დემოკრატიის ლიდერის ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში

2018 წლის 27-30 ნოემბერს, EECMD 2017 წლის დემოკრატიის ლიდერის ჯილდოს მფლობელი, არჩილ მჭედლიშვილი ვიზიტით იმყოფებოდა ჰოლანდიაში. მან მონაწილეობა მიიღო ფორუმში, რომელსაც ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD)  ყოვეწლიურად მართავს. ინოვაციური დემოკრატიის ფორუმი არის ადგილი სადაც მოქალაქეები, პოლიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლები ერთად  იყრიან თავს და საუბრობენ დემოკრატიის გამოწვევებსა და მომავალზე. ამასთან, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ და აცნობენ ახალ პროდუქტებს, რომელსაც პოლიტიკური პარტიები,  თუ მათი ორგანიზაციები იყენებენ.

2018 წლის ფორუმის მთავარი განხილვის საგანი იყო, თუ რა გავლენას ახდენს ტექნოლოგია დემოკრატიულ პროცესებზე. ექსპერტებმა სწორედ ამ საკითხზე ისაუბრეს და განიხილეს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, როგორ შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  ფორუმის ბოლოს ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიის წევრებმა ისაუბრეს, თუ რა საშუალებებს იყენებენ ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის.

ფორუმზე არჩილ მჭედლიშვილმა საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას სამოქალაქო პროტესტი „ცხვარის“ შესახებ უამბო.  ვიზიტის ფარგლებში არჩილი, ასევე, იმყოფებოდა ნიდერლანდების პოლიტიკურ ცენტრში, ჰააგაში. პროდემოსის მიერ ორგანიზებული ტურის მეშვეობით დაათვალიერა ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენელთა პალატა, მოისმინა პარლამენტის ისტორია და გაეცნო ინფორმაციას ჰოლანდიის  პოლიტიკური სისტემის შესახებ.

“დემოკრატიის ლიდერის” ჯილდო აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) 2015 წელს დააწესა. დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა შორის ყოველწლიური ლიდერის დასახელებით, EECMD ახალისებს მათ უფრო აქტიურად გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რაც დემოკრატიის სკოლაში სწავლისას შეიძინეს და ამით თავისი წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცების საქმეში.