ტრენინგი რესპუბლიკელებისთვის შიდა-პარტიული დემოკრატიის შესახებ

2015 წლის 19-20 დეკემბერს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ორგანიზებით, საქართველოს რესპუბლიკური პარტიისთვის შიდა-პარტიული დემოკრატიის შესახებ ტრენიგი გაიმართა. შეხვედრის ფასილიტატორი, ჰოლანდიიდან მოწვეული ტრენერი ბატონი დენის ჰესელინგი იყო. ბატონ ჰესელინგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში და სხვადასხვა თანამდებობა ეკავა პარტია D66-ში. მას შიდა-პარტიულ დემოკრატიასთან დაკავშირებით ტრენინგები ჩაუტარებია მალიში, სამხრეთ სუდანში, უგანდაში, ბურუნდიში, კენიასა და სამხრეთ აფრიკაში.

ორდღიან ტრენინგს რესპუბლიკური პარტიის ათი ლიდერი ესწრებოდა. ტრენინგის მთავარ მიზანს შიდა-პარტიულ დემოკრატიასა და პარტია D66-ის გამოცდილების შესახებ მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით, ტრენინგის მოდული სამ ძირითად საკითხს დაეთმო – შიდა-პარტიული არჩევნები, პარტიის წევრთა სამოტივაციო სისტემები და არჩევნებში კანდიდატთა წარდგენის პროცედურები. აღნიშნული ორი დღის მანძილზე, რესპუბლიკური პარტიის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სამუშაოებში და იმსჯელეს შიდა-პარტიული დემოკრატიის გაძლიერების კუთხით არსებულ პრობლემებსა და შიდა-პარტიულ პროცედურებზე.

ტრენინგების, სემინარების, კვლევებისა და კონსულტაციების ორგანიზებით NIMD-ის პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების შიდა პარტიული ანალიზის, ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფორმირებას. პარტიების გაძლიერებით, NIMD ხელს უწყობს ძლიერი, მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას, რაც მრავალპარტიული დემოკრატიის საწინდარია.