პოლიტიკური დიალოგის ფორმატის მესამე შეხვედრები დემოკრატიის სკოლებში

იანვარში, EECMD-ის ინიციატივით, საქართველოს ხუთ ქალაქში პოლიტიკური დიალოგის ფორმატის რიგით მესამე შეხვედრები გაიმართა. დისკუსიების თემები იმ პოლიტიკის დოკუმენტებს დაეყრდნო, რომლებიც პროექტ DRIVE Democracy-ს ფარგლებში მოწვეულმა ექსპერტებმა მოამზადეს. ონლაინ ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები და DRIVE Democracy-ს სამუშაო ჯგუფების წევრები. ზოგიერთ ქალაქში შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

თბილისსა და ბათუმში გამართულ შეხვედრებზე პანდემიისას ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები განიხილეს რეგიონალურ დონეზე. განხილვას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის ექსპერტის, ნინო მირზიკაშვილის დოკუმენტი – “ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები საქართველოში მუნიციპალურ დონეზე COVID-19-ის პანდემიის დროს”.

ექსპერტმა ისაუბრა მსოფლიოსა და საქართველოში ვირუსის გავრცელების ეტაპებზე, უახლეს სტატისტიკაზე, COVID-19-ის მსგავს წარსულ ინფექციებსა და მათთან გამკლავების გამოცდილებაზე. Შემდეგ კი იმ იურიდიულ ჩარჩოზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პანდემიის დროს უნდა იყოს დაცული. Ხაზი გაუსვა თვითმმართველობების როლს და ვალდებულებებს მსგავს სიტუაციაში, ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების მნიშვნელობას.

დოკუმენტში მოყვანილი რეკომენდაციებიც სწორედ რეგიონულ დონეზე სიტუაციის გაუმჯობესებას შეეხებოდა და ჯანდაცვის მუნიციპალური სამსახურების გაძლიერებაზე ამახვილებდა ყურადღებას – მათი ფუნქციების გაზრდა და როლის გაძლიერება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და პერსონალის გადამზადება. ასევე, რეკომენდაციები შეეხებოდა პანდემიის პერიოდში მულტისექტორული მუშაობის მნიშვნელობასა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხარისხს.

ორივე ქალაქში დისკუსიისას საინტერესო შეკითხვები დაისვა. მაგალითად, თუ რამდენად სწორია, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, საწყის ეტაპზე ვაქცინაცია მხოლოდ რისკის ჯგუფებისთვის და არა დასაქმებული მოსახლეობისთვის? რეალურია თუ არა მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელიც მოიცავს სრულ ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის  შესახებ? საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები უნდა დარჩეს მუნიციპალიტეტების მმართველობაში, თუ უნდა დაუბრუნდეს ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯმენტს? და სხვა. შეკითხვებს ექსპერტმა და მოწვეული პარტიების წარმომადგენლებმა უპასუხეს.

გორსა და ქუთაისში დისკუსია წარიმართა კოკა კიღურაძის  პოლიტიკის დოკუმენტის ირგვლივ – “ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის თანამედროვე გამოწვევები” და განხილული იქნა რეგიონალურ დონეზე მოქალაქეების ჩართულობის პრობლემები.

დოკუმენტის ავტორმა ისაუბრა კარგი მმართველობის მთავარ პრინციპზე – გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობაზე და განიხილა ამ მხრივ არსებული გამოწვევები COVID -19 პანდემიის დროს. მისი თქმით, კარგი მმართველობა თავისთავად ქმნის მოქალაქეთა მონაწილეობის საფუძველს, შეიმუშავებს ინსტრუმენტებს და ამის ინსტიტუციონალიზაციას ახდენს. მან ასევე ისაუბრა ქართულ პოლიტიკაში გაუცხოების პრობლემაზე, როცა პოლიტიკოსები დაშორებული და განცალკევებულია საზოგადოებისგან, მოქალაქეების პოლიტიკაში მონაწილეობა კი შემოიფარგლება არჩევნებით. მოქალაქეთა მონაწილეობის პოზიტიური მაგალითებიც იყო ექსპერტის პრეზენტაციის ნაწილი, თუმცა, აქვე ითქვა, რომ პრობლემები უფრო მეტია. მაგალითად, როგორიცაა მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონე, ინტერნეტიზაციის პრობლემა, პოლიტიკური ნება და სხვა. კოკა კიღურაძე რეკომენდაციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის მომავალი ციფრულია, რაც გააუმჯობესებს მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხსაც.

აუდიტორიაში ასევე დაისვა შეკითხვები, იმაზე, თუ რამდენად განსხვავდება თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესი დიდ და პატარა ქალაქებში; რამ განაპირობა ბოლო პერიოდში მოქალაქეთა მონაწილეობის სტატისტიკის შემცირება და სხვა.

თელავში გამართული პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრაზე კი გენდერული ბიუჯეტირების გამოწვევები განიხილეს, პროექტ DRIVE Democracy-ს ექსპერტის, შორენა კახიძის დოკუმენტზე – “გენდერული ბიუჯეტირების გამოწვევები საქართველოში მუნიციპალურ დონეზე” დაყრდნობით.

ექსპერტმა თავის მოხსენებაში წარმოადგინა კვლევის ძირითადი მიგნებები, შეეხო გენდერული ბიუჯეტირების ასპექტებს კანონმდებლობაში და ამ მხრივ მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. რეკომენდაციებით კი ამ პრობლემებთან გამკლავების გზებსა და რეგიონებში გენდერული ბიუჯეტირების დახვეწის მექანიზმების შემოღებაზე მიუთითა.

ხუთივე შეხვედრა EECMD-ის ორი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა – “DRIVE Democracy: რეგიონული ინფორმაციის განვითარება და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის” და “დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში”.

 

იანვარში, EECMD-ის ინიციატივით, საქართველოს ხუთ ქალაქში პოლიტიკური დიალოგის ფორმატის რიგით მესამე შეხვედრები გაიმართა.