ტუნისელი პოლიტიკოსების ვიზიტი საქართველოში

2019 წლის 11-14 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ხმელთაშუა და საერთაშორისო სწავლების ცენტრთან (CEMI) თანამშრომლობით, საქართველოში ტუნისის დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტი ორი ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის გამოცდილების გაზიარებას და დემოკრატიული განვითარების მთავარი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ დაილოგს ისახავდა მიზნად.

ტუნისის დელეგაცია როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წევრებისგან შედგებოდა: ასმა ბენ სალაჰი, დემოკრატიული ფორუმი შრომისა და თავისუფლებისათვის; იჰებ გარიანი,  დემოკრატიული პარტია; ჯალელ იაკობი, პროექტი ტუნისი; ბელგაცემ ჰასენი, ენაჰდა-მუსლიმთა დემოკრატიული პარტია; რიდჰა ლაგჰა, მოძრაობა ხალხისთვის; პარლამენტის წევრი ჰანსა ბენ ჰარატი, ნიდა ტუნისი; ჰაჯერ ჩერიფი, ალმოუბედრა. დელეგაციას თან ახლდნენ CEMI-ის გუნდის წევრებიც, აჰმედ დრისი და ჰაჯერ ლამტი.

ვიზიტის ფარგლებში, ტუნისის დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, გაეცნენ და მათთან ერთად იმსჯელეს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე; არჩევნებსა და საარჩევნო სისტემაზე; სასამრთლო რეფორმის მთავარ გამოწვევებზე; ქალების, ახალგაზრდებისა და ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდასა თუ ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებაზე. ასევე, დელეგაციის წევრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების შესახებ. ვიზიტის მონაწილეებისთვის თვალსაჩინო გახდა თუ როგორ შეიძლება პოლიტიკურმა კონტექსტმა ზეგავლენა მოახდინოს ქვეყნის პოლიტიკის შემუშავებაზე და რამდენად მნიშვნელოვანია, პრობლემური ვითარებიდან გამოსავლის პოვნა პარტიული ინტერესებისა და ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით.

სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გარდა, ტუნისის დელეგაციას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც (ცესკო) უმასპინძლეს. ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კომისიის მუშაობისა და საარჩევნო პროცედურების შესახებ, მათ ბრაილის ჩარჩოც აჩვენა.

ტუნისის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში პროექტ „მრავალპარტიული დიალოგის სივრცეები: დემოკრატიის მხარდამჭერთა კავშირების გაძლიერების“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ფარავს ბენინს, საქართველოს, ყირგიზეთს, მოლდოვას, მაროკოსა და ტუნისს და მიზნად ისახავს ახალგაზრდა დემოკრატთა საერთაშორისო ქსელის შექმნას მრავალპარტიული და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემების გასაძლიერებლად.

2019 წლის 11-14 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD) ხმელთაშუა და საერთაშორისო სწავლებების ცენტრთან (CEMI) თანამშრომლობით ტუნისიდან პოლიტიკურ დელეგაციას უმასპინძლა.