რეგიონალური კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“

19-20 ივნისს, თბილისში გაიმართა რეგიონალური კონფერენცია სახელწოდებით „ფული პოლიტიკაში: მუდმივი გამოწვევები და საერთაშორისო პრაქტიკები აღმოსავლეთ ევროპაში“. კონფერენცია ერთობლივად იყო ორგანიზებული შემდეგი ორგანიზაციების მიერ: ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატისათვის (NIMD), საქართველოს აუდიტის სახელმწიფო სამსახური, ევროპის საბჭო (CoE), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო (TI).
კონფერენციაზე განიხილებოდა პოლიტიკაზე ფულის გავლენის საკითხი, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კონტექსტის გათვალისწინებით. ამავდროულად, კონფერენციის მიმდინარეობის მანძილზე დისკუსია შეეხებოდა ისეთ თემებს როგორიცაა პოლიტიკისადმი ნდობის საკითხი, ახალი ტექნოლოგიები და პოლიტიკური ფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროები, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის გაზრდის ფინანსური წამახალისებელი საშუალებები და არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ისევე როგორც მონაწილეებმა მიმოიხილეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის აღმოსავლეთ სამეზობლოს ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ მოდერაცია გაუწია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროების შესახებ სესიას. მომხსენებლებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიების წინაშე რეფორმირებისა და თანხების მოძიების კუთხით მდგარი გამოწვევები, ისევე როგორც მიმოიხილეს არსებული მექანიზმები და რეგულაციები, რომლებიც შეამცირებს პოლიტიკაში ფულის უარყოფით გავლენას. უკრაინელმა მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არჩევნებში ოლიგარქების უარყოფით როლსა და არსებული კანონმდებლობის პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის აუცილებლობას. მომხსენებლები შეთანხმდნენ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მიმართულებით არსებული სტატუს კვოს შეცვლისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის საჭიროებაზე.

კონფერენციას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. რეგიონალური კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“ საქართველოში უკვე მეორედ იმართება. კონფერენციის შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ სპეციალურად კონფერენციისათვის შექმნილ ვებგვერდს: www.moneyinpolitics2017.sao.ge