დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციის განცხადება
საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78 – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო სტურქტურებს, უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება. თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რიტორიკა, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამტკიცებას არ ემსახურება. მეტიც, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ფასდება როგორც დემოკრატიის უკუსვლა და წარმოადგენს დაბრკოლებას ევროპული მომავლის გზაზე.

დღეს საქართველო დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც 1921 წლის მოვლენებს შეიძლება შევადაროთ. 24 ივნისს გადაწყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი, საბოლოოდ დავუბრუნდებით ევროპულ ოჯახს, თუ დავკარგავთ ამ ისტორიულ შანსს.  ახლა როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს ერთიანი და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ კონსტიტუციით გამყარებული სამოქალაქო კონსენსუსი- საქართველო გახდეს ევროკავშირის და ევროატლანტიკური ალიანსის წევრი.

ჩვენ, დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები  ვიზიარებთ დემოკრატიის ძირითად ფასეულობებს, რაზეც დგას ევროატლანტიკური სტრუქტურები და მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ყველა ქართველის საერთო მიზანია.

მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, დავდგეთ ერთად და ერთობლივად დავიცვათ ჩვენი ისტორიული არჩევანი –  ქვეყნის დეკლარირებული დასავლური  კურსი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, თავიდან აარიდოს ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება და მთელი ძალისხმევა მიმართოს საჭირო რეფორმების განხორციელებისკენ.

მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გაითვალისწინონ ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტი, ასევე რეგიონში არსებული საფრთხეები და მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ქართველმა ხალხმა წლების განმავლობაში სისხლით, შრომით და ბრძოლით დაამტკიცა თავისი ერთგულება ამ სტრატეგიული არჩევანის მიმართ.

მიგვაჩნია, რომ ევროპული პერსპექტივა არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს რუსული ოკუპაციისგან თავის დასაღწევად და განვითარების რელსებზე გადასასვლელად. ამრიგად, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ურყევ ნებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა.

კონსტიტუციის აღნიშნული მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფო სტურქტურებს, უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება. თუმცა, ბოლო პერიოდში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რიტორიკა, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის გამტკიცებას არ ემსახურება.