ჰოლანდიის პარლამენტის მმართველი კოალიციის ვიცე-თავმჯდომარეების ვიზიტი საქართველოში

2013 წლის 6–10 მაისს საქართველოში NIMD–ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ორგანიზებით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ჰოლანდიის პარლამენტის მმართველი კოალიციის წარმომადგენლები ბატონი მარტინ ვან დამი (ჰოლანდიის ლეიბორისტული პარტიის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე) და ქალბატონი თამარა ვენრუი (ჰოლანდიის სახალხო პარტიის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე). ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორდღიანი სემინარი კოალიცია ქართული ოცნების ექვსივე პარტიის ლიდერთან. აღნიშნულ სემინარზე განიხილეს შემდეგი თემები: კოალიციის ფორმირების პროცესი, კოალიციური მმართველობა, პოლიტიკური განსხვავება, კონსესუსის შენარჩუნება და საარჩევნო კამპანიის პროცესი კოალიციაში ყოფნის დროს.

პრეზიდენტ მიხეილ სააკიშვილმა და პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა საქმიან ვახშამს უმასპინძლეს. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ამავდროულად პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია მიმოიხილა არსებული პოლიტიკური გარემო და ყურადღება გაამახვილა ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა ჰოლანდიური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებისთვის. ჰოლანდიის პარლამენტის მმართველი კოალიციის წარმომადგენლების ვიზიტიც საქართველოში თავად მისი თხოვნით დაიგეგმა.

ჰოლანდიის პარლამენტის მმართველი კოალიციის ვიცე თავმჯდომარეებმა შეხვედრა გამართეს NIMD დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან, გორში. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა და მას 50 ადგილობრივი ლიდერი ესწრებოდა.

ვიზიტის დასასრულს, ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, პიტერ ლანგებერგმა მედიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების დასწრებით ვახშამი გამართა.