ტრენინგები პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებისათვის

2014 წლის 17-19 მაისს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობის თემატიკაზე პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს ტრენინგები ჩაუტარდათ. ტრენინგების ციკლი ორ ნაკადად ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ჩატარდა და მასში სულ 120 კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგების მოდული ბატონ დავით მელუას, გიორგი აბაშიშვილის და ირაკლი ლექვინაძეს მიერ იქნა შემუშავებული და მიზნად ისახავდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ცოდნის გაღრმავებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში. ტრენინგების მსვლელობისას განხილულ იქნა შემდეგი თემები: თვითმმართველობის არსი და დეცენტრალიზაციის ტიპები, თვითმმართველობის ფუნქციები და უფლებამოსილებები, საკრებულოების მუშაობის საერთო წესი, თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის ფორმირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონება, სახელმწიფო კონტროლი, საარჩევნო კოდექსის სიახლეები, ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

ტრენინგების, სემინარების, კვლევებისა და კონსულტაციების ორგანიზებით NIMD-ის პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციული ანალიზის, ინსტიტუციონალური და ფართოდ მიღებული ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფორმირებას.