საარჩევნო კამპანიის წარმოების უნარების გაძლიერება ქალ კანდიდატებში

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მექანიზმები იყო 2012 წლის 25–27 აპრილს ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის, ცენტრალური საარჩევნნო კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ერთობლივი ღონისძიების მთავარი თემა.

25 აპრილს, მრგვალი მაგიდაზე შეკრებილმა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა ის სავარაუდო ზომები და მექანიზმები განიხილეს, რომლებიც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა მიიღონ, რათა გაზარდონ ქალთა, როგორც გადაწყვეტილების მიმღებთა მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

დისკუსიის ერთ–ერთმა მოდერატორმა, ლევან ცუცქირიძემ დამსწრე საზოგადოებას პოლიტიკის დოკუმენტის – „შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება გენდერულ ჭრილში“ მთავარი დასკვნები წარუდგინა და ხაზი გაუსვა ქალი კანდიდატების გააქტიურების მნიშვნელობას შიდა პარტიულ დონეზე.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ ODIHR) დემოკრატიული მმართველობის განყოფილების ხელმძღვანელმა მარჩინ ვალეცკიმ კი წარმოადგინა ეუთოს კვლევა – „გენდერული თანასწორობა არჩევით თანამდებობებზე: 6 საფეხურიანი სამოქმედო გეგმა“, რომლის მიხედვითაც, საქართველო ეუთოს ქვეყნებს შორის ბოლო ადგილზეა ქალების წარმომადგენლობის დონით პარლამენტში.

მარჩინ ვალეცკიმ იმ რამოდენიმე სავარაუდო ზომაზე ისაუბრა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება პარტიებში ქალ კანდიდატთა რაოდენობის გაზრდა. „პარტიებმა ნებაყოფლობით უნდა გააკეთონ აქცენტი ქალების წარმომადგენლობის დონეზე პარტიულ სიებში და ზოგადად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ან განავითარონ ისეთი გამჭვირვალე შიდაპარტიული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პარტიის რესურსების თანაბარ განაწილებას ქალებსა და მამაკაცებს შორის,“–დასძინა მან.
„პოლიტიკურმა პარტიები მთავარ როლს ასრულებენ არჩევით თანამდებობებზე ქალი კანდიდატების წარმომადგენლობის მხარდაჭერის საქმეში“, აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორმა ლუის ნავარომ, ყურადღება ორგანიზაციის ბოლო კვლევის იმ ნაწილზე გაამახვილა, რომელიც არჩევით თანამდებობეზე ქალი კანდიდატების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას ასახავდა.

მრგვალი მაგიდა ორდღიანი ინტენსიური სემინარით გაგრძელდა, რომელიც მიზნად ისახავდა ლიდერული უნარ–ჩვევებისა და პოლიტიკური კამპანიის წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებას ქალ კანდიდატებს შორის.