სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების მცდელობა: როგორ იყენებს საქართველოს მთავრობა რუსულ ნეოსაბჭოთა ტაქტიკას

სტრატეგიული ნარატივის პოლიტიკა

სტრატეგიული ნარატივის (გეგმის) პოლიტიკა პოლიტიკური კომუნიკაციის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც გულისხმობს ისტორიის თხრობისა და ჩარჩოების თეორიის (framing theory) მიზნობრივ გამოყენებას პოლიტიკურ კომუნიკაციაში.

სტრატეგიული ნარატივის ფარგლებში ჩვენ ვქმნით საზოგადოებისთვის დამაჯერებელ ისტორიასა, რომელიც ან შექმნის ან გაამყარებს უკვე არსებულ დამოკიდებულებებს. Საბოლოო მიზანი კი, ნარატივის შემქმნელის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენა და მხარდაჭერის მოპოვებაა.

სტრატეგიული ნარატივის შექმნა და გავრცელება ერთ-ერთი მეთოდია პოლიტიკოსებისთვის (და სხვა აქტორებისთვის), რათა გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე და შეცვალონ ადამიანების ქცევა.

ნარატიულ პოლიტიკაში, პოლიტიკოსებმა შეიძლება გამოიყენონ თხრობის სხვადასხვა ტექნიკა, როგორიცაა გმირების და ბოროტმოქმედების შექმნა, მეტაფორებისა და ანალოგიების გამოყენება და კულტურული ცნობების და სიმბოლოების ჩართვა. მიზანია შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ეხმიანება ხალხის ღირებულებებსა და რწმენას და მოუწოდებს მათ, იმოქმედონ ან მხარი დაუჭირონ კონკრეტულ პოლიტიკურ დღის წესრიგს.

სანამ თეორიის ნაწილი ძალიან გამიგრძელდა, ორ მაგალითს მოვიყვან.

რუსეთის დიდების აღორძინებადაჯვარცმული ბავშვი

ნარატიული პოლიტიკის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ “რუსული დიდების აღორძინების” ისტორია, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკაში მოსვლისთანავე დაიწყო. ნარატივი ხაზს უსვამს იმ აზრს, რომ რუსეთი დასავლეთის მიერ ისტორიულად იყო ჩაგრული და მარგინალიზებული და რომ პუტინის ხელმძღვანელობით აღდგა რუსეთის, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს სტატუსი.  ეს ნარატივი ასევე ხაზს უსვამს რუსეთის ისტორიული და კულტურული ტრადიციების მნიშვნელობას და ხელს უწყობს რუსეთის, როგორც უნიკალური ცივილიზაციის ხედვას, თავისი განსხვავებული ღირებულებებითა და ინტერესებით.

ეს ნარატივი ასევე გამოიყენება არაერთი პოლიტიკური გადაწყვეტილების გასამართლებად, როგორიცაა ყირიმის ანექსია. ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, განსხვავებული აზრისა და ოპოზიციის ჩასახშობად და კონსერვატიული, ტრადიციონალისტური დღის წესრიგის გასაძლიერებლად.

ამ ნარატივის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ იგი ემყარება ისტორიის შერჩევით და დამახინჯებულ ანალიზს და გამოიყენება ავტორიტარიზმისა და აგრესიული საგარეო პოლიტიკის გასამართლებლად. თუმცა, ნარატივი ბევრ რუსს ეხმიანება, რომლებიც საბჭოთა ეპოქისადმი სიამაყისა და ნოსტალგიის გრძნობას განიცდიან და რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ დასავლური სტილის დემოკრატიასა და ლიბერალიზმს.

როდესაც ვსაუბრობთ ნარატივის პოლიტიკაზე, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს. გარკვეული აზრი ან უკვე უნდა არსებობდეს საზოგადოებაში, რომელიც გაძლიერებასაც ვუწყობთ ხელს. ან უნდა შევქმნათ ახალი დამოკიდებულებები, რომელსაც ეტაპობრივად გავაძლიერებთ.

2014 წლიდან მოყოლებული რუსული მედია ბევრ ყალბ ამბავს აშუქებს უკრაინასთან დაკავშირებით. თუმცა, გამოგონილი ისტორიებიდან ყველაზე ხშირად განხილვადი მაგალითი “ჯვარცმული ბავშვის” ისტორიაა.

რუსეთის “პირველ არხზე” გავიდა სიუჟეტი სადაც ქალბატონი ჰყვება, უკრაინელმა ჯარისკაცებმა დედის თვალწინ როგორ მოკლეს სამი წლის ბავშვი. მთელი სიუჟეტის განმავლობაში უკრაინელი ჯარისკაცები ბევრჯერ მოიხსენიეს, როგორც “ფაშისტები” და “ჯალათები”.

ეს ისტორია თავიდან ბოლომდე შეთხზულია და მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა – მოეხდინა ფსიქოლოგიური ზეგავლენა საზოგადოებაზე.

“ნეოსაბჭოთა მედიის” მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ამ ისტორიის მიზანი არასდროს ყოფილა მაყურებლის დარწმუნება ისტორიის სიმართლეში და იმაში რომ ის ნამდვილად მოხდა. ამ სიუჟეტის მიზანი უკვე ღრმად ფესვ გამდგარი და დამკვიდრებული წარმოდგენების გაძლიერება იყო.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება და “ბოროტების დამარცხება” რუსებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო მოვლენაა, რომელიც მათ იმპერიალისტურ მისწრაფებებს აძლიერებს და რუსული ზესახელმწიფოს არსებობის წარმოდგენებს აძლიერებს. სწორედ მეორე მსოფლიო ომი უკავშირდება მათთვის “ფაშისტურ ტერორს” და სისასტიკეს. შესაბამისად, ვინმეს „ფაშისტად“ მოხსენიება ავტომატურად ძლიერ ნეგატიურ ემოციურ რეაქციებს და დამოკიდებულებებს იწვევს. “პირველი არხის” ჟურნალისტის სიუჟეტის (“ჯვარცმული ბავშვის”) მიზანი, უპირველეს ყოვლისა, უკრაინელებისკენ უარყოფითი ემოციების მიმართვა იყო და ასევე, გაექრო საზღვარი არარეალურსა და რეალურს შორის. გაეჩინა ეჭვი, ეს ამბავი მოხდა? თუ არ მოხდა?[1]

ამ ახალი პროპაგანდის მიზანია არა ვინმეს დარწმუნება, არამედ მაყურებელში დამოკიდებულების, ყურადღების გადატანის, პასიურობის, პარანოიის გამოწვევა და ქმედების სურვილის ჩაცხრობა.[2]

უკრაინელების ფაშისტებად მოხსენიება წლების განმავლობაში გრძელდება და მხოლოდ 2014 წელს არ დასრულებულა. 2022 წელს, როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა უკრაინაზე, მხოლოდ ერთი სიტყვა მესმოდა რუსულ მედიაში – “ფაშისტები”.  Რომ დავფიქრდეთ, თუ წლების განმავლობაში ყველა საინფორმაციო არხიდან ადამიანებს ესმით უკრაინელების ერთი შეფასება – “ფაშისტები”, სიტყვა, რომელიც მათთვის მხოლოდ ბოროტებასთან და ტერორთან ასოცირდება, ის ხომ განწყობებზე აუცილებლად აისახება? შედეგად კი ვიღებთ გამართლებული ომის დაწყებასა და  ხელისუფლების მხარდაჭერას.

ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, როდესაც ერთი და იგივე სიტყვა ხშირად გვესმის ის აუცილებლად გვამახსოვრდება. თუ ეს ერთი სიტყვა, რომელიმე კონკრეტული ჯგუფის შეფასებისთვის გამოიყენება, ის აუცილებლად ილექება ჩვენს გონებაში და ხშირად უნებლიედაც კი გამოვიყენებთ ხოლმე. ამის მაგალითი ქართულ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც ძალიან ბევრია, თუმცა, წარსულის ანალიზზე სანამ გადავალთ დღევანდელ რეალობას შევხედოთ.

“უცხოური გავლენის აგენტი” – ანუ  “უცხოეთის აგენტი”

რას ნიშნავს უცხოური გავლენის აგენტი, რა საფრთხეებს უქმნის ის საქართველოს განვითარებასა თუ მის დასავლურ მისწრაფებებს, ეს ამ ბლოგის განხილვის თემა არ არის. Ჩემი განხილვის თემა, მისი როგორც სტრატეგიული ნარატივის მიზანი და საზოგადოებრივ დისკურსში თავის დამკვიდრების საფრთხეა.

თუ დავუფიქრდებით, თითქმის ნებისმიერი სხვა კანონი შეფასებით იარლიყს არ მოიცავს. ის პირდაპირ არ მიუთითებს ადამიანის სტატუსზე, ამ კანონის დარეგისტრირების შემდეგ კი, მხოლოდ ერთი სიტყვა გვესმის – “აგენტები”.

და რა მნიშვნელობა აქვს ქართულ მენტალიტეტში ამ სიტყვას? Რა დამოკიდებულებები და ემოციებია მის მიმართ? – მსუბუქად, რომ ვთქვათ უარყოფითი.  ამ სიტყვის თვითონ, როგორც მისი განმარტება უკვე ნეგატიურია და წარმოდგენა იქმნება, რომ ერთი საუბარია “ჯაშუშზე”, და მეორე ეს არის პირი, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ფარული გავლენისთვის და საზოგადოებრივი აზრზე ზემოქმედებისთვის.

ჩემი აზრით, ამ კანონს მიიღებს თუ არა ხელისუფლება, ერთი საკითხია. მეორე კი სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ადამიანების კიდევ უფრო მარგინალიზება, ღირსების შელახვა და მათი სტატუსის დისკრედიტაციაა. ამ ნარატივის შექმნა დღეს არ დაწყებულა და უკვე წლების განმავლობაში მიმდინარეობს. საზოგადოების ცნობიერებაში დიდი ხანია ცდილობენ დალექონ და დაამცირონ, ის ადამიანები, რომლებმაც წლების განმავლობაში ცხოვრება შესწირეს თავიანთი ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. სწორედ ასეთი მშრომელი, პატრიოტი და თავდადებული ადამიანების მიმართ გამოიყენებდნენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “სოროსელი”, “NGO-შნიკი”, “ფულის მფლანგველი” და ა.შ.  ყველა არგუმენტი, რომელიც მათი საქმიანობის წინააღმდეგ გამოიყენება, არ შეესაბამება სიმართლეს და ყველანაირ არგუმენტს არის მოკლებული.

დავიწყოთ “გამჭვირვალობით”

ერთ-ერთი ბრალდება საქმიანობის გაუმჭვირვალობაა. Რაც აბსოლუტური სიცრუეა. თითოეული ორგანიზაცია დარეგისტრირებულია, იხდის გადასახადებს, პასუხისმგებელია, როგორც დონორთან, ისე საქართველოს კანონის წინაშე. ყველა ორგანიზაციის საქმიანობის წლიური ანგარიში, დაფინანსებები და ხარჯთაღრიცხვა გამოქვეყნებულია ვებგვერდზე. თუ გამოქვეყნებული არ არის, შეგიძლიათ მოითხოვოთ და გამოგიგზავნიან.

ეს კანონი თითქოს არ ეხება ყველას

ეს კანონი ეხება აბსოლუტურად ყველას, იმიტომ რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ ყველა მიმართულებით. ეს კანონი შეეხება: ასიათასობით ბავშვს, ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, დევნილებს, უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს, უსახლკარო ადამიანებს, მოხუცებს, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს, სტუდენტებს და ა.შ.  თუ ამ ქვეყანაში რამე კარგი კეთდება, ეს მხოლოდ უცხოური ფონდების და დაფინანსების წყალობით კეთდება. ეს არის სამწუხარო რეალობა, მაგრამ ჭეშმარიტება.

მთავრობამ ამტკიცებს, რომ კანონი აუცილებელია საქართველოს საქმეებში საგარეო ჩარევის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე მოქმედებენ მკაცრი რეგულაციებისა და ზედამხედველობის ქვეშ და შემოთავაზებული კანონი ბევრად სცილდება იმას, რაც აუცილებელია რეალური პრობლემების მოსაგვარებლად.

როგორ უნდა ვებრძოლოთ ქვეყნისთვის დამაზიანებელ სტრატეგიულ ნარატივს?

ტყუილთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი მექანიზმი ადამიანებისთვის სიმართლის თქმაა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იარლიყის მიკვრა ხდება მოქალაქეთა იმ გაერთიანებებზე, რომლებიც პატრიოტიზმითა და ქვეყნის სიყვარულით, დაუღალავი შრომით გამოირჩევიან. არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიერ ნაკეთები სიკეთეებს ვერ დავითვლით. თუ სურვილი აქვს ადამიანს, ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობას შეუძლია გაეცნოს მათ სოციალურ ქსელებსა თუ ვებგვერდებზე.

თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანებს იმდენი დრო და რესურსი არ აქვთ, ინდივიდუალურად გაეცნონ ყველას საქმიანობას. სწორედ ამიტომ, კონსოლიდაციაა საჭირო. გაერთიანება და კიდევ ერთხელ, საზოგადოებისთვის ჩვენება იმ ადამიანებისა, რომლებიც არასამთავრობო სექტორში არიან დასაქმებული და იმ კარგი საქმეებისა, რომლებსაც წლების განმავლობაში აკეთებენ.

და კიდევ ერთხელ, არ დავივიწყოთ, რომ

  • არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს, მხარს უჭერენ დემოკრატიას და გვეხმარებიან სოციალური საკითხების მოგვარებაში;
  • არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ გამჭვირვალედ და ანგარიშვალდებულნი არიან თავიანთი დონორების, ბენეფიციართა და ფართო საზოგადოების წინაშე;
  • მთავრობის ბრალდებები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობის შესახებ უსაფუძვლოა და წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპუტაციის შელახვის ფართო გეგმის ერთი მცდელობის ნაწილს;
  • მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვის მცდელობა;
  • საქართველოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონი „უცხოელი აგენტის“ შესახებ არის თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს;
  • კანონი უსამართლოდ მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან და არ აღიარებენ მათ მნიშვნელოვან წვლილს ქართულ საზოგადოებაში.
  • კანონი ემყარება ცრუ ნარატივს, რომელიც ასახავს სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მაშინ როცა სინამდვილეში არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობაზე.
  • კანონი არის ავტორიტარიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების დარბევის უფრო ფართო ტენდენციის ნაწილი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს მიერ მიღწეულ მიღწევებს.

 

 

 

[1] Khaldarova, I., & Pantti, M., 2016. Fake News, Journalism Practice, 10:7, 891-901.

[2] Hoskins, A. & O’Loughlin, B., 2015. Arrested war: the third phase of mediatization. Information, Communication & Society, 18(11), pp.1–19.

 

 

 

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს EECMD-ის პოზიციას. 

 

 

 

 

როგორც ცვლიან პოლიტიკოსები საზოგადოებრივ განწყობებს, რას ნიშნავს სტრატეგიული ნარატივი და რას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ ნეოსაბჭოთა სტრატეგიაზე. ამ და სხვა საკითხებზე წაიკითხეთ ირინე კურტანიძის პირად ბლოგში.