რიგით მესამე სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი

უკვე მესამე წელია, რაც ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის მასპინძლობს „სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმს“, საქართველოს პარლამენტში, ქუთაისში. 2015 წლის, 27-29 მარტს გამართული ყოველწლიური ფორუმი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ხელშეწყობით, ასევე საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით განხორციელდა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ორმოცდახუთი ახალგაზრდა პოლიტიკოსი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. ფორუმს პირველად ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უკრაინიდან. ღონისძიების დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა ლიდერები.

საპატიო სტუმრის სახით ფორუმს ესწრებოდა ბატონი შტეფან ფიულე (Štefan Füle) – ყოფილი უმაღლესი კომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოსა და სომხეთში, ბატონმა ჰანს ჰორბაჰმა.

ფორუმი, სახელწოდებით “დემოკრატიის მომავალი სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში: პოლიტიკური პარტიების როლი” მიზნად ისახავდა დისკუსიის წარმართვას შემდეგ საკითხებზე: პოლიტიკურ პარტიებს შორის რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები; გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ტენდენციების ზეგავლენა რეგიონზე; დემოკრატიზაციის პროცესის პრობლემები და განვითარება სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში; ფინანსებისა და პოლიტიკის ურთიერთმოქმედება და ამ მხრივ არსებული გამოწვევები; ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის განხორციელებისთვის გზების ძიება; შიდაპარტიული დემოკრატიის გაღრმავების მნიშვნელობა პოლიტიკური პარტიების მომავლისთვის.

გთხოვთ იხილოთ ფორუმის ანგარიში: გადმოწერა