი, უკეთესი პოლიტიკური ქცევის საფუძვლებს შექმნიან ჩვენს საკრებულოებსა თუ მერიებში და ამით რეალური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებიან მოქალაქეებს. მინდა, ამ არჩევნებზე თითოეულს გამარჯვება ვუსურვო!

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან. საზოგადოებაში მათ მიმართ დაბალი ნდობისა და მაღალი სკეპტიციზმის მიუხედავად, დემოკრატიის საერთო ჯაჭვში ისინი უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ. იმისათვის, რომ მათზე დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ფუნქციები უკეთ შეასრულონ, პარტიების ნაწილთან მჭიდრო და ინტენსიური პარტნიორობა გავაგრძელეთ და განვავრცეთ. მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე 10-მდე მრავალპარტიული შეხვედრა გავმართეთ; პარტიათა გაერთიანებისა თუ ცალკეული ორგანიზაციებისთვის 8 პოლიტიკის დოკუმენტი და კვლევა მოვამზადეთ; წელს პირველად შევქმენით შიდაპარტიული დემოკრატიის რეიტინგი, რომელიც პარტიების შიდა გამჭვირვალობასა და დემოკრატიის ხარისხს აფასებს;  საარჩევნო ადმინისტრირების თვისებრივი, ამბიციური და სტრატეგიული ხედვის დოკუმენტი და მასთან ერთად, ელექტრონული ხმის მიცემის შესაძლებლობების ვრცელი მიმოხილვა წარმოვადგინეთ.

დღეის მონაცემებით, 30 სასწავლო ტრენინგი და სემინარი გვაქვს ჩატარებული პარტიებისათვის ისეთ თემებზე, როგორიცაა სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარება, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პოლიტიკის საკითხები, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ფინანსების მოძიება და საჯარო გამოსვლები. 4 შედარებით ახლადდაფუძნებულ პოლიტიკურ პარტიას სტრატეგიული განვითარების გეგმების შედგენაში დავეხმარეთ. ასევე, მოვუმზადეთ ულტრათანამედროვე ციფრული აპლიკაციები, რაც ხელს შეუწყობს შიდა გადაწყვეტილებების უკეთ მომზადებასა და მართვაში, ამომრჩევლებთან მჭიდრო კავშირსა და იმაში, რომ საკუთარი წევრების, მხარდამჭერებისა თუ საარჩევნო ოლქების დემოგრაფიასა და პოლიტიკურ ინტერესებზე მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ  დემოკრატიის განვითარებაში მათზე დაკისრებული ფუნქციები უკეთ შეასრულონ.

მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, ვცდილობთ, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უფრო კონსტრუქციული პოლიტიკური ქცევისკენ ვუბიძგოთ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამა და ვებგვერდი: www.partiebi.ge, რომელიც იმედია, უახლოეს ხანებში განახლდება.

მოხარული ვარ, რომ წელს, მცირე პაუზის შემდეგ, ჩვენი საქმიანობა უკრაინაშიც გაგრძელდა. 5 ანტიკორუფციულ სამოქმედო გეგმაზე ვითანამშრომლეთ უკრაინელ სამოქალქო აქტივისტებთან, რომლებიც უახლოეს ხანებში ჩვენი მხარდაჭერითა და დახმარებით საინტერესო ღონისძიებებს გამართავენ.

უკრაინასთან ერთად, ფართოვდება ჩვენი საქმიანობა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებშიც. წელს მოლდოვაში კიშინიოვის დემოკრატიის სკოლა შეიქმნება, რომელიც მრავალპარტიული დიალოგის პლატფორმას დაუდებს საფუძველს. ასევე, დავეხმარებით პოლიტიკურ პარტიებს ყირგიზეთში, რათა უკეთ შეძლონ ორგანიზება და უფრო ძლიერ პოლიტიკურ ინსტიტუტებად ჩამოყალიბდნენ.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მარტო ვერ შევძლებდით.  მხარდაჭერის, პარტნიორობისა და მეგობრობისთვის მინდა, მადლობა ვუთხრა ჰოლანდიის საელჩოებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში; ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნულ ფონდს, ღია საზოგადოების ფონდს, დანიის პოლიტიკისა და პარტიების ინსტიტუტსა და ევროკავშირს. ძალზე ვაფასებთ მათთან თანამშრომლობას და იმ წვლილს, რაც მათ ძალისხმევას შეაქვს იმაში, რომ ჩვენმა ქვეყნებმა დემოკრატიული პროგრესის შესაძლებლობები შეინარჩუნონ.

მინდა, EECMD-ს გუნდს, ჩვენს პარტნიორებსა და ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ფასეულობები,  დღევანდელი დღე მივულოცო. თქვენ ხართ საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებში ჯერ კიდევ ბევრი ნიჭიერი და ენერგიული ადამიანია, რომლებიც არასოდეს კარგავენ ძალას, იარონ ნამდვილი და ღირებული გზით, რაც არ უნდა გრძელი და რთული იყოს ის.

ამ მცირე წერილით მინდა, ჩვენი საქმიანობის მოკლე შეჯამება წარმოგიდგინოთ და ასე აღვნიშნოთ დემოკრატიის საერთაშორისო დღე, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიის პირობებში – დემოკრატიის შესუსტების, ავტორიტარიზმის ზრდისა და პოლარიზაციის გამძაფრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რომ მოგვევლინა რეგიონში.