პოლიტიკური პარტიებისა და დემოკრატიის სკოლების მეორე ერთობლივი სემინარი

2015 წლის 12 მარტს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტმა (NIMD), პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულების მონაწილეობით რიგით მეორე ერთობლივი სემინარი მოაწყო. თემატური დისკუსიები, რომელთაც NIMD უძღვებოდა ხუთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებსა და დემოკრატიის სკოლების მსმენელებს შორის ქალაქების განვითარების თემაზე წარმართა.
შეხვედრის მთავარი ამოცანა ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეების შორის თანამშრომლობის სივრცის შექმნასა და მეორე მხრივ, ამ თანამშრომლობის პროცესის წარმართვის ხელშეწყობაში მდგომარეობს, სადაც პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები რეგიონებიდან ჩაერთვებიან პოლიტიკის შესახებ დისკუსიაში, დაამყარებენ კავშირებს და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობებს გამონახავენ.

ერთობლივი სემინარი, რომელიც გაცნობითი/შესავალი სესიისა და თემატური დისკუსიის რამდენიმე ბლოკს მოიცავდა, „ჩეთემ ჰაუსის“ წესით წარიმართა. შეხვედრის პირველი ნაწილი პოლიტიკური პარტიის წარმომდგენლების მიერ ურბანული განვითარების ზოგადი ხედვის შესახებ საუბარს დაეთმო. შემდეგ ბლოკებში კი ოთხი ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ მსჯელობით გაგრძელდა. თელავის, გორის, ქუთაისისა და ბათუმისა დემოკრატიის სკოლების წარმომადგენლებმა თავიანთი ქალაქების განვითარების პრობლემატიკაზე ქალაქ დაგეგმარების, ტრანსპორტის, მწვანე სივრცეებისა და ნარჩენების მართვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქცენტი გააკეთეს წამოჭრილი პრობლემის მოგვარების მიზნით მათი პარტიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და მსმენელებს მომავალში გასატარებელი პოლიტიკის და ამ გზაზე არსებული შესაძლო გამოწვევების შესახებ თავიანთი ხედვა გააცნეს.

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) 2011 წლიდან დღემდე, საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს დემოკრატიის განათლების პროგრამას, რაც სამოქალაქო განათლების ინტენსიური კურსის მეშვეობით აქტიური მოქალაქეობის ხელშეწყობასა და განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიის სკოლები ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, წარმატებული სტუდენტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების რეგიონული აქტივისტებისთვისაა განკუთვნილი.