ცესკოს სასწავლო ვიზიტი ჰოლანდიაში

2012 წლის 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით NIMD-მა ორგანიზება გაუწია ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასწავლო ვიზიტს ჰოლანდიაში. ვიზიტი საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, „დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ერთ კვირიანი პროგრამა მიზნად ისახავდა ჰოლანდიის საარჩევნო სისტემის გაცნობასა და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაციას თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი ხელმძღვანელობდა და მის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც კომისიის წევრები ასევე კომისიის წამყვანი სპეციალისტები. ვიზიტის ფარგლებში ცესკოს ხუთკაციანმა დელეგაციამ ოფიციალური შეხვედრები გამართა ჰოლანდიის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა NIMD-ის აღმასრულებელ დირექტორთან ჰანს ბრუნინგთან, სადაც მან სტუმრებს ორგანიზაციის მთავარი ოფისის საქმიანობა გააცნო.

გამოცდილების გაზიარების მიზნით, ცესკოს დელეგაცია როტერდამის ადგილობრივ მუნიციპალტეტსაც ეწვია, სადაც 2010 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო შედეგების ხელახალი დათვლა მოხდა.

ქალაქ ვასენაარის მერთან სტუმრობისას ქართული დელეგაცია ადგილობრივ დონეზე არჩევნების ორგანიზების პრაქტიკასა და თავისებურებებს გაეცნო. ჰოლანდიაში არჩევნების ადგილობრივ დონეზე ჩატარებას მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.

ვიზიტის ფარგლებში მოეწყო სასწავლო ექსკურსია ჰოლანდიის პარლამენტში, რომელსაც ორგანიზაცია ProDemos მასპინძლობდა.

კომისია ჰოლანდიის პოლიტიკურ პარტიებსაც შეხვდა. ქრისტიან–დემოკრატებსა და სოციალ–ლიბერალებთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, პარტიების დაფინანსების რეგულაციებსა და საარჩევნო სისტემაზე.

დასასრულს, 2012 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ დისკუსია იან მარინუს ვიერსმასთან შედგა. ყოფილმა ევროპარლამენტარმა და რამოდენიმე საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი წარსულში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ცესკოს წარმომადგენლებს.