სამხრეთ კავკასიის საარჩევნო ტექნოლოგიების ფორუმი

2013 წლის 3-4 ივლისს, ბათუმში,  ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით (NIMD), საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერითა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, გაიმართა სამხრეთ კავკასიის საარჩევნო ტექნოლოგიების ფორუმი.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიებისა და აზერბაიჯანის საარჩევნო სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოს წამყვანი საარჩევნო ტექნოლოგიური კომპანიები – Dominion Voting Systems, Scytl და Smartmatic, რომლებმაც საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. ღონისძიებაში, აგრეთვე მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი  და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

ფორუმი მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებსა და დაინტერესებულ პირებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე ცოდნისა და გამოცდილების გაცნობას.

ღონისძიებაზე თითოეული ქვეყნის დელეგატები  სიტყვით გამოვიდნენ: სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ქვეყნის საარჩევნო სისტემა  ორი უკანასკნელი  არჩევნების მაგალითზე მიმოიხილეს. რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, მათ ახლადშემუშავებული საარჩევნო პროცესის მართვის სისტემა წარმოადგინეს, რომელიც საარჩევნო ოლქებში კომუკინაციისთვის გამოიყენება. სისტემა აგროვებს სტატისტიკურ მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ და იღებს პირველად შედეგებს. აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს.

ფორუმის მეორე სხდომა საარჩევნო ტექნოლოგიური კომპანიების პრეზენტაციებს დაეთმო, რომლებმაც თავიანთი პროდუქცია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ფორუმის მონაწილეებს გაუზიარეს. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა პირადად გამოეცადა საარჩევნო ხმის მიცემის აპარატები. შეხვედრამ დისკუსიის ფონზე ჩაიარა. ღონისძიების დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს შორის  არაფორმალური შეხვედრები გაიმართა.