პოლიტიკური პარტიების ვიზიტი დემოკრატიის სკოლებში

მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტმა (NIMD) პოლიტიკური პარტიების ლიდერები თელავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულებთან შესახვედრაზე პარტიის ხედვებისა და წინასაარჩევნო გეგმების წარსადგენად მიიწვია.

პოლიტიკური პარტიების დემოკრატიის სკოლებში მიწვევის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებსა და ძირითად პოლიტიკურ აქტორებს შორის თემატური დისკუსიის წარმართვა ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე.

ფორმატის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მსმენელების წინაშე წარმოადგინეს პარტიის ხედვები და წინასაარჩევნო პროგრამები ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების გადასაჭრელად, როგორიცაა: ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, უმუშევრობა/სიღარიბე, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა, განათლების სისტემური პრობლემები და გენდერული დისბალანსი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა დონზე. დისკუსია ასევე შეეხო იმ გამოწვევებზე საუბარსაც, რასაც პოლიტიკური ორგანიზაციები პოლიტიკის ფორმირებისა და თუ შიდა პარტიული სისტემის განვითარების პროცესში აწყდებიან.

შეხვედრების ციკლში ოთხი პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი. მათი აუდიტორია კი ოთხივე ქალაქში თავს უყრიდა ადგილობრივი ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთვრობო სექტორის, აკადემიური წრეების, მედიისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს.

541611.jpgსაპარლამენტო არჩევნების წინ NIMD ასეთ შეხვედრებს პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის მხარდასაჭერად აწყობს. პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დიალოგი მნიშვნელოვანია დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის გაძლიერების საქმეში. სწორედ ამიტომ, დემოკრატიის სკოლები ხშირად საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს შორის დისკუსიისა და დებატებისათვის საჭირო ღია სივრცეს წარმოადგენენ.

დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულების შეფასებით, შეხვედრების მთავარ უპირატესობას პარტიების გეგმებზე უშუალოდ ლიდერებთან საუბრის შესაძლებლობას და ამისათვის შექმნილი კომუნიკაციის უშუალო, სანდრო და ინტერაქტიული  ფორმატი წარმოადგენდა. თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული, მაია ფურცხვანიძე, აღნიშნავს: „მნიშვნელოვანია, რომ გვქონდა საშუალება მოგვესმინა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და იდეოლოგიის ძალებისათვის. ასე უკეთეს არჩევანს გავაკეთებთ.“

ბათუმის დემოკრატიის სკოლის მსმენელი, გიორგი უღრელიძის დაკვირვებით “პარტიების წარმომადგენლები შეხვედრისათვის მომზადებულები იყვნენ – ჰქონდათ პრეზენტაციები, საარჩევნო პროგრამების ირგვლივ ცდილობდნენ პასუხები დამაჯერებლად გაეცათ, მრავალფეროვანი და განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიების მქონე აუდიტორია პოლიტიკოსებისთვის კარგი სპარინგ-პარტნიორებს წარმოადგენენ წინასაარჩევნოდ იდეების ფორმირების საქმეში. აქედან გამომდინარე, ფორმატმა გაამართლა.“

კონკრეტული პარტიების საქმიანობის, გეგმების შესახებ ინფორმაციის მიღების გარდა, დისკუსიაში ჩართული დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებისათვის საინტერესო აღმოჩნდა პოლიტიკური პარტიების როლის დანახვაც იმ ზოგად პოლიტიკურ კონტექსტში, სადაც პარტიებისადმი ნდობა მცირდება და იმატებს პოლიტიკოსებით იმედგაცრუების დონე. ამას აღნიშნავს ქუთაისის დემოსკოლის მსმენელი, იმედა გოგავა: „პარტიის როლი და მნიშვნელობა პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებულია, თუმცა დღევანდელ ქართულ რეალობაში, პოლიტიკურ პარტიებს უამრავი შრომა მოუწევთ იმისთვის, რომ მათი მნიშვნელობა და როლი ამომრჩევლისთვის მისაღებიც იყოს და გარკვეულწილად ექსკლუზიურიც.“

6675.jpgშეხვედრის ფორმატი და განსაკუთრებით კი დისკუსიის, იდეების ურთიერთგაცვლის კომპონენტი, მნიშვნელოვანი ასპექტი აღმოჩნდა პოლიტიკური პარტიებისთვისაც, როგორც შესაძლებლობა სხვადასხვა პერსპექტივებით დაენახათ არსებული საზოგადოებრივი პრობლემები. ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით: „რაც საინტერესო იყო ამ შეხვედრებში და რითიც ისინი გამოირჩევიან, იყო ის რომ აუდიტორია მოიცავდა სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებსა თუ მხარდამჭერებს. შესაბამისად, მე მქონდა შესაძლებლობა მომესმინა ჩვენს პროგრამასთან დაკავშირებით კითხვები და კრიტიკა სხვადასხვა ხედვების მქონე ადამიანებისგან, რაც ყოველთვის სასარგებლოა.“

შეხვედრების შეჯამებისას, აუდიტორიის ინფორმირებულობისა და დისკუსიაში მონაწილეობის კულტურის მაღალ დონეს პარტიების ლიდერებიც უსვამენ ხაზს. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას შეფასებით, აუდიტორიის  ინფორმირებულობისა და დებატების მაღალმა კულტურამ მნიშვნელოვნად განაპირობა დისკუსიის საქმიანი ხასიათი. აუდიტორიის ამ მახასიათებლებზე მიუთითებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილიც: „დემოკრატიის სკოლების მსმენელები და კურსდამთავრებულები ინფორმირებული საზოგადოებაა. ეს აისახა კიდეც დისკუსიაში, რომლის დონე მაღალი იყო, კითხვები კი ზუსტი და არსობრივი.“

დემოკრატიის სკოლის მსმენელების აზრით კარგი იქნებოდა ასეთი შეხვედრები უფრო ფართო მასშტაბით ტარდებოდეს, ხოლო მსგავსი დებატები სხვადასხვა საინფორმაციო არხებზეც მიმდინარეობდეს და საბოლოო ჯამში, ამომრჩეველთა მაქსიმალურად დიდმა რაოდენობამ შეძლოს შეაფასოს პოლიტიკური პარტიების სამოქმედო გეგმები. როგორც გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული, ნინო ბერიანიძე ამბობს: „მსურს რომ ყველა პოლიტიკური პარტიის სამომავლო ხედვა პასუხობდეს 2 ძირითად კითხვას: რას შეცვლიან მთავრობაში მოსვლის შემდეგ და როგორ განახორციელებენ ამას?“

საბოლოო ჯამში, თელავში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში, ორგანიზებულმა შეხვედრებმა მსმენელებს საშუალება მისცა  გაეგოთ მთავარი პოლიტიკური აქტორების წინაშე მდგარი გამოწვევები პარტიული საქმიანობის კუთხით და ასევე, გასცნობოდნენ მათ იმ პოლიტიკურ ხედვებს, რომლებიც ამ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების საფუძველია.

NIMD ამ ფორმატს კიდევ ერთხელ შემოდგომაზე დაუბრუნდება, როდესაც თბილისსა და რეგიონებში საარჩევნო პროგრამების მრავალპარტიული ვებ-გვერდის Partiebi.Ge პრეზენტაციას გამართავს. 2016 წლის არჩევნებისთვის, სწორედ ეს პორტალი იქნება სივრცე, სადაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები მოიყრის თავს.